ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2021


მიეცით ნება!

ნინო დარბაისელი
მიეცით ნება!
- - - - - - - - -
-მიეცით ნება,
ადამიანებს ლაპარაკის მიეცით ნება!
მიეცით ნება, ის აკეთონ, რაც გულით უნდათ!
მიეცით ნება, შეცდომები დაუშვან თუნდა!

თქვენ მართლა ფიქრობთ,
რომ ან სათქმელი აქვთ იმდენი, ანდა საქნელი?
მარტო არა ხართ,
რადგან
თავადაც ასე ჰგონიათ,
რომ დაიწყებენ, აღარც არასდროს გაჩერდებიან და არც ქანცი გამოეცლებათ.

შინაურ ქათმებს ღობე კიდეც რომ შემოუხსნა,
იქნებ გავიდნენ ეზოს გარეთ,
სადმე ახლოში,
რამე საკენკით გატყუებულნი,
მაგრამ გგონიათ, გაფრინდებიან?

ნაცნობი მყავდა.
ერთხელაც რაღაც, სიმპათიური, პატარა ფილმი გამოუვიდა,
მაგრამ მეორე ფილმის დადგმას და გადაღებას მერე წლობით ვეღარ ეღირსა.
ათი მთავრობა გამოიცვალა და მეთერთმეტემ, აჰა, შენ - ფული და ადგილი!
გაგვაგებინე, ერთი, რა გინდა, გადაიღეო!
თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა რამე გამოუვიდა?
ხან ეზოზე თქვა, ბრუნდეაო,
ხან ორგანიზმში რაღაც ისეთი აღმოიჩინა,
რომლის წინაშეც მედიცინა უძლური იყო და დიაგნოზსაც ვერ დაუსვამდა.

ერთი ნაცნობი ასეთიც მყავდა,
მთელი ცხოვრება წერდა, ხაზავდა
და ერთ ძალიან-მაღალ-სკამოსანს კუდში დასდევდა, მომისმინეო.
იმ ბიბლიური ქვრივისა და წყალობის წიგნის ამბავი გახსოვთ?
იმდენი სდია, ერთხელაც მაღალ-სკამოსანმა
მთელი თავისი ნაწერ -ნახაზით დაიბარა და ბოლომდისაც მოუსმინა,
ბოლოს კი უთხრა,
ძალიან მომწონს შენი აზრიო,
მართლა რამდენი გიშრომიაო,
მაგ საქმეს ახლა შენზე კარგად ვინ მიხედავსო,
რაც საჭიროა, არ მოგერიდოს,
ოღონდ დრო დავთქვათ, მაინც რამდენი დაგჭირდებაო.
ერთად სურათიც ვადაიღეს.
როგორ გგონიათ, როგორ გაგრძელდა ან რით დამთავრდა ამბავი ესე?
არც რომ არაფრით!
თავიდან სახით ბედნიერით იმ სურათს ირგვლივ დაატარებდა,
მეორე წრეზეც შემოატარა,
მესამედ - ყველამ მოიწყინა
და იმის მერე საქმეს თავად ემალებოდა.

ერთი მომწონდა,
არ ვიცი, იქნებ მიყვარდა კიდეც.
რამდენი ვსდიე,
სიახლოვეს არ მიმიკარა,
ამასობაში  წლებიც გავიდა და ერთ დღეს ისე შემომცინა,
ხელი ჩამჭიდა,
მთელი დღე სადღაც მაპორწიალა,
მერე იმაღამ მარტოც დავრჩით
და მეორე დღეს, დილაადრიან
საღამოსათვის თითქოს შეხვედრის დროც კი დავთქვით,
ადრე მივედი,
ვიტრიალე,
ვიწრიალე და იმის მოსვლას ორიოდე წუთიღა აკლდა,
თითქოს  ვიღაცამ უცებ ქეჩოში წამავლო ხელი და თავდაღმართზე ჩამათრია მოუხედავად,
ახლო სიყვარულს  - გაძლება უნდა,
ლოდინის ჩვევა - სხვა არისო,
შენ  ამ ცხოვრებით ვერ იცხოვრებო.

როგორც ცარიელ, დიდ ორმოში ჩაგიხედავს უცხო ქვეყნად მარტო მიმავალს
და შიშით უკან გადამხტარხარ, უცებ ფეხი არ ჩამიცურდესო,
გულიც -  სიყვარულამოთხრილი ზუსტად ეგრეა,
მერე დრო გავა და ხარახურით ამოივსება,
პირზე  მიწასაც მოიკიდებს,
ბალახსა და ბაღსაც ახარებს
მხოლოდ შენ იცი, რომ იმ ბაღქვეშ  ხარახურაა
და ყოველ ბიძგზე, სიმარტოვეში  რახუნის და ჯახაჯუხის ხმები მოგესმის.

სხვაც ბევრი ვიცი, მაგრამ მოსმენით დაიღლებით,
ესეც  გეყოფათ!
მოგონება - ადარდიანებს!
ისევ სჯობია, დავუბრუნდეთ ადამიანებს:

რამდენხანს გასძლებს ან რას მოასწრებს
ფერადი ბუშტი,
პირმოუკრავად ხელგაშვებული?

მიეცით ნება ადამიანებს!
მიეცით ნება,
რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ,
შექმნან, აკეთონ,
აისრულონ იგი ოცნება.
მიეცით ნება,
მთელს ჩვენს პლანეტას მიეცით ნება!

ერთ დღეს იქნება აუტანლად დიდი გნიასი და სულ ესაა!
კაცობრიობის მთელი ნება,
მთელი სათქმელი
ერთ კალენდარულ დღეში ეტევა.
მიმოიხედეთ, მშვიდობისთვის როგორ იბრძვიან!...
ბრძოლით დაღლილნი - გაჩუმდებიან, დაისადგურებს მდუმარება
და გაიგონებთ გურგურს მტრედისას,
სადღაც, ხმელეთზე ზეთისხილის ხეს რომ ინიშნებს და იმის ტოტზე ჩამოისვენებს,
ვიდრე პატარა, მწვანეფოთლიან ღერს შეატეხდეს
და კიდობნისკენ კარგი ამბით გაბრუნდებოდეს.
იმ კიდობნიდან მთელი წელი,  ნეტავ,  სად და როგორ გაჰქონდათ
ამდენი ჯიშის დედალ-მამლის მონასაქმები,
ან ისეთ სუნში  არ გინდა ყოფნა და  დაძინება?!
რა გეცინებათ, როგორია სულ ბნელში გდება!
კაცობრიობას  - ცუდად ახსოვს, ის რაც  ძნელია, 
მტრედი კი კარგად ამახსოვრდება.

მიეცით ნება!
სიმართლეს მართლა არ სჭირდება
ძეძვით შემოსვა,
გაიფიქრებ და იმეორებს იმასვე ენა! -
აი, დიქტოფონს დიქტატორმა ხელი მოუსვა,
შეწყვიტა ფიქრი,
წყალი მოსვა
და შეისვენა,
და რომ იხილა, ვარდ-მიხაკებს
უკვე ესროდნენ
წარმოსთქვა ჭექით ეს მარტოოდენ:

- მიეცით ნება ადამიანებს!
მიეცით ნება,
რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ,
შექმნან, აკეთონ,
აისრულონ იგი ოცნება.
მიეცით ნება,
მთელს პლანეტას მიეცით ნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები