ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2021


გაქცევა

ჩემი ცხოვრება  უნდა იყოს  შოუ,შენ კიდევ ,
რატომ გგონია დავარცხნილმა უნდა ვიარო?–
ხელს ნუ შემიშლი,ამ საშინელ შოუშენკიდან
უნდა გავიქცე,ნუ დამტოვებ ზურგის  ნიავო!
არ მიმატოვო ჩემო ქარო,ცამდე ამწიე,
არ მეშინია , მიყურებდეს ხალხი დაცინვით.
ეს გაუმარჯოს  მთას,რომელსაც ვერ მივაღწიე,
ეს გაუმარჯოს,ქარს რომელიც  ვერ  გამაციებს.
მიდი ჩაბერე,მესაყვირევ, საყვირს ჩაბერე,
მოუსვი  ნიჩბებს მეზღვაურო ,მაგრად მოუსვი ,
და ვინახულოთ ავსტრალია :პერთი, კანბერა,
სანამ გაყინავს დიდ ოცნებებს  ჩრდილო პოლუსი.
ბუშტებს გავბერავ  ,თოკს შევაბამ .მოდი,ახლავე
წავიდეთ სადმე  .ეზო დავთმოთ , ნუ დაგვაკავებს
ნურც  სასაფლაო, ნურც  წინაპრის ნამოსახლარი,
სულს  სადაც დავლევთ ,ქარმაც იქვე დაგვასაფლავოს!
ნუ გამაჩერებ.ეს  ქვეყანა  არ გაპატიებს
არც ნიჭს,არც სიცილს,შენი წმინდა ცრემლის სიწრფელეს.
მალე პოეტებს დაგვარქმევენ ქარიფანტიებს,
და ყრუ  კედელთან დასახვრეტად გამოგვიწევენ.
უკანასკნელებს მოგვიშვერენ ალბათ  კამერას,
გადაიღებენ  დოკუმენტურ კინოს: მგზავრები
როგორ ვიყავით,  რომ დრომ გვცემა,დრომ დაგვაბერა
და გადავშენდით  ერთ  დღეს ,როგორც დინოზავრები .
ჩემი ცხოვრება  უნდა იყოს  შოუ,შენ კიდევ ,
რატომ გგონია დავარცხნილმა უნდა ვიარო?–
ხელს ნუ შემიშლი,ამ საშინელ შოუშენკიდან
უნდა გავიქცე,ნუ დამტოვებ ზურგის  ნიავო!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები