ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2021


ერთი ცა გვაქვს, ერთი მიწა

შენი მორდუ - აფხაზია,
ჩემი მორდუ - ქართველი,
ორივ ერთად - ბედიაში
დანთებული სანთელი.

ჰაი გიდი! ძიძიშვილებს
სევდას ვამჩნევ თვალებში,
მსურს ვუმღერდე მიწის შვილებს
ემხვარების მხარეში.

ერთი ცა გვაქვს, ერთი მიწა,
მიწა მოჭირნახულე,
დავუკოცნი ცრემლებს რიწას,
როცა მოვინახულებ.

თუმც გაგვთიშა ბედისწერამ,
გული მღერის ,,ვარადას“,
ცა მიკითხავს სევდის მწერალს
სიყვარულის ბალადას.

კვლავ მინთია კელაპტრები,
რომც ჩამიქრეს მიჯრითაც,
უფალს მაინც შევავედრებ:
ტამიშს, სოხუმს, ბიჭვინთას.

შენი მორდუ - აფხაზია,
ჩემი მორდუ - ქართველი,
ორივ ერთად - ბედიაში
დანთებული სანთელი.

ჰაი გიდი! ძიძიშვილებს
სევდას ვამჩნევ თვალებში,
ლექსებს ვუწერ მიწის შვილებს
სულმოსათქმელ მხარეში.

ერთი ცა გვაქვს, ერთი მიწა,
მიწა მოჭირნახულე,
გაიხარებს ჩვენი რიწა,
როცა მოვინახულებ.

მეტი რა ვთქვა... სანუკვარი
გაზაფხულიც დადგება,
აინთება ისევ კვარი,
ქარი ისევ ჩადგება.

ღმერთმა დიდხანს გვაჯანმრთელოს,
რწმენა ნუ გაგვიქრება,
ღვთის წყალობით საქართველო
ბედნიერი იქნება.


ოთარ რურუა


2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები