ნაწარმოებები



ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2021


ცუჯიგირი

(დიდგვაროვანი სამურაები „ცუჯიგირით“ ერთობოდნენ. გზაჯვარედინზე თავიანთი ახალი კატანას (სამურაის ხმალი) ან ილეთის გამოცდის მიზნით უდანაშაულო გამვლელ გლეხებს ხოცავდნენ.)

აჰა-ვაი,
გაიქეცი ჩემო თავო,
ფეხები მამძიმებს,
ვეცემი.
ვაჰმე,
რა ტიალი მინდვრებია,
ვაჰმე,  შემიბრალეთ მხეცებო!
საით გავიქცევი ,
თავს რას შევაფარებ,
მხოლოდ ბარდია და ეწერი.

მარტოკა სიარული, გზაწვრილზე ხეტიალი,  რა შავი ბედისთვის დამჩემდა,
არ მომკლა, გაფიცებ, შენს ბატონს, სამურაი, დაგწყევლოს ბუშიდოს გამჩენმა.

მტარვალო,
იცოდე, წყევლით შეგაჩვენებ,
ჩადნება ზღვის გობში კარაქი-მზე, როცა,
ამოიძირკვება მთელი შენი მოდგმა,
ფესვი არ  შეგრჩება, გახმება  წვეროცა.
არ მომკლა,
ნუ ჩამცემ შენს კატანას,
ახლახანს შევეყარე ქმარს,
ღმერთივით შევიყვარე,
ზღაპრულად შემიყვარა,
მარტოკამ რა უნდა ქნას?!
ჯერ არ,
ჯერ არ,
არ მესროლო,
ჯერ არ შემახვედრო შინიგამს,
სახლში დამაბრუნე, ქმარი ჩამახუტე,  გამოპარული ვარ შინიდან.
თვალებში შემომხედე სამურაი, უფლის გზავნილია მოსული,
ჯერ არ,
ჯერ არ,
არ მესროლო,
სამი თვის ფეხმძიმე ვარ, ორსული.
...
მიწამ ყბა დააღო,
ცა ძირს ჩამოვიდა,
გზები გადაკვეთა მხედარმა,
წევს ხელაპყრობილი, წევს და ილოცება,
წყევლაახდენილი ცხედარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები