ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2021


დარაბა

ნინო დარბაისელი

დარაბა

როცა მე ვამბობ სიტყვას ,,დარაბა”,
ნუ გეგონებათ,
ჩემივე  გვარის პირველ თანხმოვნებს ვეთამაშები,
რომ  ლექსში ჩავაანაგრამო;
ან ბუდეს ვეძებ სათქმელისთვის,
ამულეტივით შიგ რომ ჩავკუჭო
და მეტაფორის ჩამომჭკნარ ყელზე  ვაკონწიალო!

როცა მე ვამბობ სიტყვას ,,დარაბა”,
ჩემს სოფლურ სახლზე მოგონება მალაპარაკებს.
ერთი წოწოლა სახლი გვედგა
შიგ სოფლის გულში,
ზედ გზისპირას.
ყოველდღიურად, ბინდშეპარულზე
ის დარაბები,
ათიათასჯერ გადაღებილი,
მუდამ ანჯამებდაუზეთავი,
ჭრიალ-ჭრიალით უფროსებს რომ არ ჩაერაზათ,
“გრუზავიკების”,
ვირის “ტაჩკების” და ზიზინა, ძველი “ვოლგების”
შინშემოსული ბუღი და მტვერი  მძინარეებს ამოგვახრჩობდა,
და არც ხმაური  დაგვაძინებდა;
და ყოველ  ჩქამს და ყოველ რახრახს  ეგრევე ვცნობდით,
ჩაძინებამდე საბანქვეშიდან უფროსებივით ვჩურჩულებდით:
“ეს - გრუზაი ბიჭმა ჩაიარა,
კაკოი ვირმაც შემოუხვია,
ეგეც - კენწერა,
ქალაქიდან დაბრუნებულა!”

როცა  მე ვამბობ სიტყვას “დარაბა”,
მომაგონდება ძველი ფიქრი,
რომ ასეთია მწარე ხვედრი  საქართველოში ქალი-პოეტის:
ან მარტოობდე -  სიკვდილამდე,
ანდა ლოთი ქმრის მაგრად ნაცემი,
ღამისპერანგა,
ფეხშიშველი გასაქცევს რომ ვერსად იპოვი,
გზად პირველივე დარაბაზე აბრახუნებდე;
დედაკაცებმა,
“ემანდ ბალღები არაფერმა დაგვიღვიძოსო”,
ხმადაბლა მარნის შესასვლელში გაწყნარონ, 
თანაც გამოგკითხონ,
სისხლი მოგბანონ,
ბაბოს კამოდში ჩასაცმელიც გამოგიჩხრიკონ
და უთენია ახლო ქალაქის გზას  გაგიყენოს ოჯახის კაცმა,
უთქმელმა და ცოლ-შვილის მონამ
(რის მოიმედე?).

როცა მე ვამბობ სიტყვას ,,დარაბა”,
თავზე ვბრაზდები,
რომ  ეს ცხოვრება ისე გავიდა,
მე არასოდეს მყოფნიდა ძალა კადნიერი,
რომ იმ ქალისთვის გამემხილა,
ვისი ვინ ვიყავ,
და არც იმის ძალა  მეყო,
საბნისქვეშიდან იმ  ამბის  მომსწრეს,
და მერე კიდევ, 
უფროსების ნაჩურჩულევის ათასჯერ  მომსმენს
უარი მეთქვა პოეტობაზე.

როცა მე ვამბობ სიტყვას ,,დარაბა”,
მე მაგონდება
ცხოვრების ჩვენის უსასრულო დავიდარაბა,
სიმარტოვეში გატარებული ავი დარები
და  არასოდეს არ დამდგარი დართა დარობა
და ოცნებები - ვერამხდარები,
ახლით გაცნობა და მოკითხვები ჩვენი - დურები,
და არასოდეს - საყვედურები,
ურთიერთკრძალვა - ვერსადარები,
სად შეხვედრილი - სადაურები
ჩვენ -  უხედნავი ბედაურები…

იქნებ ეს არის წარმოსახვის ჩემის მცდარობა
და არც არასდროს არსებულან ის ნადირები -
- ჩვენი ნატანჯი ყმაწვილქალობის ამაგდარები?
დრო - მიფრინავს და
ხსოვნა რჩება უკან ზოზინა,
ნეტა წარსული ქვევრის თავივით მოგვააგოზინა,
ვის რად არგია ძველმანებში ქექვა და რება,
ანდა მომხდარის თქმა ბოლომდე და გამდარება!

ვამბობ -  დარაბა!

- -
*
იტალიაშიც ჰქონით მსგავსი, ძველი დარაბები,  ფანჯრის გარედან დაყენებული.
ჩვენი - შიგნიდანვე დიდი, ბრტყელი ურდულით იკეტებოდა.
გუგლში სხვა, უფრო მსგავსი ვერაფერი ვიპოვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები