ნაწარმოებები



ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
29 მარტი, 2021


ტროლეიბუსი

ტროლეიბუსი


    ტროლეიბუსი ნომერი ცხრა სადგურიდან გადის, ცირკთან ქალებს აათვალიერებს, ვარაზის ხევს აუყვება, უნივერსიტეტთან შეუხვევს, სტუდქალაქის გაჩერებას გაივლის და ვაკის სასაფლაოსთან ამთავრებს თავის გზამოკლე და ხანგრძლივ მოგზაურობას.  დღეს სადგურში ვიყავი. იქ ბოლო ორლარიანი წავაგე პოკერში და რადგან ფული არ მქონდა, ფეხით კი სიარული მეზარება, მეც სტუდქალაქამდე ტროლეიბუსით წასვლა დავაპირე - მძღოლს მადლობას ვეტყვი და ჩავალ-მეთქი. ამას წინათ კი ვუთხარი უკვე მადლობა, მაგრამ იმედი მქონდა ახლა სხვა მძღოლი იქნებოდა.
ხო, სადგურში რა მინდოდა. დღეს კვირაა და ჩემი სოფლიდან მომავალ მარშუტკას, უფრო სწორად კი სოფლიდან გამოტანებულ ცოტა ფულსა და ბევრ სანოვაგეს ველოდებოდი. თუმცა ჯერ ვიღაცამ მითხრა, აგვიანებსო. მერე სხვამ - საერთოდ არ ყოფილა დღესო და ფაფუ ფული და სანოვაგე. დავითარსე რა! ის ორი ლარი მაინც არ წამეგო!
სადგური ყოველთვის სავსეა ხალხით. ზოგი ტროლეიბუსს ელოდება, ზოგი - ავტობუსს, ზოგი - ნათესავს და ზოგი - შეყვარებულს. ზოგიც არაფერს არ ელოდება. მაინც ელიან. პატრულისათვის ეს საეჭვო ხალხია. სანამ ტროლეიბუსს ველოდი, ჩემთანაც მოვიდნენ. ორნი იყვნენ.
- აქ რას აკეთებ? -  მეკითხება ერთი.
- კომენტარებს არ ვაკეთებ!  -  ვთქვი მე.
ამას წინათ ტელევიზორში ვნახე, ამერიკელები იყვნენ ჩამოსულები და ასე ეუბნებოდნენ ყველას.  „ნოუ კომენთ”. მეც იმათ მივბაძე. აბა რა კომენტარი უნდა გავაკეთო. დავიწყო მოყოლა, რომ არ ჩამოვიდა ჩემი სოფლიდან მომავალი მარშუტკა , რომ ბოლო ორლარიანი მომიგო დებილმა პოკერის ავტომატმა, რომელიც დენი რომ გაუთიშო, საერთოდ მკვდარია. მოვყვე იმას, რომ ახლა იმას ვფიქრობ, ვისგან ვისესხო ფული, რომ დღეს პური მაინც ვიყიდო.
- აბა ერთი ჯიბეები მაჩვენე! -  მეუბნება ერთი.
გიჟია ეს პატრული. რა ვანახო, ჯიბეში არაფერი მაქვს. უცებ მახსენდება, რომ ჯიბეში ჩადება იციან რაღაცეების. ვა, რა მაგარია! მე ეს არ მემუქრება, ორივე ჯიბე გახეული მაქვს. აქსიომა – დახეულ ჯიბეში ვერავინ ვერაფერს ვერ ჩაგიდებს. რა მოსდით  ამ ჯიბეებს აზრზე არ ვარ, ეტყობა იმდენად ხშირად და თან იმდენად გულდასმით ვეძებ ფულს, რომ ვეღარ მიძლებენ. მაინც არ მინდა ამათ ჩემი დახეული ჯიბეები ვაჩვენო.
- ორდერი მაჩვენე ჩხრეკის უფლება რომ გაქვს, ან სასამართლოს დადგენილება, -  გამახსენდა რომელიღაც რეკლამა, რომ სანქციის გარეშე ჩხრეკის უფლება არ აქვთ. 
- რას დგახარ აქ, საქმე არ გაქვს?  - აშკარად შეცბა.
- ტროლეიბუსს ველოდები, -  ვთქვი მე.  მივქარე.
- შენ ვის აღადავებ ბიჭო?! - მითხრა და უცებ ხელები გადამიტრიალა. მეორეც ჯიბეს მიმოწმებს. რა ნახა არ ვიტყვი, დათუთქულივით ამოიღო ხელი. გამანებეს თავი.
პატრულმა კი დამანება თავი, მაგრამ მათემატიკის ლექტორს, პროფესორ ანზორ კალისტრატეს-ძე მუხაძეს რა მოვუხერხო, ეს ვიცოდე, მეტი არაფერი მინდა. პირველკურსელი რომ გავხდი, პირველსავე დღს  გამომიძახა დაფასთან და აბა ინტეგრალი როგორ იწერებაო? მეც დავუწერე: „ინტგ”. უცებ ფერი დაეკარგა. მაღლა აწეული ულვაშები ჩამოუვარდა, სულ დაფაზე წერით მაღლა აწეული მარჯვენა მხარი უფრო აეწია, სკოლის წიგნში დახატულ სინუსოიდას თუ კოსინუსოიდას დაემგვანა და წყალი ითხოვა. კალისტრატოვიჩ, ადესას ხომ არ მიირთმევთ, გუშინ გამომიგზავნა მამაჩემმა, სულ ნაპერწკლებს ყრის-მეთქი, - შევთავაზე ალალად. წამოღებული მქონდა, მერხის ქვეშ მედგა ათ ლიტრიანი ბოცა, ლექციების მერე ბიჭებთან ერთად უნდა გვექეიფა.  „ნახალო” - მითხრა  და დაამატა, აუდიტორია დატოვეო.    ძსენი იყოს-მეთქი, ვუთხარი ნაწყენმა და  გაერთ გამოვედი.  რაღაცა რომ წაიქცა აუდიტორიაში კი გავიგე, მაგრამ რა, ვერ მივხვდი. ისე რბილად კი დაეცა. მერე დერეფანში ექთანი დავინახე, ნიშადურის სპირტიანი ფლაკონით გარბოდა, სად, არ ვიცი.
ვისწავლე ინტეგრალის წერა. ჭია რომ დაიკლაკნება ის ყოფილა, მეტი არაფერი. ამის გულისთვის როგორ მოვიმდურე ეს ბაბუის ტოლა კაცი-მეთქი და ჩავუჯექი უმაღლეს მათემატიკას. თან გარიცხვა არ მინდოდა. სოფელი, ხომ  იცით, ჭრელია. ჯერ მოწყობა გახდა სალაპარაკო, ამ ახლებური ეროვნული გამოცდების მერე - სად ქონდა ამ ბაღანას ამდენი ჭკუაო. ახლა კიდე რომ გავერიცხე, იტყოდნენ – ხო ვამბობდით აბდალიაო.  ხოდა დავიწყე სწავლა და ოფლის ღვრა. ჯგუფში ოცნი ვიყავით. გენდერული ბალანსი ცოტათი იყო დარღვეული, ცხრა ბიჭი, თერთმეტი გოგო. ბიჭებს დახმარებაზე არავის უთქვამს უარი. აბა გოგოებს ხო არ ვეტყოდი, დამეხმარეთ-მეთქი. ქალის ნასწავლი არ გაიშვა. ჰოდა იქამდე მასწავლიდნენ წარმოებულებს, დეტერმინატებს, დიფერენციალებს და ნიუტონის ბინომს, სანამ მოთმინება ჰყოფნიდათ. ეტყობა დიდხანს არ ყოფნიდათ. გამოცდაზე მისული ოთხჯერ გამომიშვა უკან კალისტრატოვიჩმა. პირველ საკითხად ყოველთვის ინტეგრალზე მაწერინებდა მაგალითს. ბოლოს რომ გამომაბრუნა, ცალ ულვაშში ჩაეცინა და ადრეა ჯერ ადრეო, დააყოლა. არადა, ბინდდებოდა  უკვე. ვუთხარი კიდეც – რაღა ადრეა, ღამდება-მეთქი.
ბედი არ გინდა? ჩემს ჯგუფელებს სიზმარში ტიტველი ქალები ესიზმრებათ, მე კი ანზორ კალისტრატეს ძე მუხაძე. ვითომ ბატონი ანზორი შემხვდა ავტობუსში, მგზავრობის გადავუხადე და გამიღიმა. ვითომ ბატონ ანზორს ხიდზე ფეხი დაუცდა, მტკვარში ჩავარდა და დახრჩობას მე გადავარჩინე და ისევ გამიღიმა. ვითომ ბატონ ანზორს ხულიგნები დახვდნენ გზაზე და ფორმულებით სავსე პორტფელს ართმევდნენ და მე  ის პორტფელი  სულ თავში ვურტყი მოძალადეებს და      ისევ მიღიმის და თან ყველა ღიმილის შემდეგ სამიანს მიწერს. არც ერთი ეს სიზმარი რომა რ ამიხცდა  ერთხელაც ვნახე. მე და ბატონი ანზორი ვითომ ჭადრაკს ვთამაშობთ. ვითამაშეთ და მომიგო.  საერთოდ სიზმრები ხოა  არ მიხდება.  ლოგიკურად გამოდიოდა, რომ თუ მართლა ვეთამაშებოდი ჭადრაკს, მოვუგებდი. ხო და თუ მოვუგებდი, ეგებ სამიანიც დამიწეროს-მეთქი. მაგრამ ჭადრაკი არ ვიცი. ერთი ჯგუფელი მყავს, ლექსო ქვია. აშკარად ეტყობა, რომ ფრიადოსანია, იმიტომ რომ სათვალეებით დადის. თან ჭადრაკში ოსტატობის კანდიდატი ვარო, ერთხელ წამოცდა. ხოდა, მისი რიგი რომ მოვიდა სამეცადინოდ, ვეუბნები, მათემატიკა არ მინდა, ჭადრაკი მასწავლე-მეთქი. ისე შემომხედა, გეგონებოდა ომის დაწყების ამბავი ვუთხარი.
- სვლები იცი?  - მეკითხება.
- არა. სამაგიეროდ დამკაში ვიცი სვლები,  - ვეუბნები მე.
- დამკა არა შაში, -  გამისწორა.
- ხო, შაში, -  გამომივიდა ეს ახლა ხასან შაში, თურქი ფეხბურთელია ერთი.
- ხო და შაში გეყოფა, შახმატი რად გინდა?  - აშკარად უარზეა.
- შახმატი არა, ჭადრაკი, - გავუსწორე ახლა მე. გაეცინა.  მერე მოვუყევი რისთვისაც მინდოდა.  ჯერ იცინა,  კალისტრატოვიჩი  ტვინითაა გატენილი, შანსი არ არის ვერ  მოუგებო.  შემ მასწავლე და მერე  მე ვიციო.    კარგი გასწავლი, ოღონდ მერე თუ მსოფლიო ჩემპიონიც გახდი მასწავლებელი  არ  დაივვიწყოო,  ყველის ვაჭარივით იკრიჭებოდა.  სამი დღე ჭადრაკს მასწავლიდა. მაგარია ეს ლექსო. სამი დღის მერე სვლები რომ მასწავლა, აბა ახლა მარტო მეფით გეთამაშები და მომიგეო. ვსდიე და ვსდიე, ხან პაიკებით მივეპარე, ხან ცხენით ჩავუხტი,  ხან ოფიცერი დავადევნე მის მეფეს. ვერ დავიჭირე. აქეთ მომიკლა ყველა. ამიშალა ნერვი და ვესროლე მერე ერთი ოფიცერი თავში. მეფეს არა, ლექსოს. ასე დამთავრდა ჭადრაკის გაკვეთილები და მსოფლიო ჩემპიონობა და . სიზმარიც სიზმრად დარჩა.
    აი ტროლეიბუსიც ჩამოდგა. ახლა კი გამიმართლა - სხვა მძღოლია. სულ ხომ არ ვიქნები დანავსული. ესე იგი ამას შეიძლება მადლობა ვუთხრა და ისე ჩავიდე. ალბათ ეს არის სწორედ ნიშანი იმისა, რომ აწი ყველაფერი კარგად იქნება: ამის შემდეგ დროულად მოვა მარშუტკა, არ წავაგებ ფულს პოკერში და იქნებ გამოცდაც ჩავაბარო. ავდივარ. ტროლეიბუსი თანდათან ივსება. ახლა მთავარია ნაცნობი არ შემხვდეს ვინმე. თან ისეთი, ჩემს შემდეგ რომ ჩადის, თორემ მომიწევს ბოლო გაჩერებამდე გავყვე, მერე იქედან კიდე ფეხით უნდა ჩამოვიდე სტუდქალაქამდე. აბა ერთსა და იმავე მძღოლს ორჯერ ზედიზედ ხო არ ვეტყვი მადლობას. აბა ნაცნობი თუ არ დავპატიჟე, რას იტყვის, ვინ არის ეს, ტროლეიბუსის ფული არ ჰქონიაო! აბა, იმას ხო არ მოვუყვები, სადგურში ჩემი სოფლის მარშუტკა რომ არ ჩამოვიდა  და ბოლო ორლარიანი რომ წავაგე პოკერში. ახლა კიდე იმის ფული რომ არ მაქვს ტროლეიბუსში დავპატიჟო და იძულებული ვარ ბოლო გაჩერებამდე გავყვე. თუ მკითხა სად მიდიხარო, ბოლო-ბოლო ვიტყვი რომ სასაფლაოზე მივდივარ. ერთი შორეული ნათესავი პროფესორი არის იქ დაკრძალული. მთავარია მივაგნო.
    ეს თეა კიდე რაღა  ახლა შემიყვარდა? სიყვარულის დრო იყო ახლა? ანზორ კალისტრატეს ძე მუხაძეზე ფიქრი არ მეყოფოდა? ახლა კიდევ თეა. ხო, თეა ჩემი ჯგუფელია. ვერავის ვერ ვეუბნები, თეასაც კი, მაგრამ აშკარაა, რომ მიყვარს. როგორ ვხვდები? უამრავი სიმპტომი. პირველი - ძალიან მიხარია მისი ნახვა. იმდენად მიხარია, რომ როცა ვუყურებ, სულ ვიცინი. ცუდია რომ ვიცინი. ერთი ჯგუფელი მყავს, მალხაზა. იმან მითხრა ერთხელ, გოგოებთან მოსაუბრე თეას რომ ვუყურებდი შორიდან, რა ყველის ვაჭარივით იცინიო. სუფთა უტვინო რა! საიდან მოიტანა. ყველი არასდროს არ გამიყიდია. ერთი კი წავუთაქე თავში, მაგრამ მეტი არა, იმიტომ რომ კარგად ხაზავს და მხაზველობით გეომეტრიაში საკურსო მაქვს ჩასაბარებელი. არადა, იმიტომ ვიცინოდი,  რომ თეა იცინოდა. როცა იცინის, მგონია მზე ანათებს. როცა წყინს რამე, მაშინ ღრუბელი ეფინება სახეზე თითქოს. ეს პირველი სიპტომი. მეორე ის რომ ძალიან მიხარია მასთან ყოფნა. მასთან რომ ვარ, ასე მგონია დრო ჩერდება. მზეც ჩერდება. თითქოს ორივენი სხვა განზომოლებაში გადავდივართ და დროს ვამარცხებთ. არ ვბერდებით რა! მესამე სიმპტომი ის არის, თეასთან რომ ვარ, საერთოდ არ მინდება ჭამა. ვუყურებ და ასე მგონია ვძღები. მოიცა, უფრო კულტურული ფორმა - ვნაყრდები. ეს რაღაა კულტურული ფორმაა. ისევ ვძღები სჯობდა.
ტროლეიბუსი მალე გაივსო. ალბათ მალე დაიძვრება.
- შენ რაღაც ნაცნობი სახე გაქვს? - ეს ერთი საპენსიო ასაკის მგზავრია. გვერდით მჯდომს ეკითხება.
- შენ - არა,  - ეს მეორე. ისიც დაახლოებით იმავე ხნის.
- მგონი სადღაც მინახიხარ!
- საქმე არ გაქვს რამე? გაზეთი წაიკითხე!
- არ მაქვს. იცი რა ღირს ახლა გაზეთი? ძველი დრო ხომ არ გგონია?
- მაშინ ფანჯარაში იყურე!
- რას შევხედო?
- რასაც გინდა. მე თავი დამანებე...
რა აჩხუბებთ. მე შენ გეტყვი ამათაც გამოცდა არ ჰქონდეთ ჩასაბარებელი ანზორ კალისტრატეს ძე მუხაძესთან. არა, გამოცდა არა, მაგრამ ხო შეიძლება ვინმე უყვართ და ვერ ამჟღავნებენ? მივხვდი, რატომ ჩხუბობენ. ნევროზი! ამბობენ, თბილისში სამოცდათვრამეტ პროცენტს ნევროზი აქვს და ვალებიო. ოცდაერთ პროცენტს მარტო ვალებიო. მე მგონი ოცდაერთ  პროცენტში გავდივარ. ვალები კი მაქვს მაგრამ სულ არ ვნერვიულობ. ხო, კიდევ არის ერთი  პროცენტი, რომელთაც ყველაფერი აქვთ.
- გეწყინა რამე? -  აგრძელებენ დიალოგს.
- შენ რა უნდა მაწყენინო?
- გინდა გაწყენინო?
- ვა, შარზე ხარ?
- არა, თუ გინდა გაწყენინებ.
ამ დროს ტროლეიბუსი დაიძრა. ცოტა ხნით დაწყნარდნენ. მაგარია ტროლეიბუსი. ჯერ ეს ერთი რომ ეკოლოგიურად სუფთაა. მერე კიდე, რა მაგარია არა, მეორე ტროლეიბუსი რო შეხვდება და ბიგელს რო ააწყვეტს ხაზებს, თითქოს ძმაკაცს ესალმებაო.
ხალხი გაჩერებებზე თანდათან მატულობს.
- ახლა არ ჩავდიოდე, გაჩვენებდი ვინ ვის აწყენინებს. - მგონი ერთი მოსაუბრე ჩადის უკვე.
- რა გეწყინა კაცო ის მაინც მითხარი?
- ჩამოდი და გეტყვი.
- გადამიხადე და ჩამოვალ.
- გადაგყვები ახლა.
- მაშინ    არ ჩამოვალ.
ცირკთან ავიარეთ. მინდოდა დღევანდელი პრეისკურანტისთვის გადამეხედა, მაგრამ ყველა ფანჯარაზე იყო აკრული. ქალებიც.
ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. არც ერთი ნაცნობი არ ამოსულა.
- რამხელა გაზრდილა შენი ბიჭი. ნამდვილად კალათბურთელი გამოვა. - ეს სხვა წყვილია. ქალები საუბრობენ ახლა.
- რა კალათბურთელი. დასადგომი ადგილი არ არის და ხელში მიჭირავს.
- ვიტამინები აჭამე,    სტაფილოც კარგია  და კვერცხის ნაჭუჭი,  თაფლში აზელილი,  გაიზრდება.
- კარგი ერთი თუ ქალი ხარ, სიმაღლეში რა ჭკუაა. ჭკუა თავშია. 
„თავი არა უშავს, საკმაოდ დიდი აქვს”, - გავიფიქრე მე. ზოოპარკთან მხოლოდ წინა კარი გააღო მძღოლმა. ძირითადად ქალები და ბავშვები ამოვიდნენ.
- დაბრძანდით, ქალბატონო! – ადგილს უთმობს და თავაზიანად ეპატიჟება იღლიაში საქაღალდე ამოჩრილი კაცი საკმაოზე ღრმა დეკოლტიან და დიდ ძუძუებიან ქალს.
- გმადლობთ. ჩავდივარ ბატონო! 
- ჩასვლამდე დაბრძანდით ქალბატონო, რამე არ დაგავიწყდეთ... 
უნივერსიტეტის გაჩერებასთან საერთოდ ბევრი ჩადის და ბევრზე ცოტა ნაკლები ამოდის. მოიცა, ეს ვინ არის? თვალს არ ვუჯერებ. დავხუჭე კიდეც და რომ გავახილი, იგივე სურათი - ვხედავ გაჩერებაზე, უკანა კართან ბატონი ანზორი დგას, თან უბრალოდ ბატონი ანზორი კი არა, - პროფესორი კალისტრატეს ძე მუხაძე. დგას და კარის გაღებას ელოდება. აუ, დავიღუპე! ნეტა საერთოდ არ გააღოს უკანა კარი მძღოლმა. რაღა მაინც და მაინც ახლა მოუნდა ამ ტროლეიბუსით მგზავრობა, როცა ჯიბეში ერთი თეთრიც კი არ მიდევს.
კარი იღება და ტროლეიბუსში პირველი ბატონი ანზორი ამოდის მაღლა აწეული მარჯვენა მხრით, თითქოს აქაც ფორმულები ჰქონდეს დასაწერი. გაშეშებული ვდგავარ და ვუყურებ. ალბათ ზუსტად ასე მოსდის საწყალ ბაყაყს, რომელსაც დიდი პითონი უახლოვდება და ჩასანსვლას  უპირებს. ბატონი ანზორი ყურადღებას არ მაქცევს. არც შემოუხედავს, ისე ამიარა გვერდი და წინ, უფრო ცარიელი ადგილებისკენ წავიდა. იქ ვიღაც გოგონა წამოდგა და ადგილი დაუთმო. კიდევ ერთი სასწაული. ეს გოგონა თეაა.
- თეა!  - დავუძახე. გამოიხედა. გამიცინა. მზე ამოვიდა. გამოცდაც დამავიწყდა, ჯიბეში რომ ერთი თეთრი არ მაქვს  და ყველაფერი. მუჯლუგუნებით გავიკვლიე გზა. ძლივს მივაღწიე. 
- როდის ამოხვედი?
- ძმისშვილი მყავდა ზოოპარკში, - მანიშნებს პატარ ბიჭზე, რომელიც ბატონი ანზორის გვერდით ზის და აზრზე არ არის ვის გვერდზე ზის, ზოოპარკი მონაგონია, -  შენ სად მიდიხარ?
-  მე სასაფლაოზე,  - უკევ ჩემს გეგმას დავუბრუნდი. ახლა მკითხავს სასაფლაოზე რა მინდა! პასუხიც მზადა მაქვს. წლისთავია ჩემი გარდაცვლილი ნათესავის.
- სასაფლაოზე რა გინდა?
- ნათესავის წლისთავია. სასაფლაოზე ვიკრიბებით, -  ვიტყუები. მერე რა! ვითომ ადვოკატი ვარ. სადღაც წავიკითხე თურმე ადვოკატები დღეში ორას ტყუილს ამობობენ. მე რომ ერთი ვთქვა ვითომ რა! ახლა რა ვქნა? თეაც ხო უნდა დავპატიჟო. რას იტყვის, ტროლეიბუსის ფული არ აქვსო. აბა ხომ არ მოვუყვები, რომ  დღეს სადგურში ვიყავი. იქ ბოლო ორლარიანი წავაგე პოკერში. არ ჩამოვიდა მარშუტკა, რომელსაც ჩემთვის სანოვაგე და ფული უნდა ჩამოეტანა. გამოცდა რომ მაქვს ჩასაბარებელი იცის.
- იცანი? -  მეკითხება  და სიცილით მანიშნებს პითონისაკენ.
- კი, -  ამოვიკვნესე მე.
- აქ უნდა ჩავიდე, -  ამბობს უცებ თეა, - გადახდილი იქნება შენი.
- მოიცა მე უნდა გადავიხადო. ოცლარიანის ხურდა ხო ექნებათ!  - უკვე მეორეჯერ ვიტყუები, უსირცხვილოდ. ამასობაში თეამ ბავშვს ერთი ხელი მოკიდა, მეორე ხელი დამიქნია, გადახდილიაო და ჩავიდა. ასე მგონია რაღაცა დიდმა დამტოვა, ჩემმა ნახევარმა. მე მგონი თეა ჩემი მეორე ნახევარია. კიდევ რომ ვნახავ, აუცილებლად ვეტყვი რომ მიყვარს, რომ ის ჩემი მეორე ნახევარია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებ და რომ უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია. ოღონდ ჯერ გამოცდა უნდა ჩავაბარო.
ამ დროს ვგრძნობ ვიღაცის ხელი ჩემს ჯიბეში მიძვრება. ალბათ ოცლარიანს ეძებს. ამ ჩემს ფეხებს ნახავს! გამომივიდა ესეც პატრული. ხელს ვიჭერ.
- არ არი, -  ვეუბნები ჩუმად.
- რა?  - მეუბნება ის უფრო ჩუმად.
- ოცი ლარი!  - ისევ ვეუბნები მე ჩუმად.
- ხელი გამიშვი!  - მეუბნება ის უფრო ჩუმად.
- თუ ძმა ხარ, ათი თეთრი მასესხე, - ვეუბნები მე ჩუმად.
- მაღადავებ ბიჭო? - მეუბნება ის. არც ისე ჩუმად.
- რას გაღადავებ, ბილეთის ფული არ მაქვს, ათი თეთრი მჭირდება. მასესხე ათი თეთრი და კიდევ როცა შემხვდები, ოცს დაგიბრუნებ!  - ვეუბნები მე, რა თქმა უნდა ჩუმად.
- ხო კარგი, ოღონდ ხელი გამიშვი. - მეუბნება ის. აშკარად ფიქრობს, რომ მთლად ნორმალური არ ვარ. გავუშვი. ათ თეთრიანი მომცა. ახლა მთელ ქვეყანაზე არავინაა ჩემზე ბედნიერი. რა პატარა უნდა კაცს ბედნიერებისათვის - ათი თეთრი, სულ ათი თეთრი. ჩავაბარე. გამოცდა ნამდვილად ჩავაბარე. ამასობაში ვხედავ ბატონი ანზორი დგება. აშკარად ჩასასვლელად ემზადება. მე კვლავ მუჯლუგუნებით გავიკვლიე გზა. ბატონ ანზორსაც გადავუსწარი და მძღოლს ათ თეთრიანს ვაწვდი.
-  აიღეთ, ათი თეთრი. ხო, ჩემი გადახდილია. ამით სხვას ვპატიჟებ, -  ის მართმევს. მასობაში ბატონი ანზორიც მოდის კართან.
- გადახდილია თქვენი ბატონო ანზორ! -  ვეუბნები. ახლა მთავარია გამიღიმოს – ესე იგი ჩავაბარე.
- ნუ წუხდებით ყმაწვილო. წეღან გოგონამ გადამიხადა უკვე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები