ნაწარმოებები



ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2021


მზის აკვარელი (პოემა)


ხანდახან ვფიქრობ-ბედნიერება
არჩევანია და არა ხვედრი.
უსამართლოა, თუ კი წერია,
რომ ბედი არის - რომ იყოს გვერდით.
სწორედ ის სული, ვინც  კი შეგავსებს,
ვინც ამოგიშრობს თვალებში ჭაობს
თუკი წერია სადმე ამის შესახებ
უსამართლოა და დარდიც ჭარბობს-
რომ, იქნებ, შენ ხარ მარტოობისთვის
შექმნილი კაცი და აღარ იცი
როგორც მყინვარმა,
თუ სად წახვიდე შენი ჭაღარით
და დგახარ მარტო, გცივა, მოიწყენ.
გამოცდილება მხრებზე დაგათოვს .
უსიერ ნისლებს მოიწყობ იქვე
საკუთარ სულში, მერე მოვლილი
გამარტოება  დაგენანება.
ვეღარა დათმობ სივრცეს შენს ირგვლივ,
სადაც დეკემბრის სუსსხსაც შეირგებ
და ისევ დგახარ - მარტო, როგორც ტიტანი
მხოლოდ გარედან…
სული კი თითქოს
მოხუცის წელის ალეგორია,
მოიზნიქება მიწისკენ, ვითომ
სიკვდილს აჯავრებს - დაელოდება
მის მოსვლას, ჰოდა, უსამართლოა
ყოველი ბედი, კარმა… რადგანაც
ვფიქრობ ,თავად ქმნი მომდევნო კიბეს,
რომლითაც ალბათ ცაში ადიხარ,
როგორც აპრილში ნუში ბარდნიდა
იმ თეთრ ყვავილებს, ქალს რომ უხდება
ხვეულ თმაში და
განცდებიც ისმის…
ადამიანებს ისე უხდება, ისე ადიდებს
იმედი იმის,
რომ მოკვდავი ხარ, მაგრამ თავად ქმნი...
რომ წილნაყარი ხარ ღმერთთან, რადგან
ფიქრობ, გადაწყვეტ და ყველა ჩქამი
რაც კი გაისმა შიშის მაგვარი
პირობითია...
თითქოს ლაგვანი
შენი სიცოცხლის ივსება ისე,
როგორც ალუბლის წვენით ქილები,
გავარვარებულ ქვაბში რომ ხარშავს
ბებო, იმედით-შვილიშვილების.
ამიტომ, ვფიქრობ, უსამართლოა
თუკი წერია, რომ მე ვერ  შევქმნი
საკუთარ თავს და მომავალს კიდევ...
მე ბევრი ვნახე და დიდიც მიდევს
გზა გასავლელი. სანამ ჩემს კიბეს ავალ ბოლომდე
იქ კი ღმერთია - სავსე სიმართლით.
თვალს გადმოვავლებთ ყველა საფეხურს
რაც კი შევქმენით...
შევხედავ ღმერთსაც დიდი ვედრებით
და იყოს ასე -
შესაბამისად ჩემი ქმედების!
ამიტომ არის - ვშიშობ ნაკლებად
სიკვდილზე, რადგან მე მიყვარს ღმერთი!
როგორც პლაჟზე ზღვის მარილს ვიშრობთ,
ასეთი არის ცხოვრება ერთი,
სადაც მარილი უფრო ცოდვაა,
მაგრამ, ასევე, კამკამა წყლითაც
ჩვენ მერე ვიწმენდთ სხეულს სრულიად,
უბრალოდ, გვიჭირს აღიარება,
რომ ღმერთი გვიცავს,
რომ სულს უვლიან
ისე უჩუმრად, ისე სინაზით,
თითქოს ავდივართ ჩვენ  ჩვენს სინაზე
და ღმერთი მოდის, მცნებებით ხელში,
მაგრამ რთულია ასეთი რწმენა - ზეცამდე ძაფი.
ადამიანებს არ გვაქვს შეგრძნება
ისეთი მძაფრი,
რომ არ ვიდარდოთ,
არ შეგვიჭამოს გულები შიშმა
და მერე თითქოს გამოქვაბული,
პრეისტორიულ ეპოქის მომსწრე,
თავის ბზარებით, ნესტით, წუხილით...
ჩვენი გულები ელიან მომსვლელს,
ალბათ ჩირაღდნით,
რომ გაანათოს იქაურობა
და ღამურებმაც  ბუდე იცვალონ.
ჩვენ ხალხში ვეძებთ ამდაგვარ ძალას,
მაგრამ არ ვიცით ადამიანი
არ არის ასე - უფრო სუსტია.
მას ხომ ტკივილმა ბევრჯერ უწია
და რაოდენაც არ გვსურდეს გულით
სხვის გამოქვაბულს ჩვენ ვერ მოვუვლით,
მხოლოდ მცდელობა იქნება, თითქოს
ნესტით გაჟღენთილ კედლებს მოვხატავთ
ათასფერებით გვირილის ბაღის
და მერე ხდება, დაგვრჩება დამღად
თითო ნახატი...
გამოქვაბულში მოჟონავს წყალი -
ვერგადმოსული თვალიდან ცრემლი,
რომელიც კედლებს თანდათან წაშლის
და გვავიწყდება, რომ ხდება ხოლმე,
ამაო არის ყოველი გარჯა,
რადგან აკვარელს თითქოსდა დარჩა
მხატვრის სუნი და დიდი განცდები.
მერე მოიწყენ, შიშობ, გაცდები
ასე უსაქმოდ...
რომ ხატავ კედლებს - სხვის გამოქვაბულს
და საკუთარი გენგრევა თავზე,
მაგრამ აქ არის სწორედ სიმართლე -
შენი არსება სხვისკენ მიმართე,
ეს სიკეთეა, რადგან ცდილობდი
რომ იქ, მღვიმეში, მოგეწყო ისე
რომ იქვე მდგარი, მდუმარე ღმერთი
თავის სიმშვიდით, თავის სინაზით, შემოსულიყო...
მაგრამ არ გვჯერა,
რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ზემოხსენებულს...
ადამიანი არ არის ხე, რომ
სხვამ გაახაროს, წყალი დაუსხას.
ის თავად ირჩევს ყოველწამიერ
მეტამორფოზას,
ან რჩება ისევ
ნესტსა და ხავსში,
ან იწყებს ხატვას...
და ვაღიარებ, ნეტავ მცოდნოდა,
რომ ასე არის.
რამდენ დანაკარგს, რამდენ წუხილს ავირიდებდი?!
მაგრამ, სიმართლეც სწორედ აქ არის... (გავიმეორებ )
ის ღამეები, როცა აკვარელს
შეუსვენებლივ ვუსვამდი კედლებს,
როცა თითების მტვრევას ვიწყებდი,
როცა დაღლამდე მდიოდა განცდა
და ვერ გამიგეს, გამინაწყენდნენ
და საბოლოოდ დარდი რომ წამსკდა
მე წავიქეცი...
იქ, სხვის გულებში,
ვხედავდი როგორ შლიდა ჩემს ფრესკებს
ვერგადმოსული ცრემლი თვალიდან
და ასე იცის, გროვდება დარდი...
იმ ღვიმეებში ტანჯვა ადიდდა...
და სანამ დროა უნდა წახვიდე.
არა ყვირილით, უმადურობით,
არამედ ფიქრით და მშვიდი სახით,
რომ მოგვცეს გული და შედეგად დროც კი,
რომ თუნდაც მცირე ბედნიერება,
გვირილის ფერი, იქ დაგეთესა.
მე არ ვამტყუნებ ადამიანებს.
მეც ასეთი ვარ და ბოდიშს ვიხდი...
მხოლოდ სიზმარებში ვხედავ მათ ხელებს:
გაჭრილ შეგრძნებებს სისხლი სდიოდა,
წითელი ფერიც უფრო ჭარბია...
და ბოდიშს ვიხდი... თუმცა მდუმარედ,
მხოლოდ მზერაში - ღრმა და დარდიან...
ჩანს ეს წუხილი...
მე ახლა როგორც აი ის ნაძვი ,
აივანთან რომ მიცდის წლებია,
თითქოს სათქმელიც უფრო გაძვირდა,
დგას მდუმარედ და მხოლოდ შეგრძნებით
ვხვდები, რომ უნდა ეზოს ამბები
მომიყვეს ისე ერთბაშად, რადგან
არავინ არის იმის წამღები,
რაც მის  მერქანში დაულექია
ათას ოცნებას, წვიმებს და ნამწვავს,
რომელიც ალბათ მეც კი მივადე...
ჰოდა ასეა, ჩემო მკითხველო,
ვწერ ამ სტრიქონებს...
ადამიანი, დიახ, სუსტია,
მაგრამ ყოველი თავად  წყვეტს ბედსაც,
თავად აშენებს სიცოცხლის კიბეს
და ბოლოს კვდება, თუმცა, მე ვფიქრობ,
რომ ეს სიკვდილიც პირობითია,
რადგან ჩვენ ვწუხვართ, გვტკივა, განვიცდით -
როგორც მაისის წვიმის წვეთები,
დავენარცხებით მოუვლელ ასფალტს,
ხანდახან ცეცხლი - ისე ვენთებით,
თითქოს ბუხარში შეასხეს ნავთი
და ისიც ვიცით, ვგავართ გრიგალებს,
ერთბაშად ვღმუით, მანამდე არ  ვთქვით...
და საბოლოოდ ვიქცევით მიწად
და ვიმეორებ უსამართლოა,
თუ კი  ეს მიწა არის ფინალი!
მე მიმაჩნია, როგორც კარგ მკითხველს,
რომ ფინალია სწორედ მშვენება-ნაწარმოების...
ახლა დილაა-მესმის გალობა.
გამოზამთრებულ ჩიტების გულის.
ემოციები დადებითია და მიუხედავად
ბევრი კორპუსის - ეჩხირებიან მზერას, თუმცა კი
მშვენიერია დილა, სამყარო და ისევ განცდა,
რომ არის ღმერთი,
ის ძვირფაია ალბათ მამაზეც,
რომელიც არ მყავს, მასთან წავიდა...
ალბათ ვუყვარვართ ისე ლამაზად...
ალბათ ყოველდღე გვდარდობს თავიდან...

04.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები