ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 აგვისტო, 2021


გამოხმაურება (რეცენზია) ციმციმას ლექსზე ,,ადამიანო“

  გამოხმაურება (რეცენზია) ციმციმას ლექსზე  ,,ადამიანო“

            ადამიანო
უმზეო დღეებს რა გამოლევს,
ადამიანო,
ქარი ამ სიტყვებს დავიწყების ნისლში
შეხვევდა...
რა დაგიმალო?..
უწვეთწყალოს ჰგავდა უდაბნოს,
ჩემს უკანასკნელ სიყვარულთან
ბოლო შეხვედრა...

ციმციმას ეს ლექსი წარმოადგენს ეგზისტენციალური მსოფლმხედველობის ერთ-ერთ კლასიკურ ნიმუშს. მასში საინტერესოდ არის გადმოცემული ადამიანის ინდივიდუალური აზროვნების თავისებურებები. ის, როგორც მატერიალური სამყაროს უმაღლესი ინტელექტუალური ბიოლოგიური სიცოცხლის ფორმა, მის თავს საკუთარი ფანტაზიის არეალში განიხილავს და ივიწყებს შემოქმედის არსებობას, რომელიც ყველგან და ყველაფერშია, თუმცა აღნიშნული ხელს არ უშლის ხატოვანი მხატვრული სიტყვით აზრის გადმოცემაში,

მაგრამ ავტორი თავისდაუნებურად მაინც მიდის უფალთან, რადგან იხსენებს უკანასკნელ სიყვარულთან შეხვედრას, რაც ერთგვარი სიკეთის გამოვლინებაა, რომლის განშტოებასაც წარმოადგენს სიყვარული, ხოლო შემოქმედი ხომ თავად არის სიკეთე და სიყვარული.

მცირე ზომის მიუხედავად, ლექსის დედააზრი დასრულებულია და არ საჭიროებს რაიმეს დამატებას ანდაც გავრცობას. ეს ავტორის შინაგან ლიტერატურულ ალღოზე მეტყველებს. როგორც ამბობენ: ,,ნაბიჯი მარცხნივ ან მარჯვნივ“ გამოიწვევდა ლექსის გაუბრალოებას და მას ყველა მიმართულებით დაანგრევდა, ,,სასიკვდილოდ გაიმეტებდა“.

სიყვარული კაზმული სიტყვის ,,ძარღვებში“ მჩქეფარე ერთგვარი სისხლია, იმგვარი, ვითარცა ღმერთთათვის იქორი. მშვენიერია ყველა ლექსი, რომელიც სიყვარულს ეძღვნება, მაგრამ მათში მაინც შეიძლება უმშვენიერესის გამორჩევა. სწორედ ამგვართა რიცხვშია ციმციმას ეს ლექსიც და ამას ვამბობ სრულიად გააზრებულად.

ორიოდ სიტყვით, ერთი სტროფით,  ადამიანისადმი მიმართვით, ავტორი ,,უკანასკნელ სიყვარულთან“ შეხვედრას ისეთი სევდით იხსენებს, რომელიც მკითხველში დარდის ემოციას აღძრავს. ის იმსჭვალება მისი თანაგრძნობით და იმავე სურვილით აღიჭურვება, როგორითაც ავთანდილი ტარიელთან შეხვედრისას ... ესეც გადაჭარბების გარეშე. 

ლექსი რიტმულია, გამოყენებულია ე.წ. კიბური რითმა. სიტყვები ჟღერადია და სტრიქონები ჰარმონიული.

ავტორს ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებას. მას აქვს ყველაფერი ის, რაც აგრერიგად საჭიროა დიდი პოეტისათვის. აზროვნების თავისუფლება, ახლისადმი სწრაფვა და თვითმყოფადი მსოფლმხედველობა.

ციმციმა, ოლიმპოს მწვერვალისაკენ მიმავალი გზა არ არის ია-ვარდებით მოფენილი. ,,შარა-გზის ყაჩაღნი“ ყოველმხრივ ხელს შეგიშლიან, მაგრამ შენ მაინც ჯიუტად უნდა მიჰყვე დასახულ მიზანს. ზოგნი, მლიქვნელურად შეგაფასებენ, ზოგნი, შურით აღივსებიან, ზოგნი, ქულებს არ დაგიწერენ და ზოგნიც გაგიბრაზდებიან.

ასეთია ეს ცხოვრება ბროწეულივით: ,,გარეთ ატლასი, შიგნით ათასი“.

წარმატებები თქვენ!

თემური 57   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები