ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2021


ბოზებისა და პატიოსნების

შემახსენა

ნინო დარბაისელი

ბოზებისა და პატიოსნების
---- --

პატიოსნებო,
სულით ხორცამდე პატიოსნებო,
გულით გიყვარდეთ ბოზები და ბოზანდარები!
ილოცეთ მათი გამრავლებისა,
კარგად ყოფნის და დღეგრძელობისთვის!
ისინი რომ არ არსებობდნენ,
განა ამქვეყნად თქვენს უმწიკვლო პატიოსნებას რაიმე ფასი დაედებოდა?
არადა, რაა პატიოსნება,
თუ ზედ ფასიც კი აღარ ადევს?
ვისთვის ან რისთვის, -
სიმარტოვეში დათმენილი დღეები და ღამეები,
ან დათმენილი ყმაწვილქალობა, ქალობა და მთელი ცხოვრება?
ვის რაში უნდა,
სასწორის პინა - მომლოდინედ თუ არ ქანაობს?

და თქვენც, ბოზებო,
შეიყვარეთ პატიოსნები!
კვლავ შურნარევი მოკრძალებით ახედეთ ხოლმე,
ტუჩის კუთხიდან ზიზღნარევი ღიმილით რომ ზედ დაგხედავენ ანდა პირიქით, ჩამოხედეთ, როცა მალულად, თვალის ზედა ქუთუთოს ქვეშით ამოგხედავენ
და დღენიადაგ ილოცეთ მათი დღეგრძელობისთვის!
ხომ იცით, ერთიც არ არსებულა თქვენში არასდროს, თუნდაც ყველაზე დაცემული,
ვერწამომდგარიც,
დანაცრულ გულში ნაღვერდალივით რამენაირ პატიოსნებას არ ინახავდეს,
არ ჰქონდეს ერთი მცირე კუნჭული,
“სავსე ქართული პატიოსნებით”.
რა ბევრი უნდა იმ ნაღვერდლის აღუებას, ერთი ტკბილი და ერთი კეთილი სულის შებერვით
ჯერ ნაცრის გაცლა,
ერთი შებერვაც და სიბნელეში აგიზგიზდება,
ოღონდ შიგ გულში შეჭრილ ქარებსა და
დაუნდობელ ქარიშხლებს კი უნდა არიდოთ
და თქვენი ღვაწლით პარტნიორი თავდავიწყებას როცა ეძლევა,
ისე, რომ საქმეს არ წაუყრუოთ,
ჩამოუყევით წარმოსახვაში
თქვენს დიდ-პატარა თავგადასავალებს,
სადაც ოდესღაც ნებიერი,
ან მართალი და უსამართლოდ ცოდო იყავით,
მოცახცახე ბაჭიასავით;
სადაც სუფევდით მწვერვალებზე და არ იცოდით, რომ მწვერვალები ცაში ეკიდა, დაბლა - მშიერი ქვესკნელი იყო,
მაწიერი ჭიაყელას მოლოდინში პირდაფჩენილი
და ძალიანაც ნუ დაგწყდებათ რამეზე გული...
მოვა სიბერე,
თუ იქამდე მიატანეთ,
და დარწმუნდებით
რომ სიბერეში არავინაა ნაბოზარზე
განუხრელად პატიოსანი.
მონანიებაც - მოესწრება,
არასოდეს არაა გვიან.

თქვენ, ბოზებო და პატიოსნებო, კაცობრიობის გარიჟრაჟიდან ამდღევანდლამდე  ორი ხე დგახართ,
ერთი ჰამაკის ჩამობმაზე დაშორებული,
ფესვმაგარი,
თუმცა ტოტებშემოლეწილი და თქვენშუაა, თქვენიმედზეა მოქანავე მონოტონურად, მოჩვენებითი თვალმილულვით
ის, რაც შიგნიდან დუღს და გადმოდუღს,
ადი-ჩამოდის,
კისერს წაიმტვრევს ჩამოვარდნილი,
მერე ისევ აბობღდება,
ერთ ადგილს კი ვერასოდეს ვერა შორდება,
ხოლო სახელად ცხოვრება ჰქვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები