ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2021


არ შემობრუნდე

                                თ-ს
შენ რომ წახვედი,
მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა -
არც ქვიშა დარჩა.
მეც ბევრი ვიარე, გზა დამელია;
აღარც ბილიკი, აღარც შარა...
სადმე გინახავს მგზავრი უგზოდ?!
ცარიელი ადგილები ტკივილებმა დაიკავეს,
ეშმაკებივით, მიტოვებულ საყდარში;
ყველა ლოდინი ექოდ იქცა,
ძილი - სიზმრად,
საიდანაც უნდა გავრბოდე...
იცი, რა მძიმეა გზადალეული სხეული,
სად გაიქცევა?!
გაქცევას შიშად ნუ ჩაუთვლი ადამიანებს.
რომ მოხვალ მერე,
ვერ მომიტან ჩავლილ წყალს,
ვერც ქვიშას შეძლებ,
ვეღარც საყრდიდან მოიშორებ
ღვთის პირიდან გადავარდნილ ჭინკებს, მაქციებს...
დიდი ხანია, უგზო მგზავრად გადამაქციე,
და სულ ერთია
რომელიმე ძილად მოხვედი
თუ უბრალოდ სიზმარი ახდა.
მე მაინც გეტყვი, რომ ნამდვილი ტკივილები აქ არ ყოფილან,
სიცარიელის ექოს დავმალავ.
დაგმალავ დახუჭულ თვალებს შიგნით,
და როცა წახვალ,
ისევ წახვალ...
შენი ზურგიდან დაიწყება ჩემი სიკვდილი.
არ შემობრუნდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები