ნაწარმოებები



ავტორი: მაგა
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2021


დოლმენი

                                                              „დოლმენი“
  ზღვის ხმა ქვების ქვაყუთს აღწევს და გარდაცვლილის ჩუმ სევდაში იძირება. სასიკვდილოდ განწირული ტალღა კლდეებს ეხეთქება და დოლმენისკენ ნესტიან ჰაერის ნაკადად მიედინება. კედლის მრგვალ ნახვრეტამდე მიღწეული სიოს პასუხი, შიგნიდან მუდამ მტკიცე დუმილია; გამაყრუებელი და აუტანელი, მხოლოდ მარტოობა რომ გამოსცემს ისეთი.
ადრებრინჯაოს ძეგლში გვამი ისევ მოკრუნჩხულ პოზაში ასვენია. ის არ იძვრის, არ ინძრევა, თუმცა ნამდვილად აქ არის. და მაინც,  რა არის მისი აქ ყოფნის დასტური ? - უსულო სხეული, ხორცი, რომელიც სწრაფად გაიხრწნება და მისგან უბრალო ჩონჩხი დარჩება ? ეს ხომ არაფერზე უფრო ცოტაა და საფუძვლიან არგუმენტადაც ვერ გამოდგება. თუმცა ვერტიკალურად მდგარი ქვის მონოლითური ფილებით შედგენილი და ზემოდან ასეთივე ფილებით გადახურული ოთხკუთხა სამარხი კი მის არსებობას გაუსვამს ხაზს.
ის არსებობს, რადგან არსებობს ეს ქვათა წყობა აფხაზეთის მიწაზე. მისი არსებობა დასტურდება მისივე სამარხით. მას ხომ უკვე დესას აკლდამა ეწოდება. ქვებისთვის მინიჭებული სახელები კი უკვდავია. გამოდის, დესას სიკვდილის შემდეგაც შეუძლია ყოფნა. თუმცა ლოდებიდან მაინც ვერ გამოდის.
აი, თურმე რატომ ვქმნით ძვლების შესანახ ადგილებს. ის მხოლოდ ცოცხლებს უნდათ და არა მკვდრებს, თანაც მიწაზე და არა მიწაში. ეს თითქოს ორ სამყაროს შორის იდუმალი ძაფებით გაბმულ წონასწორობას ჰგავს. მე დავდივარ მიწაზე როგორც ცოცხალი და დაე, სიკვდილის შემთხვევაშიც მქონდეს უფლება დავრჩე სამუდამოდ მიწაზე და არა მიწაში.
მიწაში. ესაა ერთი სიტყვა, რომელსაც შეუძლია შიში, უჰაერობა და გახრწნის სუნი ერთდროულად მოგგვაროს. მხოლოდ და მხოლოდ, ექვსი ასო ბგერა და უამრავი უსიამოვნო ასოციაცია ჩვენს არსებაში. ადრე კი თითქოს ამას გაურბოდნენ და მსგავსი შინაარსი არც არსებობდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მაშინ სხვანაირად მარხავდნენ ადამიანებს. ჩვენ კი, რაც დრო გადის, მით უფრო შორს ჩავფლავთ გარდაცვლილის ძვლებს. ან სულაც დავწვავთ და სადმე გადავაპნევთ მათ მტვერს. მოვიშორებთ და არ დავიტოვებთ ჩვენთან ახლოს.
არც დესა დაიტოვეს ცოცხალმა ადამიანებმა, როცა ის მისმა სულმა დატოვა. სწორედ ამიტომ გამოკეტეს ქვათა სამყოფელში, თუმცა მაინც მიწის ზემოთ დაკრძალეს. ხოდა არის ახლა ასე მაინც მარტოშთენილი. ისე კი ერთი პლუსი აქვს დოლმენს, ის პატარა ოთახივითაა, თავს ეულად ვერ გაგრძნობინებს. პატარა სახლი მისწრებაა დეპრესიით დაავადებული ადამიანებისთვის. არც ერთი წამით მარტო არ გტოვებს შენი საწოლი, კარადა და კომოდი, რომლებიც კედლის გაყოლებით მიჯრით ჩაწყობილან. ადამიანები არა, მაგრამ უსულო სხეულები, რომ მაინც შენ გვერდით არიან ასეთ მომენტებში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
არადა, ადამიანებს უფრო მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ჩვენ მიერ შექმნილ ნივთებს. უცნაურია ეს სამყარო და განსაკუთრებით კი ადამიანი. მოკრუნჩხულად მწოლიარე დესაც ერთ დროს მათ განეკუთვნებოდა, ახლა კი ამ ქვების საკუთრებაა.
ის ადრე დაიტირეს, ახლა კი დაივიწყეს...
ჩვენ თვითონ ვბადებთ და შემდეგ ვმარხავთ. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ყველაფერს ვეგუებით. ვივიწყებთ, უკუვაგდებთ და ვასუფთავებთ მეხსიერებას. შეგვიძლია ვიგლოვოთ და მალევე ვიზეიმოთ. ადამიანი, ვერ გახდება აბსოლუტური სიკეთე, თუმცა მარტივად შეიძლება მორალურად გახრწნილ არსებად იქცეს და ეს სავსებით არ აწუხებდეს. მომენტი, როცა დამპალი ხორცის სუნი აგდის და რეაქცია არ გაქვს. უარესი, როცა ძვირადღირებული სუნამო გგონია.
ზოგიერთი სიკვდილამდე იხრწნება, ისევე როგორც დესა დოლმენში. ჯერ გვამური ლაქები ჩნდება, შემდეგ ქვავდება და მძაფრი სუნიც მატულობს. უყურებ და ხვდები, რომ დიდიხანია სულმა დატოვა სამყოფელი. რომ ეს მართლაც მხოლოდ ხორცია და მეტი არაფერი.
ყველაზე მეტად ცოცხლად გახრწნილი ადამიანების სუნი მძულს... გარეგნულად ჯანსაღნი, ლამაზ ვაშლს გვანან, რომელიც შიგნიდან ჭიით სავსეა. გასინჯავ თუ არა პირში მძაღე სუნი და სამოთხიდან გამოგდებულის შეგრძნება გრჩება. ეს კი სამუდამო დანაშაულის გრძნობას გიტოვებს, რომელიც არასდროს ქრება.
ხო, თურმე სულიც იხრწნება და სუნიც აქვს. სუნი, რომელიც მკვდარზე უარესია და გულის რევას იწვევს. ასეთი ადამიანები დესას სიკვდილამდე, სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ, ოღონდ არარაობებად. გარდაცვალება ანუ იგივე მეტამორფოზა არა ხოჭოდ, არამედ უსულო საგნად. დიახ, საგნად, რომელსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია და სრულიად გამოუსადეგარია. ქვა უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე ისინი. ქვა, რომლიდანაც იწყება ადამიანის განვითარება. უბრალო ანატკეცით დაწყებული კაცობრიობის ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება. ოღონდ დესას გარეშე.
დაახლოებით 206 ძვალი განაგრძობს თავისებურ არსებობას დოლმენში. დრო გადის და ადამიანებისგან მივიწყებულ ადგილს, მხოლოდ დღესასწაულებისას თუ გაიხსენებენ... სწორედ ამ დროს გამართულად მოსიარულე ადამიანების პროცესიას შენიშნავთ, მალევე კი მათ სერიოზულ სახეებსაც დაუწყებთ ყურებას. მერედა როგორი სასაცილოა ზედმეტი სერიოზულობა ასეთ დროს. ადამიანები მაშინ ხდებიან კომიკურნი, როდესაც სურვილი წარმოაჩინო საკუთარი თავი უფრო უკეთ, უფრო მნიშვნელოვნად, სინამდვილეში გაზვიადებულ ფორმებს იღებს. თუმცა რა გინდა რომ თქვა, კომიკურიც მშვენიერების გამოვლენების შემთხვევაა და ტრაგიზმთან ერთად თანაარსებობს...
ამ დროს კი ყველაზე მეტად დესა ხალისობს. ქვათაწყობიდან იმზირება და სერიოზულად მოსიარულე ჯგუფებს ათვალიერებს. ზოგს ქვედა ტუჩი გაბუტულივით გამობერვია, მიმიკური ნაოჭები  მეტად ეტყობა და ცხვირი სულ უფრო დაბლა იწევს. ამავე დროს ერთი მეორეს გადახედავენ და ცდილობენ, კიდევ უფრო მეტი ტრაგიზმი გამოსჭვიოდეს მათი მზერიდან. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაგრად ითამაშებს მეტად სევდიანი ადამიანის როლს. ბადალი არ ჰყავთ ამ საქმეში ანუ ჯამბაზებად ქცევაში. ზოგს სიცივისგან ცხვირიც კი უწითლდება და ზედგამოჭრილი მასხარები გამოდიან.
ასე ერთობა ჩონჩხად ქცეული დესა ქვათა სამყოფელში, რომელსაც თვალებიც არ აქვს, მაგრამ მაინც ყველაფერს ხედავს. სამწუხარო კი ისაა, რომ ვისაც ნამდვილად  შეუძლია დანახვა ის სრულიადაა დაბრმავებული.
ადამიანებისგან დავიწყებული დესას ერთადერთი სტუმარი სიო და ამ სიოს წამოყოლებული წყლის წვეთებია. ბუნება, რომელიც მარტო არ ტოვებს და სამუდამო ერთგულებას ჰპირდება, განსხვავებით ორფეხზემოსიარულე არსებებისგან, რომლებმაც ის სიკვდილამდე, ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიატოვეს.
- რაც ჭიპლარის მოჭრას მოჰყვებოდა უნდა მცოდნოდა. - თქვა დესამ და უფრო მეტად მოიკრუნჩხა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები