ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2021


განძილვა

ნინო დარბაისელი

განძილვა

    სკოლის თემებზე საუბარს შევყევი და  ჩემი ტრაგიკული სიყვარულის ამბავი გამახსენდა, ზეპირად ბევრჯერ მომიყოლია, ძირითადად კოლეგათა სუფრაზე  და ერთხელ ფეისბუქზეც კი წავაწყდი, საერთო კედელზე ვიღაც წერდა, ვითომ თვითონ შეემთხვა.
რა ვიგრძენი?
რაკი  ფოტოს დავხედე და პირადად არ ვიცნობდი, რაღაცნაირად გამიხარდა, ეტყობა, საერთო მეგობარი გვყავს ვიღაც და იმან უამბო-მეთქი.
ან რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს ტიპობრივი შემთხვევაა და სხვასაც შეიძლება დამართოდა?…
მოკლედ, ვარ მერვე კლასში, სწავლა ახალი დაწყებულია და ერთი პარალელურკლასელი, გაქანებული სამოსანი  ისე მომწონს და იქნებ მიყვარს კიდეც, ბიჭები რომ გუნდად დგანან სკოლის გამოსასვლელში, თუ ისიც იქაა, როგორც უცებ ბნელში ანთებული ნათურა გჭრის თვალებს და პირდაპირ ვერა და ვერ  უყურებ, ისე მემართება.
ერთ დღეს მაჩერებს და  მეუბნება, რაღაც მოვიფიქრე და  არ გინდა მომეხმაროო?
ქართულმა გვითხრა, საკონტროლოზე შუშანიკიდან  დავწერთ რამეს, ან  დახასიათებას  ან გარჩევასო.
პირველ წერაზე ახალი რვეულები ხომ გვექნება ქართულის საკონტროლოზე, თემა დამიწერე, შენთან მოვალ, გადავათეთრებ და რუსიკო (ქართულის მასწავლებელი) რვეულების ასაკრეფად რომ ჩამოივლის, კლასში დაწერილს დავმალავ და სახლიდან მიტანილს დავაწერ,  რასაც გამოაცხადებს სათაურს და ისე  მივცემო.
  ჯერ ხომ თემა დავუწერე იმისთანა, ლამის  ცოცხალი შუშანიკი თავისი ვარქსენ-ჯოჯიკიანად  ჩავუსვი შიგ.        ყველა სიტყვა ორთოგრაფიულ ლექსიკონში სათითაოდ  შევამოწმე,    თან  მართლა ისე მოვახერხე, გინდა დახასიათება მოეტანა, გინდა გარჩევა მასწავლებელს, ორივეს მოერგებოდა,
ის კი არა და  უცებ რომ შეეცვალა  და დაეწერინებინა “ქალის სახე ქართულ აგიოგრაფიაში”, (სჩვეოდა რუსიკო ებრალიძეს ეგეთი ამბები), იქაც ივარგებდა.
მერე, გადასაწერად რომ მოვიდა, რულეტიც ხომ დავახვედრე ვაშლის ჯემით ( ჩემი გამომცხვარი)  და კოლოფით შოკოლადი ,,ჩიტის რძე” და თავზე დავადექი,  რამე რომ არ შეშლოდა გადაწერაში. ერთი ათი მწვანე, ცალხაზიანი რვეული მაინც გავაფუჭეთ.
მთელი საღამო თავი არ აგვიღია, როგორც იქნა, ჩავედით ბოლოში.
ბოლოს სასვენი ნიშნებიც გადავამოწმე,  მეზობელი პენსიონერი ქართულის მასწავლებელი მყავდა, იმასაც გადავაკითხე და ხუთიანზეაო.
    მეორე დღეს, გაკვეთილების მერე სკოლის მთავარ გამოსასვლელში შევეჩეხეთ და უსიტყვოდ, ზემოთ აწეული ცერით მანიშნა, მაგრადაა საქმეო.
კვირის თავზე კი  ქართულმა წერაში  ორიანი გამოუცხადა.
  წარმოუდგენელი იყო!
  თუ შენიშნა, რვეული რომ შეცვალა ჩემმა ცეცხლისმომკიდებელმა, რატომ არაფერი უთხრა… იქნებ მეტისმეტად კარგი რომ იყო, მიხვდა,  მისი დაწერილი რომ ვერ იქნებოდა… 
    ფაქტია, რომ ორჯერ გავუარე გვერდით და  ბიჭი ზედაც არ მიყურებდა…
  როცა ჩვენს გაკვეთილზე შემოვიდა რუსიკო,  გამოძახებებს რომ მორჩა, ვიდრე  ახსნაზე გადავიდოდა გვაჩვენა რვეული,  აი რაში ვწერ ორიანსო
  თემას სათაურად  ეწერა:

,, წუწანიკის შამება”
  (განძილვა)

დანარჩენი  ტექსტი  მთელ ფურცელზე წითლად, ჯვარედინად  იყო გადახაზული.
  ჩვენი სასიყვარულო  ურთიერთობა როგორ გაგრძელდა?!
არც რანაირად!
მერე სხვა  სამოსანი შემიყვარდა, ოღონდ  მაღალი კლასიდან და ძალიან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები