ნაწარმოებები



ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
8 აპრილი, 2021


უსათაურო

-იყიდეთ რა ,ერთი კალამი მაინც,-ჩემს წინ ასე თოთხმეტიოდე წლის გოგონა აიტუზა და ფერადი საწერი კალმების კონა გამოიშვირა ჩემსკენ.
-რა ღირს?- ვკითხე და მის დიდრონ ,შავ თვალებს დავაკვირდი.
-ორმოცდაათი  თეთრი,-სხარტად მიპასუხა.
-რამდენი ცალი გაქვს?
-სულ?- გაკვირვებულმა მკითხა.
-ჰო,სულ,-გამეცინა.
-თხუთმეტი,-თქვა და თითით  გადათვალა.
-მომეცი ყველა,- ჯიბისკენ წავიღე ხელი. ბოტასებზე მაინც არ მეყოფოდა ის თანხა,რაც მქონდა.
-რად გინდა ამდენი?-დაეჭვებულმა შემომხედა.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
- აქვს! შეგეცოდე და იმიტომ ყიდულობ ყველას!- ტუჩები გაბუშტა.
ისეთი ლამაზი იყო,ისეთი ლამაზი..
მონუსხული შევყურებდი.
-არ მეცოდები,მართლა მჭირდება,-დამაჯერებლად ვთქვი.
პატარა ყოყმანის შემდეგ კალმები გამომიწოდა.
თანხა მივეცი,თუ არა შეტრიალდა და სწრაფად  გამეცალა. სანამ თვალს მიეფარებოდა,მეც მივყევი. დავინახე, იქვე,ქუჩის კუთხეში მჯდომ  ბერიკაცთან  მივიდა, ხელში ჩემი მიცემული თანხა ჩაუდო და თბილად ჩაეხუტა. მოხუცს ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები გადმოსცვივდა. არ ველოდი ასეთ სურათს.ნაბიჯს ავუჩქარე და მათ წინ გავჩერდი. ბერიკაცს პატარა დახლი ედგა წინ, რაზეც საწერი კალმები და ხელსახოცები ეწყო. გოგონამ შემამჩნია და ახლოს მოვიდა.
- ამ პაპას ერთადერთი შვილი ჰყავს,საწოლს მიჯაჭვული,თვითონაც ძლივს დადის,ყოველ დღე მოვდივარ და ასე ვეხმარები.
თავში მარწუხები ვიგრძენი. გაოგნებულმა შევხედე ბერიკაცს. სიცივისგან აწითლებულ ცხვირს მუჭში მალავდა.
-ცოტა ფული მაქვს,მივცემ,-იმ წუთში მეტს ვერაფერს შევძლებდი.
-არ გამოგართმევს,-სევდიანად გაეღიმა.
-აბა?!
-უნდა იყიდო,-მხრები აიჩეჩა.
-ვიყიდი,- ვთქვი და მაშინვე მოხუცისკენ გადავინაცვლე. თვალის მოძრაობით გადავთვალე დაახლოებით რამდენი ლარის იქნებოდა კალმები და ხელსახოცები.
"მეყოფა"-გავიფიქრე და ბერიკაცისკენ დავიხარე.
- რა ღირს კალმები,პაპა?
-ორმოცდაათი თეთრი,შვილო,-ხმაც  უკანკალებდა.
გული მომეწურა.
-ყველას ვიყიდი,მჭირდება,ხელსახოცებიც,- ხელმეორედ ვიტაცე ჯიბეზე ხელი.
-ყველა  რად გინდა,პაპი?- საწყლად შემომხედა.
-მეგობრებისთვის,-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
- კარგი ბიჭი ხარ შენა, მაგრამ ორზე მეტს ვერ მოგყიდი,- მიმიხვდა.
- მართლა მჭირდება,არ ვიტყუები,-ლამის მუდარად ვიქეცი.
-გიგა პაპა,მართლა სჭირდება,ვიცნობ ამ ბიჭს,- მხარი ამიბა შავთვალამ.
-კარგი,დაგიჯერებთ,-სიხარული ჩაუდგა თვალებში და ხმაში.
ლურჯ დიდ პარკში გამომიკრა ჩემი ნავაჭრი ,  დამლოცა და ფეხებშუა ჩადგმული ძველი,ნაჭრის ჩანთა გახსნა.
-აი,ეს გამომართვი,- პატარა წიგნი ამოიღო და გამომიწოდა.
" გიგა პაპას ლექსები" -წავიკითხე ყდაზე.
-ავტორი ვინ არის?- არსად ეწერა ავტორის გვარი.
-ავტორი სიყვარულია,შვილო,- მითხრა სითბოჩაქსოვილ ხმით.
მივხვდი,თავისი წიგნი მაჩუქა. გამიხარდა მოულოდნელი საჩუქარი.
-საიდან გაქვს ამდენი ფული,მუშაობ?- მიჩურჩულა  გოგონამ.
- არა,სტუდენტი ვარ,-მეც ჩუმად ვუპასუხე.
-მერე?- წარბი აზიდა.
-რა მერე?
-არ გჭირდებოდა ამდენი,ცოტა გეყიდა,- გამიბრაზდა.
-ხვალ აქ იქნები?- მინდოდა მეც დავხმარებოდი ბერიკაცს.
-მე ყოველ დღე აქ ვარ,სკოლის შემდეგ.
ცოტა ხანს ვუყურე მის სიკეთით სავსე თვალებს.
-ნახვამდის ფერია,- გავუღიმე და ჩემს გზას ჩაფიქრებული გავუყევი.
-ნახვამდის..-დამეწია მისი ხმა.
რატომღაც ბედნიერი მივაბიჯებდი. მიხაროდა,რომ სიკეთის კეთების საშუალება მომეცა.სულ არ ვდარდობდი ბოტასებზე.თვალწინ მხოლოდ ბერიკაცის აცრემლებული თვალები მედგა.
სახლში შესვლისას დედაჩემმა გაკვირვებით ჩაიხედა პარკში. ეგონა,რომ მოვიპარე.საიდან დაასკვნა,არ ვიცი,არასდროს მიმიცია მსგავსი მიზეზის საფუძველი. მეწყინა.
უხმოდ შევედი ჩემს ოთახში,დედაც მომყვა უკან იმის გასარკვევად,თუ საიდან მოვიტანე ამდენი კალამი და ხელსახოცი.
-ვიყიდე!-ვთქვი ნაწყენი ხმით. გაუგებრობისგან ხელები წაღმა-უკუღმა გადაატრიალა.
-ბოტასები?- მკითხა და კოპები შეკრა.
-ხვალ ვიყიდი,-ვიცრუე.სულ რაღაც ორი ლარიღა მქონდა დარჩენილი,გზის ფულად.
დაეჭვებული დამაკვირდა,თუმცა აღარაფერი უთქვამს. იცოდა ჩემი ხასიათი,მეტის გაგებას ვერ მოახერხებდა.
მეორე დღეს ,ლექციების შემდეგ გავეშურე ნაცნობ ქუჩაზე. ბერიკაცის ადგილზე შეჯგუფებული ხალხი დამხვდა.ნაბიჯს ავუჩქარე,გულმა ცუდი მიგრძნო.
-არ მიეკაროთ,სასწრაფო მოვა,პოლიციაც!- ვიღაცამ შემაჩერა ხელით.
ნაწვიმარ მიწაზე იწვა.სახე გაყვითლებოდა. მისი სამოსი ნელ-ნელა იჟღინთებოდა წვიმის წყლით.
-რა დაემართა?!- ჩემი ხმა ვერ ვიცანი.
-მგონი მოკვდა,- ვიღაც სეირის მაყურებელმა მიპასუხა.
ხალხის ტალღა გავარღვიე და მოხუცთან ჩავიმუხლე.
სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა.
სიმწრისგან  ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე ყბები. ქურთუკი გავიძრე და თავქვეშ ამოვუდე. თავი ჩავხარე და უხმოდ ავტირდი. მხრებზე ვიღაცის ხელები ვიგრძენი,თითები თანაგრძნობით მომიჭირა.
ავხედე.გოგონა იდგა. დიდრონ შავ თვალებში ცრემლის გუბეები ედგა.
წამოვდექი და დამნაშავესავით მოვშორდი ხალხს. გოგონაც გამომყვა.
ჩუმად ვიდექით და ვგლოვობდით, სადღაც ქუჩის კუთხეში უპატრონოდ გარდაცვლილ პოეტს.რომლის სამოსიც ნელ-ნელა იჟღინთებოდა წვიმის წყლით.
იმ წუთში მძულდა სამყარო და ყველაზე მეტად,  ჩემი თავი მძულდა ამ სამყაროში.

დასასრული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები