ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: იუმორისტული
26 თებერვალი, 2009


ერთი დღე

  მინდა ავღწერო ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან, ერთი, ყველაზე სასაცილო.
  მოკლედ, მივდივარ მასწავლებელთან დილით, შვიდ საათზე, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არა კარგად გათენებული. ველოდები ავტობუსს და წარმოიდგინეთ რომ ეს ხდება ზამთარში, როცა ცივა საშინლად და თან თოვლია. ნუ, ბუნებრივია ერთი სული მაქვს როდის წავალ, ამიტომ, მოვიდა თუ არა, შევახტი. თითქმის ცარიელი იყო, 5-6 კაცი იჯდა მხოლოდ. შორიდანვე მოვნიშნე ჩემთვის სასურველი ადგილი და გავექანე. გავექანე და შევახტი! შევახტი და...
  უცებ ლაწანის ხმა გაისმა. პირველი, რაც გავიფიქრე შემოუბრუნებლად ეს იყო; "ვააა, ასე გავსუქდი?" მერე უცებ დავინახე როგორ დაიფახუნა ექვსმა წყვილმა თვალმა და როგორ გაკვირვებით შემომხედა. მე დაბნეულმა გავუღიმე, ჩანთას ხელი მოვავლე და გადავჯექი, თან არ ვიცი რა დავამტვიე. მხოლოდ მერე ვნახე, რომ შუშა დებულა, ხოდა დავაჯექი.
  რომ ამბობენ, ქალებს განსაკუთრებული ინტუიცია აქვთო, სიმართლეა. აბა წარმოიდგინეთ, ავტობუსში, რომელშიც მინიმუმ 50 ცარიელი ადგილია, ვის შეეძლო გამოეცნო რომელზე დევს შუშა. მხოლოდ ქალს, ისიც განსაკუთრებული ინტუიციის მქონეს.
  მოკლედ გადავჯექი და ველოდები რამდენი გააგრძლებს ჩემს მიერ დაწყებულ საქმეს, შუშის დამტვრევასთან დაკავშირებით. ბოლომდე არ გამიტეხავს ცხადია, ვიცოდი რომ კიდევ ბევრი ამოვიდოდა და  საქმე მათთვისაც დავტოვე, მაგრამ რად გინდა...
  ერთდაერთი, ვისაც შანსი ჰქონდა, ჩინელი წვრილთვალება ბიჭი იყო, აჯდებოდა, მაგრამ გააჩერეს. ეს იყო და ეს.
  თანაც ის შუშა იქვე, ფანჯრიდან იყო ამოღებული და მთელი გზა ისე ვიმგზავრე, მეგონა რომ ავტობუსის სახურავზე ვიჯექი. მაგრამ სამაგიეროდ სუფთა ჰაერი ვისუნთქე ბლომად.
    ვზივარ და გვერდზე ერთი ახალგაზრდა კაცი მიზის. თან იმ დილაუთენია ტელეფონზე საუბრობს. მინდა, არ მინდა -  მესმის. ამისიც და მეგობრისაც.
  - არ იცი სადაა რუსთაველი? - კითულობს ჩემს გვერდით მჯდომი.
  - არ ვიცი, არა, ვერ მოვაგენი - უყვირის ტელეფონიდან იმხელა ხმით, რომ გულწრფელად გამიკვირდა რატომ ხარჯავდნენ ფულს მობილურით სალაპარაკოდ. ისედაც გააგონებდა, რომ მოენდომებინა.
  - რა უნდა, არ ყოფილხარ?
  - როდის უნდა ვყოფილიყავი, ხომ იცი რომ თბილისელი არ ვარ.
  ეს ასწავლის, მაგრამ უშედეგოდ.
  მერე ურეკავს და ეუბნება: - ფილარმონია ხომ იცი სადაა?
  - არ ვიცი, რა ვიცი მე, ვყოფილვარ თუ რა?
  - წინ ქალი რომ დგას და ნიღბები აქვს ხელში ეგაა!
  ცოტა ხანში...
  - ნიღბებიანი არავინაა და გაზეთებს რომ ყიდდეს?
  ამაზე თავი ვერ შევიკავე და გამეცინა. თან ვცდილობ არ დამინახოს და ფანჯრისკენ ვიხედები. ისე მეცინება, რომ ყველა კბილი მიჩანს, ამ დროს ავიხედე და ვხედავ, ჩვენი ავტობუსი გაჩერებულა, გვერდით გვიდგას სხვა და ერთი ქალი მიღიმის და ხელს მიქნევს. არადა არ ვიცნობ აშკარად. გამიკვირდა რა უნდა, მერე მივხვდი რომ ვიცინოდი, ეგონა მისთვის და გამიცინა თვითონაც. ეს რომ დავინახე უარესი დამემართა. თავი დავხარე რომ არ შემტყობოდა.
  როგორც იქნა ჩავედი. ადრე მომივიდა მისვლა და გარეთ დავდექი. ვდგავარ და თმის აწევა მომინდა. მაგრამ სარკე არ მაქვს. გავიხედ-გამოვიხედე და ჩემს წინ დგას მშვენიერი, გაპრიალებულშუშებიანი მანქანა.  მძღოლი კი იჯდა, მაგრამ გადაწოლილი იყო და თამაშობდა მობილურში.სხვა რა მინდოდა? ავდექი და ჩავიხედე, გავისწორე თმა და გამოვიხედე. მერე დამავიწყდა მძღოლი, ვიხედები, ვიღიმები, ვიპრანჭები. თან პოზებს ვიჭერ, თავი სახლში, სარკეში მგონია. უცებ გამახსენდა რომ მანქანას პატრონი ჰყავდა. თავი ნელა მივატრიალე და რას ვხედავ? კაცს მიავიწყდა ტელეფონი, თავი გადმოუბრუნებია, გაშეშებულა და გაფართოებული თვალებით მიყურებს. რას იფიქრებდა?
    უკან რომ ვბრუნდებოდი, ჩვენი ავტოსბუსის მძღოლმა მეორესთან გონკაობა დაიწყო. მერე აზარტში შევიდნენ და აღარ აჩერებდნენ გაჩერებებზე. ხალხი ყვირის, გააჩერეო, ეს კიდევ ეუბნება, რა გავაჩერო, ხომ ხედავ გავასწარიო. მე რა მენაღვლებოდა, თითქმის ბოლო გაჩერებაზე ჩავდიოდი.
მოვიგეთ, რა თქმა უნდა.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები