ნაწარმოებები



ავტორი: თ ო რ ნ ი კ ე
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2021


რა დაგიწერო? რა გიამბო? რა გაგახარებს?

რა დაგიწერო? რა გიამბო? რა გაგახარებს?
ხანდახან იცი როგორ მინდა უბრალოდ ვიჯდე
და მხოლოდ ქარმა შეუცვალოს ადგილი ნივთებს,
და თავი ჩემი შენს მუხლებზე მედოს უგრძნობლად
შენ კი თითებით უნებლიეთ  წრეებს ხაზავდე
არას ამბობდე და თითები არ გეღლებოდეს
და მეც არ მთხოვდე რამე გითხრა...
გარეთ კი წვიმდეს
და მხოლოდ ქარმა შეუცვალოს ადგილი ნივთებს

რა დაგიწერო...რა გიამბო...რა გაგახარებს?...
ჩემი სული უკეთ იცი, ვიდრე ღმერთებმა,
ჩემი თვალები უკეთ იცი, ვიდრე მე თვითონ,
ჩემს ხასიათზე ახლა არ ღირს აქ საუბარი,
როცა სიზმრები დამამტვრევენ როგორც ჩვევიათ,
ჩემი სიზმრები შენია და მაინც ჩემია,
როცა სიზმრები დამამტვრევენ როგორც ჩვევიათ,
როცა თვალებზე დაგაწვება დილის სიმძიმე
აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის გამოვიძინე.

რა დაგიწერო? რა გიამბო? რა გაგახარებს?
ცივი ზამთარი, იანვარი მალე გაივლის
მალე არ დავლევ იმაზე მეტს ვიდრე მჩვევია
მექნება ჩემი გრაფიკი და დრო სადილის
ჩემი თავის სიყვარულსაც მალე ვისწავლი,
ასე რომ მღლის და არასოდეს არ გასხვისდება
რომელსაც ხშირად თავად ვერ ვცნობ,
ისე იცვლება,
სხვა რა გიამბოს დაკარგულმა მტვრიან ნისლებმა.


რა დაგიწერო? რა გიამბო? რა გაგახარებს?
ხანდახან იცი როგორ მინდა უბრალოდ ვიჯდე
და მხოლოდ ქარმა შეუცვალოს ადგილი ნივთებს,
და თავი ჩემი შენს მუხლებზე მედოს უგრძნობლად,
შენ კი თითებით უნებლიედ  წრეებს ხაზავდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები