ნაწარმოებები



ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2021


..................

დაანთე “წმინდა კოცონი”,
სად “ერგეაშვას” მღერიან.
უცხო ამბები მიამბე
ირმებზე, იერემია..

მე ხომ სიჩუმეს შევები.
მე ხომ თვალები დავხუჭე.
მაინც მიღლიან შევერცხლილ
სულში სიმშვიდის თავთუხებს.

ღმერთიც მომპარეს, აღთქმაც და
ჩემი ჯვარცმული მიწებიც.
ჰგონიათ მომკლეს.
მმარხავენ.
მაგრამ სხვა გზებით ვიწყები.

სად მტრედისფერი ნისლი და
სამურზაყანოს ზვრებია.
სადაც ყვირილი ისმოდა
ირმების, იერემია..

სადაც ბინადრობს ქორბუდა,
თვალცრემლიანი ტყის სული.
მეც იმ გზებისკენ შევბრუნდი.
მეც ის სიმშვიდე ვისურვე.

ქარი, რომ ზღვებს ააღელვებს.
ქარი, რომ აფრებს ჩაძირავს,
ვუმღერებ, მეც, “სალაღობოს”
მთებში აფრენილ არწივებს.

დამინთე “წმინდა კოცონი”.
კვლავ “ერგეაშვას” მღერიან.
მე ჩემსას გეტყვი, სიზმრების
ირმებზე, იერემია-

ნუშის ყვავილის თოვაში
აკვნები, რომ ირწევიან.
ისევ ბავშვობა მეძახის.
ისევ, მელიტა ბებია.

და მიხტის თეთრი ირემი,
მაყვლის გაუვალ ბარდებში.
ეს არის ჩემი სიმღერა-
სისხლისყივილით ნამღერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები