ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2021


კომპრომატი

ნინო დარბაისელი სტრონი


კომპრომატი


რის მოყოლასაც ახლა ვაპირებ, მოთხრობა რატომ უნდა დავარქვა, წარმოდგენა არა მაქვს. იქნებ სულაც მემუარული მცირე პროზაა. არაფრის გამოგონება არ მჭირდება, უბრალოდ, პერსონაჟების სახელებია შეცვლილი, მაინც საქართველოა და აქ კი ყველა ყველას ნათესავი ან მტერია, ძველი ამბავი კია, ასე, ნახევარი საუკუნის წინანდელი, მაგრამ მე ხომ ძველი სკოლა ვარ!
ვიცი, არაა სასიამოვნო სანათესაოს ამბის გარეთ გამოფენა. თან ყველაფერი ქალაქში ერთ-ერთ ცნობილ ოჯახსაც ეხება, (ადრე ასეთი იყო და ახლა აღარ ვიცი), მაგრამ ხომ არსებობს ამბის ხანდაზმულობის ფაქტორიც. ვის რაღა უნდა დაუშავდეს! მოქმედი პირებიდან მარტო მე და ჩემი და ვართ ამქვეყნად.
ბებიაჩემს ერთი ახლო ნათესავი ოჯახი ჰყავდა. გვეუბნებოდა, ბებია, ჩვენ იმფერი ახლობლები ვართ ერთმანეთის, მეტი სიახლოვე წამოუდგენელია, ერთი სისხლი და ხორცი, მთლად ძმათა შვილიშვილებიო.
ახლა მე რომ გენეტიკურ ხეზე, ჩემს ტოტზე ავბობღდე და იმათი ტოტისკენ ხელი გავიწვდინო, თითსაც ვერ შევახებ. ვისზეც ვყვები, ჩემი ბებიის ბიძაშვილის შვილის ქმრის, ანუ ყვავიჩხიკვისმამიდის ამბავია, ოღონდ, კიდევ ვიმეორებ, ნამდვილი.
გასული საუკუნის დასაწყისში ბებიაჩემის ბიძაშვილი სადღაც, თბილისთან ახლოს, პატარაეზოიან, საკუთარ სახლში ცხოვრობდა.
თბილისური არქიტექტურა ხომ იცით, როგორია, ააშენებ თავიდან ერთ პატარა, ორფანჯრიან ხუხულას,... კარგი, ოთახს! მერე გაიზრდება ოჯახი, გვერდიდან მიუმატებ მეორეს, შეგეძინება ნამატი და ამ ორ ოთახს თავზე დაადგამ სართულს, შიგნიდან მიტიხრ-მოტიხრავ, ცოტა საშუალებაც გამოგიჩნდება და რკინისსვეტებიან ბალკონსაც მიაშენებ კოხტად: მერე დაიზრდებიან ბავშვები და ბალკონის ქვეშ რაც სივრცეა, იქ „კუხნას“ მიუმატებ, იტყვი, მთელი ოჯახი მთელი დღე მაინც პირველ სართულზეა და ვერ ეტევაო და რადგან მინაშენი მოზრდილი გამოგივა, უკანა მხრიდან ძველი ‘’კუხნის“ ადგილას რომ ორი ოთახი დაგრჩა, ერთს ,”ჩულანად” გამოიყენებ, მეორის ფანჯარას - კარებად გაჭრი და სტუდენტებზე გააქირავებ, რომ ორი კაპიკი პურის ფული მუდმივად ჰქონდეს ოჯახს, თანაც გასასვლელი უკანა ეზოდან აქვთ მდგმურებს და იმათი მისვლა-მოსვლა შენ არ გაწუხებს.
ერთ დღესაც გაიხედავ და აღმოაჩენ, სოფელში კი არა, ამასობაში ისე დასახლებულა ირგვლივ ყველაფერი, რომ მთლად ვაკის ცენტრში გიცხოვრია, საკუთარ სახლში.
სახლს მთელს გაყოლებაზე, წინიდან უზარმაზარი, ღია აივანი ჰქონდა მიდგმული, ალბათ სამომავლოდ ისიც ოთახად ჩაფიქრებული, ხელისგულივით მოჩანდა ვაკის პარკიც და მთელი ირგვლივეთიც, სულ ნიავი უბერავდა და არდადეგების დროს იქ ყოფნა გვიყვარდა მე და ჩემს დას, შიგნით მარტო დასაძინებლად თუ შევდიოდით.
ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყოლია. ბიჭები დაიზარდნენ, რუსეთში წავიდნენ და იქ შექმნეს თავ-თავიანთი ოჯახები, მამა - გარდაიცვალა, სახლში ქეთო ბიცოლა და გასათხოვრობას ცოტა გადაცდენილი მზია დეიდა იყო დარჩენილი. ერთმა მეზობელმა, რომელიც ქეთო ბიცოლასთან დაქალობდა, სახელად თინა კაკაურიძემ, იყოჩაღა და სოფლიდან ჩამოსული თავისი იმერელი ნათესავი ბიჭი, ალეკო, რომელიც მანამდე ჩვენებთან მდგმურად იდგა და როგორც უფროსები იმეორებდნენ, მზიასა და მას ერთმანეთისკენ წესიერად გახედულიც არ ჰქონდათ, ქმრად გაურიგა.
თან ყველა დაარწმუნა, ცოლი ქმარზე პატარათი დიდი უნდა იყოს, ოჯახი რომ კარგად აეწყოსო.
იმ დროს, მე რომლის ამბავსაც ვყვები, ორი ბიჭი ჰყავდათ, ჩვენზე უფროსები, თორმეტ-თოთხმეტი წლისანი, ორი წელი რომ დიდ ასაკობრივ სხვაობად გეჩვენება, ეს ის პერიოდია. რომ არც გეთამაშებიან და საერთოდ, არც ვინმედ გთვლიან, მაგრამ აღზრდა აიძულებთ, თავაზიანად მოგექცნენ და დროზე გაგეცალონ.
მზია დეიდას ჩვენთან სტუმრობაც უყვარდა და თავისთანაც ხშირად მივყავდით დები არდადეგების დროს. თან ივნისიდან მასობრივი კამპოტობანა იწყებოდა და ქეთო ბიცოლას კიბეებზე ასვლა-ჩასვლა ან სამლიტრიან საკამპოტე ქილაში ხელის ჩაყოფა და მიტრიალ-მოტრიალება, რომ საპნით კარგად გამოერეცხა, უკვე აღარ ეადვილებოდა, ჩვენ კი მართლაც დაუზარელი ბავშვები ვიყავით.
ალეკო ბიძია ძალიან დიდი მეცნიერი გახდა, ფიზიკის პროფესორი, როგორც ქეთო ბიცოლა ამბობდა, მისით მთელი მსოფლიო გადარეული იყო, ეს ვინ მოგვევლინაო.
თავაზიანი, წყნარი კაცი იყო. რომ ვისადილებდით, თავის თეფშს აიღებდა და სხვებივით ონკანქვეშ კი არ შედგამდა, გარეცხავდა, კარგად გაამშრალებდა და ჭურჭლის კარადაში მიუჩენდა ადგილს. რომ მივიდოდით, აუცილებლად თბილად მოგვიკითხავდა და თითო ხელ ჭადრაკს გვეთამაშებოდა. მერე ავიდოდა თავის ოთახში და ახალ გამოკვლევას წერდა იმის შესახებ, თუ როგორ გაეძვრინა ლაზერის სხივი „ვალაკნოში“. სხვათა შორის, ის სხივი, მეცნიერებაში მისი სახელით, უფრო სწორად, გვარით იყო დამკვიდრებული, ანუ ქამთაძის სხივს უწოდებდნენ.
მოდი და ნუ იამაყებ ასეთი ნათესავით!
ჩვენ აივანზე გვიყვარდა ყოფნა-მეთქი, მაშინ კონდიციონერები და ასეთი რაღაცეები ჯერ მოგონილი არ იყო. გარეთ დათბებოდა თუ არა, მას შემდეგ ზალის ორი ფანჯარა, რომელიც აივანზე გადმოდიოდა, სულ ღია ჰქონდათ და უცებ ამოვარდნილ ქარს რომ არ ჩაელეწა, ქვეშ ქათქათა მიტკალში გახვეული, რაღაცნაირი, მორბილო სამკუთხედები ჰქონდათ ამოდებული. სულ მაინტერესებდა, რა იყო იმ მიტკალქვეშ და საერთოდაც, მეტისმეტად, აი, მეტისმეტად მოწესრიგებული ოჯახი იყო ბავშვებიანად. თითქოს კი არ ცხოვრობდნენ, არამედ ცხოვრების საპატიო მოვალეობას იხდიდნენ ერთად. აბა, ჩვენსავით მხეცები და ტყიურები კი არ იყვნენ, შინ ხელდაუბანლად, ცხენებივით ფეხზე დამდგრები რომ ვჭამდით, ჭერზე დავრბოდით და სახლს თავზე ვიმხობდით.
დილაადრიანვე ქეთო ბიცოლას მოხმარებას რომ მოვილევდით დები, აივანზე ჭილის რაღაცნაირ სარწეველა-სავარძლებში წყნარად ვისხედით ერთმანეთის პარალელურად, კოპწიად დაბანილ-დავარცხნილები, პუჭპუჭებიან კაბებში შემოსილები, ქეთო ბიცოლას თქმისა არ იყოს, ჩვენს შეხედვას არაფერი სჯობდა და მთელი დღე ვკითხულობდით შერლოკ ჰოლმსს, ჟიულ ვერნს, ბალზაკის ტომებს ან ჰიუგოს უზარმაზარ წიგნს „საბრალონი“, ზედ რომ შემაშინებლად დაჯღანული კაცი ეხატა. ზუსტად დათქმულ დროს ზალის დიდი საათი რომ დარეკავდა, გავიგონებდით და ჰაეროვნად დაბლა ჩავდიოდით სადილად, რაღაცნაირად მოგვწონდა დებს ცოტა ხნით ასეთ კულტურულ რეჟიმში ცხოვრება და მე იმასაც კი ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, როდესმე თუ საკუთარი სახლი მექნებოდა, მეც სულ ასე კულტურულად ვიცხოვრებდი.


***
ერთ დღესაც ალეკო ბიძია, რომელიც სადღაც, ფიზიკის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, სამსახურიდან დაძაბული დაბრუნდა. ...
ჰო, მანამდე ძალიან დიდი მეცნიერი, მისი ინსტიტუტის დირექტორი გარდაიცვალა და თვითონ მის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ სამსახურში ძველებურად, ტროლეიბუსით დადიოდა, თუმცა შეეძლო, დირექტორის მძღოლიანი, შავი ვოლგა, რომელსაც ადრე ერთი-ორჯერ სახლშიც მოუყვანია, ჩვეულებრივ გამოეყენებინა.
ზალაში ცოლი, სიდედრი და ძია ალეკო ოვალურ მაგიდასთან ისხდნენ და უწყნარესად საუბრობდნენ, მაგრამ მე მქონდა უდაცქვეტილესი ყურები.
- დღეს სასწრაფოდ პარტიის ცეკაში გამომიძახეს, კადრების განყოფილებაში. ინსტრუქტორი გამესაუბრა. შენი დატოვება უნდათ დირექტორად, მაგრამ საბუთები არა გაქვს წესრიგშიო. ვუპასუხე, წარმოუდგენელია, ალბათ რაღაც შეცდომაა-მეთქი. დამიდო წინ საქაღალდე და აგერ ბატონოო, თვითონ გადაათვალიერეთო. გამოვართვი, გადავათვალიერე და კიდევ გავუმეორე, ნამდვილად ვერ ვხედავ შიგ რამე უწესრიგობას, ყველაფერი სწორად მიწერია-მეთქი. სწორედ ამაშია საქმეო, მიპასუხა.
ერთი ფიქრი კი გავიფიქრე, ეშმაკს არ სძინავს, იქნებ ვინმემ მიმტრო და ჩემზე რაიმე ტყუილი საჩივარი დაწერა, ახლა, საბჭოთა კავშირშიც და უცხოეთშიც ბევრგან ვარ ნამყოფი კონფერენციებზე, მაგრამ გვერდზე არასოდეს გამიხედავს. სასტუმროს ნომრიდან ჩემი მოხსენების წასაკითხად გამოვდიოდი მარტო. მეუბნება, ამხელა მეცნიერი ბრძანდებით, ამხელა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობამდე მიგიღწევიათ და ისიც კარგად გეცოდინებათ, რომ ნომენკლატურულ თანამდებობაზე დანიშვნას „დოპუსკი“ სჭირდება, „დოპუსკს’ კი კაგებე არ მოგცემთ, თუ რამე კომპრომატი არა გაქვთო. სასწრაფოდ, რამე კომპრომატი უნდა მოგვიტანოთო, თანაც მოქმედიო.
ამას მოჰყვა განმარტება, თუ რას ეწოდება კომპრომატი, რას ნიშნავს მოქმედი და რით განსხვავდება იგი რიგითი კომპრომატისგან, რომ ქეთო ბიცოლას გაეგო, სად, როგორ და რა ეშოვა.
- რა ვქნა, აგერ ვარ და თუ გინდა, მომკალი მე და გექნება კომპრომატი!  აბა, სხვა რა გავაკეთო! - წამოიძახა სასოწარკვეთილმა ქალმა.
ჩამოვარდა დიდზე დიდი სიჩუმე და მზია დეიდამ ამოიღო ხმა:
- მორჩა! მე ვიცი, რა უნდა ვქნათ, სასწრაფოდ ხელი უნდა გავაწეროთ, მაინც ორი ბიჭი გვეზრდება და ცალ-ცალკე ბინა დასჭირდებათ, აღრიცხვაზე დადგები სასწრაფოდ აკადემიაში, ამას ყველაფერს მე მივხედავ, უშენოდ მივალ-მოვალ და ანონიმკა დაიწერება ცეკას სახელზე, რომ განგებ გაიუარესე საცხოვრებელი პირობები.
ვადა რამდენი გვაქვს? ერთი თვე, არა?! ყველაფერი მოესწრება!
გადაწყვიტეს.
***
ჩვეულებრივ, ქამთაძეებში ორი-სამი დღით მივყავდით. ახლა, რაკი “ანონიმკა” სწორედ მე უნდა გადამეწერა მოწაფური ხელით, თანაც ბედად არდადეგები გვქონდა, თავისთან ხანგრძლივად დამიტოვეს და გაძლიერებულ, ერთთვიან, მურაბულ-ნამცხვრულ-ტორტულ კვებაზე გადამიყვანეს, ტაკოს ძლივს ვეზიდებოდი კიბეებზე. თან საჩუქრებსაც არ მაკლებდნენ, ნახევრადსავსე სუნამოსა და მანიკურის ბოთლებიო, მარაოებიო, მძივებიო, რა გინდა, სულო და გულო!
ყველაფერი იმაზე ადრე მოგვარდა, ვიდრე ვადა ითვალისწინებდა. დამიდეს წინ ფურცელი და კოხტად გადაათეთრეო, მაინცა და მაინც მაშინ ამებლანდა თითები, ყოველ ცდაზე შეცდომას ვუშვებდი, ბოლოს როგორც იქნა, ასე, ალბათ მეოცე ცდაზე ჩავაღწიე ბოლომდე.
      შიგ ეწერა:

 
საქართველოს პარტიის ცეკას მდივანს, ამხანაგ ამასა და ამას:


გაცნობებთ რომ მოქალაქე ალეკო ხამთაძემ, მცხოვრებმა ბარნოვის ამა და ამ მისამართზე შეგნებულად გაიუარესა საბინაო-საცხოვრებელი პირობები, მმატჩის ბიუროში, დაჩქარებული წესით,  ხელი ფიქტიურად გააწერა მეუღლესთან მზია ლაღიძესთან, რისი მეშვეობითაც დადგა მიმდინარე კოოპერატიულ საბინაო აღრიცხვაზე და ბალანჩივაძის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში, მისთვის საერთო რიგის დარღვევით გამოყოფილ იქნა 52 კვადრატული მეტრი  ფართის მქონე ბინა.
მისი ამგვარი მოქმედებით არა მხოლოდ ჩრდილი ადგება საბჭოთა მეცნიერის სახელს, არამედ ირღვევა სსრკ საბინაო კანონმდებლობა.
გთხოვთ, მოახდინოთ რეაგირება და დაუყოვნებლივ მიიღოთ შეაბამისი ზომები.


კეთილის მსურველი


წაიღო ეს განცხადება ძია ალეკომ და ჩვენ რომ გვეგონა, ყველაფერი მორჩა, ცეკას კადრებიდან ისევ დაღონებული დაბრუნდა.
მოსკოვიდან რაღაც, ახალი დადგენილება მოვიდა, ანონიმკებზე რეაგირების წესი უქმდებაო. ანონიმური არ უნდა იყოს განცხადება, საჭიროა, ხელი მოაწეროს ვინმემო.
ისევ ქეთო ბიცოლამ იმარჯვა, თინა კაკაურიძეს სთხოვა. თინამ, რაზეა ლაპარაკი, ჩემი ალეკოსა და მზიას გულისთვის განცხადებაზე კი არა, თუ გინდათ, დახვრეტაზე მოვაწერ ხელსო, ოღონდ თითებში მარილების დაგროვება მაქვს, ვეღარც ვკაკვავ, კალამს ვერ ვიჭერ და მე არ გადამაწერინოთო. საბოლოოდ ჩემი ხელნაწერი ფურცელი ასე გაფორმდა:


“კეთილის მსურველი”-ს მერე ჩემი ხელით, ჩამომწკრივებულად:


რკინიგზის საპატიო ინჟინერი
მეორე ჯგუფის ინვალიდი
თინა კაკაურიძე
მისამართი
და ბოლოში - თინას ხელმოწერა


და რომ გვეგონა აი, ახლა კი ყველაფერი საათივით აეწყო და აწიკწიკდა, ცეკადან ალეკო ბიძია ისევ დაღონებული მოვიდა, ახლა კიდევ განცხადება უნდა დავწერო სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე და ხელი მოვაწეროო.
გადაირივნენ ქალები:
-ჯერ არ დაუნიშნიხარ და უკვე სამსახურიდან გხსნიანო?!
აუხსნა:
- წესი ყოფილა ასეთი: ნომენკლატურულ თანამდებობაზე ვინც მიდის, ყველას აწერინებენ თურმე. ხელს მოაწერ და თარიღის ადგილია ღია. თუ უცებ შენი მოხსნა მოუნდებათ, მარტივად, მზაში მარტო თარიღს ჩასვამენ...
ამდენი რამ გამოვიარეთ ერთად და ეს რაღა იყო!
ამის შემდეგ კაგებეს „დოპუსკიც" ელვის უსწრაფესად მოვიდა, ბრძანებაც უცებ დაიწერა და შინაც შავი ვოლგით და დათუნია კამფეტებით და შოკოლადებით დატვირთული მანქანით მიმაბრძანეს.
წლები გავიდა. მასზე ხელქვეითები და გარეშენიც სულ ამბობდნენ, კარგი დირექტორიაო.
თბილისი პატარა ქალაქია და ცხადია, მას შემდეგ არაერთხელ შემხვედრია.
აი, ცხოვრებაში ვინმე ადამიანთან საზიარო საიდუმლო რომ გაქვს და შენ ამის გამო გეახლობლება, ის კი სწორედ ამისავე გამო, თვალს გარიდებს ან ცივად გესალმება, სადმე პანაშვიდზე ან თავყრილობაზე რომ შეხვდებით, გამოგიცდიათ?
ასეთი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა ჩვენს შორის.
ოცი წელი იყო თანამდებობაზე, მერე ქვეყანა აირია.
ინფარქტს დაურტყამს კაბინეტში, მისი ინსტიტუტი სულ რომ გაუუქმებიათ.
ისეთი დრო იყო, ამბავს ვერ გებულობდი ადამიანი.
გასვენებაში არ ვყოფილვარ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები