ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2021


ოთარ ჭილაძეს

ცაში აშვებულს ვხედავ გავაზებს,
დაცარიელდა მიწა ოთარი.
წვიმაში გრძნობებს შემოგვთავაზებს
ყელი გამშრალი და ნალოთარი.

როდესაც ჩემში იღვიძებს მირზა,
ცაზე მზე არის არც ისე თბილი
და როგორც ტყვია ამცდარი მიზანს
ისე, უბრალოდ, ვნატრულობ თბილისს

და სულერთია, ვიძენ თუ ვკარგავ
" ქარმა ფანჯარას ტოტი მოარტყა. "
შეღამებისას მოვკვდები ალბათ
თეთრ ყვავებს მერე სულს გამოვატან

და სულერთია, ვკარგავ თუ ვიძენ
ჰო, სულერთია ჭერიც, და ფუძეც.
განსაზღვრულია ღამეთა სიგრძე,
და ვინც კი შეძლო გარბის ან უძლებს.

რა მოხდა მერე, ვწვები თუ ვდგები,
რაც სანახავი არ იყო ვნახე
და სულერთია განვლილი წლებით
შემეცვალა თუ მეცვლება სახე.

ჰო, სულერთია, ვზოგავ თუ ვხარჯავ,
ვუყურებ ლექსში უსაზღვრო ნისლებს.
" მიჭირავს ხელში პლანეტის მაჯა. "
და მეშინია ასე თუ ისე....

რომ ჩემზე მეტ ხანს გაუძლებს თიხა,
გავყვები ბილიკს " არა " და " ჰო " თი.
შეშლილი სიღრმით შენ სადღაც ზიხარ,
მიტოვებული წვიმებით ლოთი.

უკვდავყოფ ისევ სუყველას ასლში,
დენთი და მიწა იწყებენ შიშინს,
რომ ხელმეორედ დაკარგონ ბავშვში
პირველყოფილი პოეტის შიში.

არ დავუტოვებ ჩემს მოჭრილ სასოს
მისტიურ გზაზე, წამყოლს და მიმყოლს.
მე მხოლოდ თიხის სიმყარე მახსოვს
და იგივეა, რაც ადრე იყო.

ბედნიერებავ, დაგეძებ, ძინძინ!
ბედნიერებავ, წახვედი რა შორს.
თუ პოეტი ხარ, სიცოცხლე გიმძიმს,
აუმღვრეველი წყვდიადის საშო.

მე მიტოვებულ წვიმებს მივტირი,
დავკარგო უნდა ბავშვის ხალისი,
რომ გაფრენილი ხიდან ჩიტივით
ვიყო პოეტი და საკმარისი!

წავიდეთ ოთარ.....


                                          მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
                                                            2017 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები