ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2021


მფრინავი მენდი

#პროზა

ნინო დ. სტრონი

                    მფრინავი მენდი

      მოხუცებულთა სახლში რეგულარული სიარული ჩემი  ბედისწერა და წმიდათაწმინდა მოვალეობაა. კორონამდე რა მიჭირდა, დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში შემეძლო  "შავი შესასვლელით“ სარგებლობა. კოდი გვქონდა, შევიყვანდით, მწვანე შუქი აინთებოდა და კარიც გაიღებოდა.  ასეთი, კოდიანი  კარი დაახლოებით ხუთი კი უნდა გაგვევლო მეორე სართულამდე, მაგრამ გარეთ გამოსასვლელად აღარაფერი გვჭირდებოდა.  ჩამოვირბენდი და ორ წამში მანქანაში ვიჯექი.  ახლა აცრის მიუხედავად, ყველა ვიზიტორი  ‘’რეფიდ ტესტსაც“ გავდივართ.   
  საინტერესოა, ეს შერიფის მანქანები რომ დგას გარეთ და  ჩვენი გასაჩერებელი ადგილები სულ დაუკავებიათ პატივცემულ ძალოსნებს, ტესტს ამათაც უტარებენ?  ან ამდენი  აქ რას მოგროვილან, ალბათ ვინმე მათიანი რეაბილიტაციის განყოფილებაშია,  ჰოსპიტალის მერე გადმოყვანილი და ასე, ჯგუფურად  ნახულობენ.
  თითო ტესტს თხუთმეტი წუთი მაინც მიაქვს, ფეხის ზომამდე ყველაფერი უნდა ჩაწერო აპლიკაციაში და ერთი ტესტი ოთხ დღეს გყოფნის, ანუ გინდა თუ არა,  ყოველ მოსვლაზე გიკეთებენ.
        მოხუცებულთა სახლს რომ ახსენებ  საქართველოში, რაღაც საშინელება წარმოუდგენიათ, აქ რომ შემოახედა (ან ვინ შემოახედებს)  ქართველ ადამიანს... თუმცა რატომ, იქნებ მომვლელად მოეწყოს... ამათი კერძო, რამდენიმე ოთახიანი აპარტამენტები რომ დაათვალიერებინა, ამათი სასადილო რომ ანახა, ქათქათა სუფრაგადაფარებული მაგიდები,  ზედ მუდმივად ცოცხალი ყვავილებიანი ლარნაკებითა და ძვირფასი სერვირებით,  ან ეს ავეჯი, ტრენაჟორებიანი დარბაზები, ბიბლიოთეკა,  საბილიარდო, საცურაო აუზი... ეს, მე თუ მკითხავთ,  - უკვე ცინიზმია, ვინ უნდა ითამაშოს  ეს ბილიარდი ან იცურაოს,  დიდ ნაწილს დამოუკიდებლად კოვზი ვერ მიუტანია პირამდე)... პრინციპში, აქ მოთავსებულ ადამიანებს პაციენტად არავითარ შემთხვევაში არ მოიხსენიებენ, ესენი  - რეზიდენტები არიან. რა ჯდება ყოველთვე  აქ რეზიდენტობა, ტყუილად არც შემეკითხოთ, მაინც არ დაიჯერებთ, ახლა  ამათი  სილამაზის სალონი რა დატვირთვით მუშაობს და რას იხდიან!
      პირველ სართულზე - პრაქტიკულად, ჯანმრთელი ხალხია, ჰოსპიტალიდან ოპერაციის მერე გადმოყვანილი. ჰოსპიტალი ხომ აქ ძალიან ძვირია, ერთი დღეც კი. მეორე სართულზე  თითქმის... თითქმის კი არა, ყველა  -  უნარშეზღუდულის სავარძელს იყენებს.... ქართულად კი ვიცი, უფრო გასაგებად რასაც ვიტყოდი, მაგრამ აქ არ შეიძლება თქმა. ხომ მიხვდით, რასაც ვგულისხმობ.  ზუსტად ეგაა, მაგრამ აქ ეგ სიტყვა ტაბუირებულია.  სალექსიკონო მნიშვნელობით,  ვალიდურობას ანუ ღირებულებას მოკლებულ ადამიანს ნიშნავს... მომკლა ამ კორექტულობამ.
    თქვი, რა ადამიანურად და განაგრძე თხრობა!
      ჰო, კორონამდე აქ სხვანაირობა იყო.  თითო რეზიდენტს სამი მომვლელი მაინც ემსახურებოდა.  ( თავის მხრივ, ყოველ მომვლელზე - სამი რეზიდენტი იყო განაწილებული, ოთხი - დარღვევად ითვლებოდა), დაბანით ახლაც ყოველდღე ბანენ,  რთავენ, მაგრამ მაშინ გამრთობები ბევრნი მოდიოდნენ და კარგი კონცერტებიც იმართებოდა სასადილოში. რამდენჯერ ფეხიც ამითრევია, ვინმე ძალიან ცნობილი, აქ რომ უწოდებენ ‘’სელებრითი’ , რომ მინახავს “შინაურულად” , მოხუცებულთა შესაქცევად მოსული.  ადრე  რეზიდენტი თუ  განწყობაზე არ იყო, რომ სხვებთან ერთად ესადილა, ოთახში მოართმევდნენ ულუფას, დაეხმარებოდნენ.  მნახველებიც ოთახებში ეახლებოდნენ ინდივიდუალურად. ახლა მომვლელების სიმცირეა და სხვებს ხომ ისედაც  არ უშვებენ.
      საკუთარ ოთახებში ყურადღებას რომ ვეღარ აქცევენ ინდივიდუალურად,  პერსონალი ცდილობს,  დიდ ჰოლში გამოაგორონ ყველა და ერთიანად ადევნონ თვალი. აღარც ის სიპეწენიკე და  ძვირფასი სუნი დგას, არც ხალიჩები და ნოხები ბზინავს ძველებურად. რას ვიზამთ, სამაგიეროდ, პაცი... ბოდიში, რეზიდენტებმა ერთმანეთი გაიცნეს, დამეგობრდნენსავით.  დიმენცია და ალცჰაიმერი აქ მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, ბევრს კი ვერაფერს იმახსოვრებენ  ერთმანეთის მონაყოლიდან, მაგრამ კარგია, მაინც, რომ ურთიერთობენ.
      თავისებური სოციალური იერარქიაც კი ჩამოუყალიბდათ.
    აი, მაგალითად, ერთ ქალს,  მენდის - სიფრიფანას,  სულ მოპრანჭულს, პლასტმასისმძივებიანს,  ადრე ცნობილ პიანისტს, რომელიც  რახმანინოვს უკრავს, თუ სასადილოს როიალთან მიაგორებ, გონებაშერჩენილები  კრძალვით, დედოფალივით ექცევიან, ანუ საკუთარი სავარძლებიდან აღტაცებით შესცქერიან და სულ მასზე ლაპარაკობენ, მენდი და მენდი! გარეთა ქვეყნის ახალ ამბებს სულ მისგან გებულობენ.
  როგორც ჩემმა  თითქმის ასი წლის დედამთილმა მითხრა, თურმე  დანარჩენებივით წელქვემოთ მოწყვეტილი კია, მაგრამ ფრენა შეუძლია,  თავის ოთახში ხომ დაფრინავს და დაფრინავს,  ფეხს დაჰკრავს იატაკს და ჭერამდე ადის.  აი,  ყველა რომ დაიძინებს და აღარც მომვლელები  ჩანან,    კარებიდან  გარეთ იპარება, მიფრინავს,  მიფრინავს, როგორც დიდი ჩიტი, მთელი ღამე ხან ახლობლების ფანჯრებში იხედება, ხან ქალაქს ათვალიერებს, ხან ქალაქის სასაფლაოზეც მიდის ქმრისა და ერთადერთი, უდროოდ დაღუპული შვილის საფლავზე, ნეშვილ სიმფონის შენობაშიც ჩადის  საკვამლე მილიდან,  ზოგჯერ, მაგალითად საშობაოდ,  დიდ კონცერტებზეც უკრავს,  ის კი არა, ამას წინათ ლამის ორლანდომდე უფრენია, ‘’დისნი ლენდში’ იმ ადგილების ნახვა უნდოდა, ახალგაზრდობაში  თავის დირიჟორთან  ერთად რომ უნახავს, მაგრამ უკვე თენდებოდა, უკან დაბრუნებას ვერ მოასწრებდა, გაუგებდნენ აქ და მთელი ამბავი მოხდებოდა.... და სასწრაფოდ უკან გამოფრენილა,  კოდით ყველა კარი გაუღია და თავის სავარძლამდე ძლივს მიუღწევია,  ახალ ცვლაში მოსულმა მომვლელმა შემთხვევით რომ  მის ოთახში  შეიხედა, ფრენით დაღლილი ძირს ეგდო,  სულს ძლივს ითქვამდა, ჟანგბდის ბალიშები დასჭირდაო. ჰო,  ამას წინათ მთლად შტატის გუბერნატორთან მისულა და უთქვამს,  აქ ერთი მომვლელი რეზიდენტებს უხეშად  ექცევა, ეგ გაუშვით და აქ რომ კარგი გოგო იყო, სტუდენტი, სახელად ლეოლა,  უნივერსიტეტეტიდან  პრაქტიკაზე,  ყველას  რომ გვიცინოდა,  ის დაგვიბრუნეთო. გუბერნატორიც დაჰპირებია, ეგრე ვიზამო და ახლა  ჯინას წასვლას და ლეოლას დაბრუნებას ელოდებიან და სადილის დროს  შოკოლადი თუ დევს მაგიდაზე ან მარწყვის  ჟელე, ან რამე ნამცხვარი,  ყველანი ჩუმად პირდაპირ ჯიბეებში იდებენ, ოთახებში მიაქვთ და ხან სად მალავენ, ხან სად. აბა, ტკბილ ლეოლას ხელცარიელები  ხომ არ დახვდებიან!
      მოკლედ, რა!
      სადაც მიხვალ და დაუკვირდები ადამიანებს, ყველგან რაღაც ცხოვრებაა. მთავარია, მიხვიდე, შეხვიდე! მაგრამ შესვლამდე  ჯერ საკუთარი თავიდან გამოსვლა უნდა ისწავლო და რაც მთავარია, საკუთარ თავში დასაბრუნებელი ძაფი არ უნდა გაგიწყდეს, თორემ ვაი!
        წავიდა სისულელეებზე ფიქრიიიიი,  ვიცი,  ეს რაც არის,  ახალგაზრდობიდან გულის კუნთში ჩარჩენილი ოკულტიზმის ნამსხვრევ-ანასხლეტებია,  დღემდე ვეღარ მოვიშორე!
      აი, ჩემი ტესტირებაც დამთავრდა, ავდივარ ჩემს დედამთილთან, რატომღაც ოთახში მხვდება და საიდუმლო ხმით მეუბნება,
        -იცი აქ რა მოხდა?  მენდი გაფრინდა!
- მართლა? ამჯერად საით, ალბათ ჰოლივუდში?... -  ვერ დავეჩვიე, რომ ირონიასა და ასეთ პირობით ნათქვამებს  დიმენციის მქონე ავადმყოფები... ბოდიში, რეზიდენტები  კი არა, კორონას წყალობით, კარგად მყოფებიც ვეღარ იგებენ,  მოუყვები ანეკდოტს, ადრე მუცლის კუნთები რომ ასტკივდებოდათ სიცილისაგან და ახლა - ტირიან. იუმორის გრძნობის დაკარგვა ხომ გონებრივი დაქვეითების პირველი და უტყუარი ნიშანია.  ერთი, სცადეთ, გაეხუმრეთ ნევროზიანს და სულ თქვენი იყოს, რასაც მიიღებთ!
      სხვათა შორის,  წინა თვეში ჩემი დედამთილის დაბადების დღე რომ გადავიხადე,  ყველაფერი აკრძალული იყო და მხოლოდ ‘’ქაფ ქეიქები’  და ერთჯერადი, ჩაციებული წვენები  მივზიდე. ვინც გარეთ, ჰოლში დამხვდა, ხომ იქ დავურიგე და ვინც იქ არ იყო, ოთახებში დავუკაკუნე და  მომვლელის ხელით შევაწოდე. მენდის ოთახშიც  სწორედ მაშინ შევიხედე, შევიხედე კი არა, დავაკაკუნე და  შევედი, რადგან ლოგინში იწვა და  ეტყობოდა, რომ მთელი ღამის  ფრენით დაღლილს,  პირდაღებულს  ეძინა, მომვლელიც გასული იყო, მთელს კედლებზე სულ ფრთები ეკიდა,  ფანჯარაზეც კი მისაწებებელი, ფერადი ფრთები იყო, ტელევიზორისქვეშა უჯრებიანი კარადის თავზეც,  იატაკზე, ოთახის კუთხეშიც კი ფრთები ეწყო. ზოგი ბუმბულისა, ზოგი პლასტმასისა,  ზოგი დაჭრილი ცელოფანისა, ზოგი -  ტულს რომ ეძახიან,  იმისა, ზოგი ქაღალდისა, გამახსენდა  მშობლიური ‘ ფრთები, ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გინდა“...
          რაღაც, ვერ არის ჩემი საქმე! დიმენციიანი ადამიანი რომ შეგატყობს, აზრი გაუფრინდაო. გამომაფხიზლა:
  -მენდი გაფრინდა, ჩვენი მენდი, ხომ სულ ამბობდა, ერთხელაც გავფრინდები და აღარ დავბრუნდებიო.  მაინცა და მაინც ახლა!  ამას წინათ დამპირდა, ფრენას  შენც გასწავლიო. მე ბევრი არ მინდა! ერთი იმდენი, რომ  ჩემს ფანჯარასთან როცა მინდა, მაშინ მივიდე, ქუჩას ვუყურო, ვნახო,  ადამიანები თუ დადიან, საით მიდიან,  როგორ. ჰო, კიდევ დედაჩემის სასტუმროში მინდა მივიდე, ყვავილებს რომ მიგზავნის ყოველ კვირა, ერთხელ მეც მინდა მივუტანო წითელი ვარდების თაიგული, უყვარს.
        გარდაცვალება აქ ჩვეულებრივი ამბავია. ალბათ ჯერმა უწია, რას ვიზამთ, ყველანი ხომ სიკვდილის  შვილები ვართ. არც აქაურებს უჭირთ ამ თემაზე ლაპარაკი, წავიდა ერთი?! - იმ ოთახს გამოაკრიალებენ და ლოდინის სიაში ვინც მომდევნოა ჩაწერილი, თუ კიდევ ცოცხალია, ახლა ის დაიკავებს მის ადგილს.
- უი, გარდაიცვალა?  საწყალი! უკეთეს ქვეყნად წავიდა- ფორმულას ვიშველიებ.
-    არა, რას ამბობ, რა გარდაიცვალა, გაფრინდა, წავიდა  და აღარ დაბრუნდება,  გუშინ ძალიან  აწყენინა ლონიმ, ყველას თვალწინ უთხრა,  გუბერნატორმა რატომ არ გამოაგზავნა ლეოლა, რომ გვითხარი,  დამპირდაო. მეტი აღარ შემიძლია, ეს ჯინა ყოველ ღამე შემოდის, ლოგინში ძალით  მიწვება და მეუბნება, მე ხომ შენი ცოლი ვარო.  მთელი ღამე აღარ მიდის. სულ შენი ბრალია,  მაშინ  შემოდი, ჩემთან დაწექი და ჯინა რომ მოვა, შენ გააგდეო.
    ატირა მოკლედ! ჰოდა,  წუხელ როგორც ჩვეულებრივ, კარებიდან  რომ გადიოდა, ისე კი არა, პირდაპირ თავისი ოთახის ფანჯრიდან გაფრინდა და აღარ მოვა, აღარასოდეს აღარ მოვა!
      -მოვა, ნუ გეშინიათ, ფანჯრები აქ არ იღება, გაუქმებულია, ვერ გაფრინდებოდა!
-      - სამზარეულოს დანა დარჩენია მომვლელს და იმით გაუღია ფანჯარა,  გოგოებმა თქვეს. დილას ყველანი ისეთმა ხმაურმა გაგვაღვიძა, თითქოს სავსე კასრი გასკდა, მერე ვიკითხეთ,  რა მოხდაო და გვითხრეს,  არაფერი, დაწყნარდით, მენდი გაფრინდაო, მერე სულ  ფორმიანი ხალხი მოვიდა, ჩვენთანაც უნდოდათ დალაპარაკება და მთავარმა მომვლელმა ნება არ მისცა.
            ცოტა ხანს კიდევ გავჩერდი, მერე მის ნამდვილივით მოკნავილე-მოკრუტუნე, ჟღალ  კატას  მეც ნამდვილივით მოვეფერე, კისერი გამოვფხანე, ვთქვი, რა კარგად გყავს მოვლილი, ამ დღეებში სათამაშოს მოვუტან-მეთქი  და წამოვედი.
  ლიფტთან დიდხანს მომიწია ლოდინი, რომ ჩავედი, დიდ, შესასვლელ ჰოლში ბორბლებიანი  საკაცით,  მწვანე  „ზიპლოკიანი“ ტომრით  გვამი გამოასრიალეს.
          წარმოუდგენელია, მენდის ფანჯარა გამოეღო, არ იღება, მიცდია და არ იღება, შეიძლება ჰოსპისში გადაიყვანეს, მაგრამ ეს ტყუილი რა საჭიროა?  შიგნით ან გარეთ სიკვდილი დღეს ვის უკვირს! ან ეს პოლიცია რას დაბოდიალობს, იტყვიან ალბათ, რა მოხდა.
      მაგრამ ეს მწვანე ტომარა? მენდი იყო? ვინმე სხვა?  ჩემს მანქანასთან მისულს მენდის ფანჯრისკენ გამექცა თვალი.  აბსოლუტურად არაფერი! ჩვეულებრივ დაგმანული, ჟალუზჩამოფარებული, ყველასნაირი.
  ფანჯრის დაბლა, მოვარდისფრო-მოყვითალო, მაღალ ქაფში  ნარინჯისფერჟილეტიანი, ბოტებიანი,  ხუჭუჭა მებაღე იდგა  და  შლანგით ასფალტს რეცხავდა.
  შემომხედა, ალბათ,  ძველი წესისამებრ გამიღიმა კიდეც, მაგრამ ნიღაბში რა გამოჩნდებოდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები