ნაწარმოებები



ავტორი: ტერიკო
ჟანრი: საბავშვო
5 აპრილი, 2021


"მისია"

ჩემს ეზოში ცხოვრობდა  შუშიკა დეიდა.უფრო სწორად მე ვცხოვრობდი მის ეზოში.  ფანჯრების წინ,გრძელ აივანზე ქოთნის ყვავილები ჰქონდა ჩამწკრივებული და  დილა-საღამოს  თავზე დაფოფინებდა ტკბილი სიტყვებით. მიკვირდა,რად უნდოდა მცენარეებს ლაპარაკი. დავინახავდი,თუ არა შუშიკას სარწყავით ხელში,შორიახლოს დავდგებოდი და თვალ-ყურს ვადევნებდი,როგორ რუდუნებით დაუვლიდა ხოლმე ყვავილებს. ყველასთვის ჰქონდა სახელი შერჩეული. ის კი არა და,მეც ზეპირად ვიცოდი,რომელს რა ერქვა.
- მცინარა,დღეს რა მოწყენილი ხარ,არ გეკადრება ტირილი,- ფოთლებს მიეფრებოდა და ნელ-ნელა დაუსხამდა ძირში წყალს.
-შენ ჭორიკანა? ყველგან რომ გადაგიწევია ეგ გრძელი ყურები,აბა,მომიყევი ახლა-ახალი ჭორები,- ეტყოდა სიცილით.
-თქვენთანაც მოვალ,ჩემო ლამაზებო,-გადახედავდა ყველა ქოთანს და ასე ენატკბილობით,სათითაოდ დაუვლიდა სარწყავით.
-შუშიკა დეიდა, მაგათ ყურები არ აქვთ,ეგენი ყვავილები არიან,-ერთხელაც ვერ მოვითმინე და ვუთხარი.
ცერად გამომხედა.
-მოდი აქ,გიგი,- ხელი დამიქნია.
უცებ მივცუნცულდი.
-იცი,ეს რომელი ყვავილია?- იებით მოფენილ ქოთანზე მანიშნა.
-ვიცი,იებია,"გაზაფხულის ამეთვისტო",- როგორც თვითონ ეძახდა,ისე დავუსახელე.
დაეჭვებულმა შემომხედა.
- შენ რა, მითვალთვალებ?!
თავი დავუქნიე და გასაქცევად მოვემზადე.ვერ მოვასწარი,უცებ მტაცა ხელი და  თავისკენ დამქაჩა.
-გიგი,დაიმახსოვრე, რაც კი რამ შეუქმნია ღმერთს,ყველაფერს აქვს ყურები,თვალები და სული,-მითხრა ღიმილით და თავზე მაკოცა.
-სული? ყვავილებს?- შუშიკას გაოცებულმა შევხედე.
-ჰო,გიგი,სული.. ყველაფერს გრძნობენ,როგორც ჩვენ ადამიანები.. შიშს,წყენას,ტკივილს,სიყვარულს.. მუსიკა უყვართ,-ისევ გამიღიმა და ხელი გამიშვა.
დაეჭვებულმა შევხედე,ვერაფრით დავიჯერე,რომ უბრალო მცენარეებს გრძნობა ჰქონდათ.
- მომეხმარები მორწყვაში?- პასუხს არ დალოდებია,ისე გამომიწოდა სარწყავი. გამოვართვი და ჩამწკრივებულ ქოთნებს უხალისოდ დავუყევი.
-მასე უგულოდ არა,-შემაჩერა.
-აბა,როგორ?!
-თან მოეფერე,- სითბო გაურია ხმაში.
შემრცხვა. სიტყვაც ვერ ვთქვი.
-არა უშავს,- უკან გამომართვა სარწყავი და ჩვეული ენატკბილობით ჩამოუარა ქოთნებს. კარგა ხანს ვაკვირდებოდი ხან შუშიკა დეიდას,ხან ყვავილებს. ვერაფერი ცვლილება ვერ შევნიშნე. ისევ ისე გამოიყურებოდნენ ,როგორც მორწყვამდე.
იმ დღის შემდეგ რამოდენიმე თვემ განვლო. მე მოვუკელი შუშიკა დეიდას თვალთვალს. მის ახირებად ჩავთვალე მცენარეების ადამიანებთან გაიგივება. თუმცა ეზოში ჩასვლამდე,ჯერ ყვავილების რიგი უნდა გამევლო და თვალი მაინც გამექცეოდა ხოლმე ქოთნებისკენ.
შუშიკა დეიდამაც შეამჩნია ჩემი უყურადღებობა მის მიმართ და ცოტა არ იყოს,ნაწყენი თვალებით გამომხედავდა და სინანულით გააქნევდა ხოლმე თავს.
მის გამოხედვაზე დანაშაულის გრძნობა მეუფლებოდა. იმდენად გაუსაძლისი გახდა მისი მზერა,ერთ დღესაც დედას შევჩივლე.
-დე,შუშიკა დეიდა მგონი ცოტა გიჟია,-ვუთხარი გაბრაზებით.
-გიგი?!- წარბი შეჰყარა დედამ.-რა სიტყვებია? ან რატომ ამბობ,მასე?!
- ერთხელ მითხრა,ყვავილებს სული აქვთო,არ დავუჯერე და იმის შემდეგ რაღაცნაირად მიყურებს,- ვთქვი ნაწყენმა.
-კიდევ რა გითხრა?- დაკვირვებით დამაცქერდა.
-ის,რომ ყვავილები ადამიანებს ჰგვანანო,გრძნობა აქვთო,სტკივათო,ეშინიათ და მუსიკასაც უსმენენო,-ბოლო სიტყვები დაცინვით ვთქვი.
-მეორედ შუშიკა დეიდაზე მასე არ თქვა!- მითხრა მკაცრად.
უარესად მოვიღუშე. უხალისოდ მივუჯექი გაკვეთილებს.ტყუილად ვფურცლავდი წიგნს,მაინც არაფერი შემდიოდა გონებაში.
***
მეორე დღეს სკოლიდან დაბრუნებულს ,ჩემს საწერ მაგიდაზე ყვავილი დამხვდა ქოთნით. უცებ ვიცანი "გაზაფხულის ამეთვისტო".
გამიკვირდა,საიდან აღმოჩნდა ჩემს ოთახში. სახლშიც არასდროს გვქონია ყვავილები.
- მოგწონს?- კარში დედა გამოჩნდა.
-რა ვიცი,-მხრები ავიჩეჩე.
-დღეიდან შენს ოთახში იცხოვრებს,-მითხრა და დამაკვირდა.
უკმაყოფილოდ დავხედე ყვავილს. როგორ უნდა მემეგობრა მასთან,ვერაფრით მივხვდი. ცხვირი ავუბზუე ჩემს ტერიტორიაზე დაუკითხავად შემოჭრილს. ჩანთა მაგიდაზე მოვისროლე და დამშეული გავეშურე სამზარეულოსკენ.
-ძალიან გშია?-მკითხა დედამ.  სწრაფად დავუქნიე თავი.
-შენი მეგობრისთვის საზრდო არ მიმიცია,გაიქეცი და მერე მოდი,- წყლით სავსე ჭიქა მომაჩეჩა ხელში. ოთახამდე ფეხათრევით მივედი და ქოთანს ავი მზერა ვესროლე. ყვავილისკენ გაშვერილი ჭიქა უკან წავიღე და სულმოთქმელად დავცალე წყალი. იას კი ნიშნისმოგებით შევხედე და დავეჯღანე კიდეც. გასვლა ვერ მოვასწარი,დედა შემოვიდა და ქოთანში  ხელით მოსინჯა მიწა.
- დღეს არ გეკუთვნის სადილი..მოემზადე სამეცადინოდ!- მითხრა და გავიდა.
გაოგნებულმა გავაყოლე თვალი დედას.რის გამო მტოვებდა მშიერს?! ისე გავბრაზდი,ლამის ფანჯრიდან მოვისროლე ქოთანი.
ვერ ვიმეცადინე. შიმშილისგან კუჭი ხმაურობდა. იაც ფოთლებჩამოყრილი მიყურებდა.
-გშია?- საწერი კალმით შევეხე ერთ ფოთოლს. -ჰმ,ხმას არ იღებ?! შუშიკა დეიდას ,რომ ჰკითხო,ყველაფერი გესმის და ენა სად გაქვს, აბა?-კიდევ წავკარი. იმდენ ხანს ვეჩხუბე და ვაწვალე, ია მიწაზე გაწვა და თავი საცოდავად მიასვენა.
-ჰეი?!-ისევ ვუჩხვლიტე კალამი. ყვავილი თითქოს შეირხა,ან მე მომეჩვენა,მოულოდნელობისგან უცებ წამოვხტი ფეხზე და ზემოდან დავაკვირდი.
-არა,მე შუშიკა დეიდა არასდროს გამოვალ!-ვთქვი მტკიცედ და საწოლისკენ გავეშურე. გამიჭირდა დაძინება. ბევრი ვიწრიალე მშიერმა,თუმცა,ჩემი  სიამაყე არ მაძლევდა უკან დახევის გზას. ცოცხალი თავით არ მოვითხოვე საჭმელი. თვალები ძლიერად დავხუჭე და ძილი ვაიძულე თავს. ოთახში დედა შემოვიდა ფეხაკრეფით.ჯერ მე დამხედა,ვიგრძენი სიახლოვე.შემდეგ ქოთნისკენ გადაინაცვლა და წყალი დაუსხა "გაზაფხულის ამეთვისტოს".
ისე მეწყინა..
ისე მეწყინა..
საკუთარი პირმშო,როგორ გამიმეტა -მეთქი,ცრემლები გადმოვუშვი.
***
დილით,სკოლაში წასვლამდე,ვფქირობდი,საუზმე მეკუთვნოდა ,თუ არა? აწურული შევედი სამზარეულოში.დედა ფუსფუსებდა.დამინახა და მაშინვე უხმოდ გამომიწოდა წყლით სავსე ჭიქა. ჯიუტობას აზრი აღარ ჰქონდა. ძალიან მშიოდა. გადავაბიჯე ჩემს სიამაყეს და ქოთანს ვეახელი. წესიერად არ ვუყურებდი ზედ,ისე დავუსხი წყალი და სასწრაფოდ გავეცალე.
დედას ჩაი და თაფლიანი პური მოემზადებინა ჩემთვის. თვალებდაკარკლული მივუჯექი მაგიდას. ლუკმებს ლამის დაუღეჭავად ვყლაპავდი.
-იცი გიგი? იასაც მასე შიოდა,-მითხრა დედამ და თავის საქმეს მიუბრუნდა.
ყელში გამეჩხირა თაფლიანი პური.
თავი დავხარე შერცხვენილმა.
განა რა იყო ერთი ჭიქა წყლის დასხმა?! ჩემს თავს გავუბრაზდი. ვეღარ გავაგრძელე ჭამა. წამოვდექი და ჩანთა ზურგზე ავიკიდე.
უხასიათოდ გავუყევი დერეფანს.
შუშიკა დეიდა იდგა ჩვეულ ფორმაში.
დამინახა თუ არა,სიმღერა შეწყვიტა და უცნაურად გამიღიმა. არც თბილად,არც გრილად,რაღაც ამოუცნობი ღიმილი ჰქონდა.შიში იყო,თუ რაღაც ამდაგვარმა დამიარა ტანში და გაცლა დავაპირე.
-გიგი, საღამოს ჩემთან შემოდი,- ხმადაბლა მითხრა.
შევცბი.
რა საქმე უნდა ჰქონოდა ჩემთან დედაჩემის ტოლა ქალს? მითუმეტეს,რომ მასზე არც თუ ისე ჯანსაღი შთაბეჭდილება მქონდა.
უხმოდ,თავისქნევით დავეთანხმე და ნაბიჯს ავუჩქარე.
***
სახლში დაბრუნებულმა კატის ნაბიჯებით გავიარე დერეფანი.არ მინდოდა შუშიკა დეიდას დავენახე. შევედი,თუ არა კარში,შვებით ამოვისუნთქე. დედამ ჩემი აფორიაქება შეამჩნია. თვალებმოჭუტული დამაკვირდა.
- რა მოხდა,გიგი?
-არაფერი,დავიღალე,-მზერა ავარიდე.
-კარგი,ისადილე და მიხედე გაკვეთილებს,- დაეჭვებულმა მომადევნა თვალი.
ჩანთა საწერ მაგიდაზე დავდე და ქოთანი შევათვალიერე. ყელმოღერებული მიმზერდა ია. მიწა მოვუსინჯე,ჯერ კიდევ ნოტიო ჩანდა. დაწყნარებული გავეშურე სამზარეულოსკენ.
ვისადილე და ჩემს ოთახისკენ გავწიე. სამეცადინო ბევრი მქონდა.უფრო მეტად კი ქართულში საკონტროლო წერისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. მასწავლებელმა თავისუფალი თემა მოგვცა,სათაურით"აბა,დღეს მე ვის რა ვარგე" . მთელი საათი ვიქექავდი თავს კალმით და ვფიქრობდი,ვის რა ვარგე?!
ისეთი ვერაფერი გავიხსენე,რაც თემის დასაწერად დამეხმარებოდა. 
-გიგი,შუშიკა დეიდა გეძახის,-დედამ გამომძახა.
არ მესიამოვნა.ვიფიქრე გადაავიწყდებოდა შეთანხმება. ნირწამხდარი წამოვდექი და უხალისოდ გავუყევი დერეფანს.
-შემოდი გიგი,- მომესმა მის კართან მისულს. საიდან დამინახა ვერ მივხვდი. მორცხვად შევდგი ფეხი და გავჩერდი.
-მოდი,ნუ გერიდება,- გამიღიმა.
პირველად ვიყავი შუშიკა დეიდას სახლში. ასეთ სილამაზეს არ ველოდი. მთელი ოთახი ყვავილებით ნაქარგ მინდორს გავდა.  განცვიფრებულმა მოვატარე თვალი ირგვლივ.
-ლამაზია?-მიხვდა ჩემს გაოგნების მიზეზს.
-ძალიან,-ვერ დავმალე აღტაცება.
-დიდი შრომა ჩავდე,რომ ყველა მეხარებინა..გაზრდილიყვნენ  და ეცოცხლათ.
-ბევრია,მე მარტო გარეთ მეგონა..
-რაღაც უნდა გთხოვო,გიგი,- მძიმედ დაიწყო.გამიკვირდა,ისეთი ნაღველი იგრძნობოდა მის ხმაში.
- ცოტა ხნით გამგზავრება მიწევს და ვერავის ვანდობ ჩემს "შვილებს",შენი დახმარება მჭირდება,-მითხრა და ცრემლმორეულმა გადაავლო თვალი ყვავილებს.
-ჩემი?-ხმადაბლა ვკითხე.
-ჰო,გიგი.. შენს გარდა ვერავის ვანდობ,ვიცი,რომ მიხედავ,- სიყვარულით გადამისვა ხელი თავზე. დაბნეულმა შევხედე.ვერ წარმოვიდგინე,როგორ უნდა მიმეხედა ამდენი ყვავილისთვის,მითუმეტეს,რომ მათ მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოვირჩეოდი.
-მე..მე..-ენა დამება,სათქმელს ვერ მოვუყარე თავი.
-გიგი,მხოლოდ შენ გენდობი.
შუშიკა დეიდას სიტყვებმა უცებ მოახდინა ჩემში გარდაქმნა. თითქოს წამში გავიზარდე და პასუხისმგებლობა ვიგრძენი. რაღაცნაირად გამიხარდა  ,რომ მხოლოდ ჩემში დაინახა სანდო ადამიანი.
-დაგეხმარები შუშიკა დეიდა!-ვთქვი გადაჭრით.
-ვიცოდი,ვიცოდი,რომ ამ პატარა სხეულში დიდი ადამიანი იმალებოდა!-წამოიძახა აღტაცებით და მხურვალედ ჩამიკრა გულში.
სიხარული ვერც მე დავმალე და შუშიკა დეიდას მკლავები მოვხვიე.
სახლში სირბილით შევვარდი და გაკვირვებულ დედაჩემს სხაპასხუპით მივაყარე ჩემი მისია.
-ყოჩაღ გიგი!-შემაქო დედამ და მთელი სახე დამიკოცნა.
იმ ღამეს თვალი ვერ მოვხუჭე. ფიქრებში ცხრაჯერ მოვრწყე ყვავილები და ენის მოჩლექითაც ვესაუბრე.
მეორე დღეს სკოლაში,მოუმზადებლად დავწერე საკონტროლო. თემის დაწერაში შუშიკა დეიდას თხოვნა დამეხმარა.მთელ ჩემს ფანტაზიებს მოვუყარე თავი და ფურცელზე გავანაწილე.
***
მისიის შესრულება ერთ კვირაში დავიწყე. მანამდე ზედმიწევნით ამიხსნა შუშიკა დეიდამ,როდის და როგორ უნდა მომერწყა თითოეული ყვავილი. სახლის გასაღებიც ჩამაბარა და გულდამშვიდებული გაემგზავრა. სად? არ უთქვამს,თუმცა მოგვიანებით შევიტყვე მისი წასვლის მიზეზი,როდესაც დედა ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაც ექიმს. ყური დავუგდე და გაგონილმა თავზარი დამცა.
-რა დაემართა შუშიკა დეიდას?- ტირილს ცოტაღა დამაკლდა.
-გიგი..-დედამ სევდიანად შემომხედა.
-მოკვდა? - ხმა გამებზარა.
დედას ხმა არ ამოუღია. იდგა და მიყურებდა ტკივილით სავსე თვალებით.
ყველაფერს მივხვდი.
ჩემს ოთახში გავიქეცი და საწოლზე აღრიალებული დავემხე.
***
ყვავილებში ჩაფლული იწვა.მძინარეს ჰგავდა.
არ შემშინებია.
ჩემი "გაზაფხულის ამეთვისტო" გამოვიტანე და შუშიკა დეიდას თავთან დავდგი.
თითქოს ამას ელოდნენო.
ერთიანად აშრიალდნენ ყვავილები,შემდეგ თავები დახარეს და ფოთლებზე ნამი გაუჩნდათ.
მივხვდი ტიროდნენ.
მეც ავტირდი.
"გიგი,დაიმახსოვრე, რაც კი რამ შეუქმნია ღმერთს,ყველაფერს აქვს ყურები,თვალები და სული..ყველაფერს გრძნობენ,როგორც ჩვენ ადამიანები.. შიშს,წყენას,ტკივილს,სიყვარულს.. მუსიკა უყვართ.."-ზურგსუკან მომესმა ნაცნობი სიტყვები.
უცებ შევტრიალდი.
"ჭორიკანა" მიყურებდა.

დასასრული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები