ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2021


მე - მოთამაშე

ნინო დარბაისელი

მე - მოთამაშე

დიახ, ფრჩხილებიც  დამიჭამია
და ტუჩებიც არაერთხელ დამიკვნეტია სისხლის მომლაშო გემომდე და
დიახ, ხმამაღლაც მიბღავლია მარტო ჩაკეტილს,
თვითმკვლელობაზე სხვას ნეტა ვის არ უფიქრია ასეთ წუთებში,
გამონაკლისი მე ერთი რომ ვყოფილიყავი!

ეს - ყველაფერი  სულ წასვლამდე და წასვლის მერე,
ხოლო მანამდე, ჩემო კაცებო,
კაცუნებო თუ ზეკაცებო,
მინდა,  გჯეროდეთ ძველებურად,
რომ სიყვარული  თქვენდამი მართლა ასე დაიწყო -
- სინათლისაკენ  ზეაპყრობილებს ამოგხაროდით:

- ღმერთო,
როგორი ერთადერთია,
მიუწვდომელი,
რა ფერადი,
რაღაცნაირად გამჭვირვალეც,
ღმერთო, როგორი სიმეტრიული,
რა წამიერად რეაგირებს სულ უუმცირეს შერხევაზე!

მერე ცოტა თუ დიდი ხნის შემდეგ,
მე - მარადი ცნობისმოყვარე,
როგორც ოდესღაც, ბავშვობაში კალეიდოსკოპს,
გიჩხიკინებდით,
გხსნიდით,
გამტვრევდით
და  გულგატეხილს წინ მეყარა-
დამიწებული მიუწვდომლობა:

რაღაცა მილი,
ერთი მართკუთხა, მოგრძო სარკის  ბასრი
ნაჭერი,
იმავე ზომის ორი შუშა,
(ფრთხილად,  წარსულის მოგონებავ,
ზედ ძველებურად რამე აღარ  გადაისერო!)
წითელი,
ლურჯი
ნაზ-ყვითელი,
ხასხასა მწვანე და ასე შემდეგ,
ფერად შუშათა  პაწაწკუნტელა ნამსხვრევები,
ამ ყველაფერზე  ერთიანად შემოსახვევი შავი ქაღალდი…

რა სექსი ანდა უსექსობა!
აი, ეს რჩება  ქვეცნობიერს  სიყვარულისგან, სხვა არაფერი!

მერე,
თუ ისევ მოგენატრა და მოიცალე,
დაჯექი შენთვის
ძველებურად ააწყვე
და ჩხაკუნიდან - ჩხაკუნამდე დაატრიალე!

სარკე,
შუშები
შავი ქაღალდი,
ასაწყობად
მთელი კომპლექტი  - ერთიც გეყოფა,
მოგონებებში
ნატეხები და ნამსხვრევები უნდა ცვალო
და აღტაცდე  ყოველ  ჩხაკუნზე:

-ღმერთო,
როგორი ფერადია,
მიუწვდომელი,
ან როგორი ერთადერთია!

ჰო, აი, ასე!
მოგონებებიც ცხოვრებასავით ასაწყობია,
- საბედნიეროდ,  ათიათასჯერ შეგიძლია გრძლად გაწოლილი წარსულის ძლევა,
ხოლო ცხოვრება, სამწუხაროდ, -  მოკლეა და ერთხელ გვეძლევა!


- - -
მინაწერი:

მეგობართა  ერთი ნაწილი მუდმივად მირჩევს, მივანდო ლექსი მკითხველებს და დავანებო “თვითკრიტიკულ ხარაკირს” თავი.
ბოლო დროს ვცდილობ, ასეც მოვიქცე… მაგრამ როცა გონიერ მკითხველს არ გამოეპარება და სწორედ იმაზე დაიწყებს საუბარს, რაც ჩაიფიქრე, ხომ უნდა უპასუხო, მაგალითად ასე:

“მადლობა თამრიკო!
რა ზუსტად ჩასწვდი ჩანაფიქრის არსს.
მე უბრალოდ, განვაგრძობ ფიქრს, რომ დე- კონსტრუქცია - არსით, წარმოსახვითი აქტების ერთობლიობა, ანუ პროცესია, რომელიც მიმართულია კონ -სტრუქციის გამოვლენისაკენ.

ფიზიკური, ლიტერატურული ტექსტი წინაც რომ გედოს და  მასზე დაყრდნობით ტექსტადაც რომ აყალიბებდე საკუთარ სვლებს,  არცერთი ტექსტი, არც პირველადი, არც მეორადი არასოდეს არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე პარტიტურა - მუსიკისათვის.

არცერთი დე - კონსტრუქცია არ ჩაითვლება წარმატებულად, თუ იგი არ ხსნის  კონსტრუირების მექანიზმს და ამით  - არ აჩენს შესაძლებლობას რე- კონსტრუირებისთვის.

ამ კონცეფციაზეა დაყრდნობილი ლექსი.

  იგი  - წარმოსახვაზეა.
    ლექსის პერსონაჟი ქალი რას აკეთებს?

ბავშვობისდროინდელი, დე-სტუქციული გამოცდილების - კალეიდოსკოპის დაშლის ანალოგიურად, წარმოსახვაში ახდენს წარსულის ხსოვნის  დე- კონსტრუქციას.
იგი ახდენს რა  ხსოვნის, როგორც მოცემულობის დე-კონსტრუირებას, არსობრივ, ძირითად, ღერძულ…,  ვთქვათ,  თუნდაც ტიპობრივ მექანიზმს - (მილი,  სარკე, ორი შუშა, შავი ქაღალდი)  მიმართავს მუდმივად, მაგრამ ყოველ ჯერზე უცვლის, უმატებს  ინდივიდუალურ შემადგენლობას (ფერადი ნატეხები, ნამსხვრევები) ანუ ახდენს  მრავალგზის, წარმოსახვით, ილუზორულ (!) კონსტრუირებას, პროცესს, რომელსაც საკუთარი ნებითა და სურვილით    უძღვება, რათა ცნობიერად ჩაერთოს ილუზორულ (!) სიმეტრიულ მოულოდნელობებში.
(ნუ,  შუაში ცოტა, ფსიქოანალიზიდანაც დამჭირდა რაღაც, სექსის მომენტთან - ფიზიოლოგიისა და მეხსიერების ამბებს რომ გავუარე).

ჰო, კიდევ მრავალგზისობისა და  ერთჯერადობის პრობლემა შემოვიტანე ფინალში.

პოეტურად ექსპლიცირებული კონცეფცია ამბობს, რომ
წარსულის მეხსიერება  არის მოცემულობა, რომელიც მრავალგზის ინტერპრეტირებას ექვემდებარება.

ხოლო სიცოცხლე შედგება  არა მხოლოდ წარსულისა და მისი ხსოვნის,  როგორც დროითად ფლექსიბელური მოცემულობისაგან, არამედ მოუხელთებელი  აწმყოსა  და კიდევ არაპროგნოზირებადი, ანუ არა მოცემულობითი მომავლისაგან, თანაც მოკლეა.
მერე ეს ყველაფერი ნაივურ გარსში ჩავსვი და ლექსიც მზადაა.”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები