ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2021


თამრი

ნინო დარბაისელი

თამრი

ამ ბოლო დროს სარკეებს სულ მრუდეებს უშვებენ! -
ჩაიხედავ,  - ვიღაცას,  - შენს ვერსიას აჩვენებს,
ოღონდ ფორმადაკარგულს, უცხოდ სხეულმოშვებულს,
თვალებს რა დაემართათ ამ სხვისას და ან ჩვენებს!

ძველებურად ვერ ვიხდენთ, გოგო, რამე მოსახდენს,
ხან  ფეხები გვაწუხებს, ხან წელი და გვერდები,
აღარ ვიბრძვით ვეფხვივით, ვეგუებით მოსახდენს…
თამრი, რა გვჭირს ნეტავი, თამრი, ხომ არ ვბერდებით?

ზოგჯერ ვერ გაგვიგია, ასე რა გვაგულისებს,
აღარც გვეთუმცავება,  აღარც გვემაგრამება.
ეპიზოდურ როლში ვართ, მივეჩვიეთ კულისებს, თამაშდება სცენაზე შვილიშვილთა დრამები.

ქარმა წარმავლობისა  ასე როგორ დაბერა,
ვინმე უცხო თუ გვიცქერს, დაძაბულნი ვიცინით.
თანატოლნი გვხვდებიან, ვამბობთ, “რამ დააბერა”,
და ვინ იცის,  ასევე იძახიან ისინიც.

მეგობრები მიდიან, ყოფა შემოგვატოვეს,
დატირება - ჩვენ გვიწევს,  გზად ყვავილთა დაგება…
თამრი, როგორ გავუძლოთ  ამ დარდს, ამ სიმარტოვეს,
ვამბობთ ნაღვლიანები, “ჩვენი ჯერიც დადგება”!

მეგობარო სიყმისა, შენი დარდი აქა მდევს,
მწერ, “თუ სადმე  სენია, სულ მე შემომესია”…
თავს მიხედე, იცოდე, თანამდევო აქამდე,
კარგად უნდა დავბერდეთ, დღეგრძელობის წესია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები