ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 ივლისი, 2021


როგორ გავხდეთ გენიალური ფეისბუქ-პოეტი უმოკლეს დროში

დილაუზმოს ფიქრებიდან

როგორ გავხდეთ  გენიალური ფეისბუქ-პოეტი უმოკლეს დროში
(იუმორესკა)

  არ ვიცი, სხვა სფეროს ეს იდეა რამდენად გამოადგება, მაგრამ ფეისბუქურ პოეზიას კი ზედ აკვდება.
    როგორ უნდა მოიქცეთ, თუ  გინდათ, თავიც დააჯეროთ და  საახლობლო-საშორეულო გარემოც, რომ ქართული პოეზიის ცაზე აღმობრწყინებული ცისკრის ვარსკვლავი ხართ?!
    ახლა ვიღაც მეტყვის, კლასიკა უნდა შეისწავლოო, ათასი უნდა იკითხო და ერთი წეროო, ლექსის თეორიაზე სადაც რას წააწყდები, ხელიდან არ გაუშვაო;
გამოქვეყნებამდე ლექსში ყოველი  სახე, სიტყვა, ბგერა,  ყოველი სასვენი ნიშანი უნდა გამოსცადოო, მაგალითად, მის ნაცვლად, რაიმე სხვა ჩასვა და დააკვირდე, ორგანულ ცვლილებას იწვევს თუ არა და  როგორსო და აშ.,  მაგრამ მანამდე, რაც მთავარია, “ ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო”…
    ნიჭიერი ხარო, ამას ხომ საქართველოში შინაურები  დაბადებიდან მუდმივად გვეუბნებიან, იმ შემთხვევაშიც კი, ვაშლზე თუ ვიტყვით, მსხალიაო;
    იამაყებენ, იცის ბავშვმა, ორივე - ხილი რომ არისო;
    თუ ვაშლზე იტყვი, ველოსიპედიაო, ამითაც იამაყებენ, ხედავ, რა ნიჭიერია?- როგორ შენიშნა, რომ ამ სხვადასხვა რიგის საგნებს სიმრგვალე აკავშირებსო!…
  აა, ვაშლზე თუ თქვი,  წიგნიაო, მაშინ რა?!
  - ეს ხომ მთლად ზენიჭიერების გამოხატულებაა, ვაშლი- რკინითა და სხვა ვიტამინებით ასაზრდოებს ადამიანს, წიგნი კი  რა არის? რა და - გონების საზრდო და ასე შემდეგ.
    ნიჭი და შრომისმოყვარეობა ერთად დაგვჭირდებაო?!
    არა, ჩემო კარგებო, არაა ეს რენტაბელური (რა მოდაში შემოვიდა ეს სიტყვა ბოლო დროს!), ამდენ შრომაში ხომ სულიც გაგძვრება ადამიანს!
    ყველა საქმეში და მათ შორის ამ სფეროშიც მიზნის მისაღწევი ერთი ფორმულაა მთავარი:
  “მინიმალური დანახარჯის ფასად - მაქსიმალური ეფექტი”
  აბა, როგორ მოვიქცეთ?!
  უმარტივესად!
  გავხსნათ  ფეისბუქ-ჯგუფი ორ წამში, ვთქვათ, სათაურად დავარქვათ ,,პოეტური გენია”. ჯგუფი უნდა იყოს აუცილებლად ღია.   
    დავიწყებთ მსოფლიო კლასიკოსებით, ანტიკური დროიდან - დღემდე. (იქნება სადმე რამე მზად დადებული, ფოტოებით, ქართველებიდანაც დავდებთ  ბლომად  პოსტებს - გალაკტიონსა და ცისფერყანწელებს, გრანელს, ლეონიძეს,
და ა.შ. 
  ახლა ისეთი ქაოსია საავტორო უფლებების დაცვა/დაუცველობის მხრივ, რეალსა თუ  ინტერნეტში, ვინმემ ხელმრუდობაშიც რომ გვამხილოს, რას გახდება!…
        მოგვაწყდება დუნია,
    ყველა გამვლელ-გამომვლელს შეეძლება საკუთარი ნაწერის დადება,  დონე - რაც ცუდი, მით - უკეთესი!…ოღონდ აუცილებლად ვიდეოთი თუ ფოტოთი, ნებისმიერი სიხშირით, დროდადრო შევურევთ საკუთარ ლექსებსაც. თუ  შემთხვევით, ერთი-ორჯერ ლიტერატურული ,, სელებრითიც” შემოიხედავს, ქებით ძირს გავაგდებინებთ, რათა წარმატებით იმუშაოს წესმა ,,აქე, რათა გაქონ!”
  თქვენზე უარესები - ხომ მოგაწყდებიან და მოგაწყდებიან, (თქვენთვის სჯობია ასე, რომ მათ ფონზე იკაშკაშოთ),      შემთხვევით თქვენზე უკეთესი თუ მოჰყვა ამ გაუგებრობაში, ცოტა ხანში  მიიხედ- მოიხედავს, გაერკვევა და თვითონ გაეცლება მანდაურობას, მით უმეტეს, თუ თავგადაკლულად არ/აღარ აქებთ/აქებენ.     
აი, თუ თქვენთვის არასასურველი ჩრდილი დაეცემა მისი აქტივობით თქვენს დიად შემოქმედებას, შარის მოდებას რაღა უნდა, ან წყნარად დაბლოკვა ხომ წამის საქმეა.
    ყასიდად, მუდმივად იწუწუნეთ, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურული კრიტიკა - ანგაჟირებულია და ყურადღებას განგებ არ გაქცევთ არც თქვენ, არც  თქვენს საკუთარ, “თქვენზე უმწეოთა არმიას”, რომ სულ ერთსა და იმავე პოეტებს აპიარებს და არმიაც  ერთგულად და მოწიწებით კვერს დაგიკრავთ…
        “მოუწიწებელი”- მიაბლოკეთ!
      გაუგებრობისგან, მეტადრე ინტერნეტში, დაზღვეული არავინაა. თუ ვინმემ რამე დაგიწუნოთ, წინასწარ მზად უნდა გქონდეთ ,,ალტერები”, ანუ თქვენმიერვე გახსნილი, თავისებური ფეიკ-გვერდები, ცხადია რაიმე, მოგონილი სახელებით, რომ იქიდან შეხვიდეთ და მხარდამჭერი კომენტარები უწეროთ საკუთარ თავს, სხვა არმიელებიც  აიყოლიოთ…
      (როგორ გამოსცეთ რეალში პოეტური კრებული საკუთარი ხარჯით, მაგრამ ვირტუალში მადლობა გადაუხადოთ ანონიმ ქართველ ემიგრანტს წიგნის დაფინანსებისთვის - ეს ჩემგან არ გესწავლებათ, არც ნაკორონალზე პრეზენტაციის ცუმპა-რამპით ჩატარების ამბავი შეგეშლებათ, გუნდითა და არქიელით... ეს ყველაფერი ხომ თქვენს მიდექ-მოდექობაზეა მთლიანად დამოკიდებული)
    არ დაგავიწყდეთ, ხშირად იმეოროთ, რომ მთავარი მსაჯული - დროა!    ვინ არ იცის, უსასრულობასა და გაურკვევლობაში რამის გადავადება -  ეს ძალიან მომგებიანი საქმეა, - ვერავინ შეგედავებათ, ზოგი - პირდაპირ დაგეთანხმებათ, ზოგი დაგეთანხმებათ იმიტომ, რომ  დაიზარებს წყლის ნაყვას.
  მომავალში კი, როგორც იტყვიან, “ან ვირი მოკვდება და ან იმისი პატრონი”.
    ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში მიაღწევთ  გარანტირებულ, ხელშესახებ
წარმატებას;
ოლიმპოს წვერზე მოექცევით, თავზე ვირტუალური დაფნის გვირგვინი დაგედგმევათ.
    მთავარია, კარგად ჩააკმენდინოთ ხმა ამ ოხერ სინდისს, რა უნდა, რას გადაეკიდება ხოლმე ადამიანს!
  მე კი ისღა დამრჩენია, ემერსონივით გითხრათ:
- გესალმებით თქვენი დიდების გზაზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები