ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
3 მარტი, 2009


თავი 12. თეონა და ჯაბა ("გაცვლა")

უნდა გენახათ, როგორი ამაყი გამოვიდა თეონა სტადიონიდან.
იამაყებდა, აბა რა?!
თვით ჯაბა ხაბულიანი, დღევანდელი თამაშის ნამდვილი გმირი ეჯდა გვერდით მთელი გზა, გუდაუთიდან გაგრამდე!

- თეონა, 2 საათი გვაქვს თავისუფალი...  ქალაქში არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? ძველ გაგრაში გავისეირნოთ... – მიუახლოვდა რეზიკო და ფიქრებიდან გამოიყვანა.
- წამოვალ, რა თქმა უნდა...

ქუჩას გაჰყვნენ ძველი გაგრის მიმართულებით.
რეზიკო გვერდით მიჰყვებოდა თეონას ლაპარაკ-ლაპარაკით.
შორი გზა ჰქონდათ გასავლელი. მხოლოდ მისვლას და დაბრუნებასაც კი ვერ მოასწრებდნენ... ამიტომ, ქუჩაზე გადაირბინეს და...
მანქანის ღრჭიალი, მუხრუჭების ხმა და ქალების შეკივლება ერთად გაისმა,
თეონას კი ვიღაცამ ხელი ჰკრა, რეზიკოსთან ერთად გადააგდო ტროტუარზე და თავადაც მათ გვერდით დაეცა.
ვიდრე გონზე მოვიდოდა და გააანალიზებდა, თუ რა მოხდა, თეონა თამაზმა წამოაყენა ფეხზე და შემდეგ რეზიკოს გაუწოდა ხელი...
- ჯაბა, სულ გადაირიე? რა გინდოდა, რას დაგვეტაკე?! – აღშფოთდა რეზიკო.
- დაგეტაკათ კი არა, ჯაბა არ ყოფილიყო იქვე, ახლა, ორივე, იმ მანქანის ბორბლებქვეშ იგორავებდით! – გამოექომაგა თამაზი ჯაბას და მასაც მიეშველა წამოდგომაში.
- თეონა, რამე ხომ არ გატკინე?! – ჰკითხა ჯაბამ და ლოყაზე მიყრილი მიწის მტვერი ჩამოწმინდა.
- არა, ჯაბა, რას ამბობ?! – შესცინა თეონამ და... რეზიკოს რაღაც ჩაწყდა გულში...
- მოკლედ, ხელი არ უნდა გაგიშვას ადამიანმა... -  რეზიკომ ხელი ჩაჰკიდა თეონას და ისე გაჰყვა გვერდით.

ციალა, მარინა, დათო, ზორო, ავთო, ფრიდონი, ჯაბა და უკვე თამაზიც ხუთიოდე ნაბიჯის მოშორებით მისდევდნენ რეზიკოს და თეონას და გაცხარებულნი მსჯელობდნენ ჩატარებული მატჩის შესახებ.

თეონამ რამდენჯერმე მოიხედა უკან და ჯაბას თვალებს წააწყდა. საოცარი სითბო მოდიოდა ჯაბას თვალებიდან.
- თეონა, შეყვარებული გყავს? – სრულიად მოულოდნელად ჰკითხა რეზიკომ.
- არა... რატომ მეკითხები?
- ისე...
- ისე  არაფერს კითხულობ და... რაღა ეს მკითხე?
- გახსოვს ეს სიმღერა? “არ იარო მარტომ, არა მკითხო – “რატომ”?... ასე სჯობია”-ო?...
- რეზიკო, შეყვარებული ჯერ არ მყავს და თუ ვინმე შემიყვარდება, აუცილებლად შეგატყობინებ...
- შემატყობინებ?... და ჩემით ვერ მივხვდები, თეონა?
- რა ვიცი... იქნებ მიხვდე კიდეც? ხო, მართლა, როდის მიდიხარ ლესელიძეში?
- 21-ში... და მთელი სამი დღით გტოვებ უპატრონოდ!...
- უპატრონოდო?... – გადაიკისკისა თეონამ, - მე 12 პატრონი მყავს აქ და მხოლოდ ერთი მტოვებ! დანარჩენები – ვერ მომივლიან გგონია?
- ეეეჰ... სწორედ მაგისი მეშინია! - თქვა რეზიკომ და შეფარვით გახედა ბიჭებს, - შენ გგონია, მინდა წასვლა? ჩემი და და დისშვილები მელოდებიან იქ!


მალე მიხვდნენ, რომ ძველ გაგრამდე მისვლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ იქვე პარკში შევიდნენ ღია კაფეში და სოჩის უგემრიელესი ნაყინი მიირთვეს.
უკან – ავტობუსით დაბრუნდნენ.
ყველანი მათ ელოდნენ.

რეზიკომ თეონას ჩაავლო ხელი და ბანაკის ავტობუსის ბოლოსკენ წაყვანა დააპირა, მაგრამ ექიმმა არ მისცა უფლება, - “ახლა რომ წნევა დაურეგულირდა, არაფერს ნიშნავს... აქვე, წინ დასვითო”...
რეზიკო ბუზღუნ-ბუზღუნით წავიდა თავისი ადგილისკენ.
“იძულების წესით”, ჯაბა და თეონა კვლავ ერთ სკამზე აღმოჩნდნენ.
ჯაბამ ისევ შემოხვია ხელი თეონას.
თითქოს ყველაფერი მეორდებოდა გაგრა-გუდაუთის გზაზე...
განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ახლა საოცრად ბედნიერი იჯდა თეონა ჯაბას გვერდით!


* * *

ბანაკიდან წამოსვლის დღე ახლოვდებოდა.
21-ში დილას, 7 საათზე მოაკითხა მანქანამ რეზიკოს.
ბანაკიდან გასვლამდე რეზიკო თეონას კარავთან მივიდა და ჩუმად დაიძახა:
- თეონაააა, მივდივარ... არ დამემშვიდობები? – და კარვის კალთის აწევას დაელოდა. ამის ნაცვლად კი თეონა ზურგიდან მიეპარა და თვალებზე ხელები ააფარა.
- შენ ხარ... – მაშინვე მიხვდა რეზიკო და თეონას მოეხვია.
- სულელო... რას მაღვიძებდი? გეგონა, ჩემით არ მახსოვდა, რომ მიდიოდი  და არ დაგემშვიდობებოდი? – და ხელი გააშვებინა.
- თეე, იცი, როგორ მიყვარხარ? – გაბედა რეზიკომ ხვაშიადის გამჟღავნება.
- მეც მიყვარხარ, როგორც ჩემი უფროსი ძამიკო!... სუუუულ ორი წლით უფროსი ძამიკო...
- მხოლოდ ძამიკო?
- აბა რას ელოდი ამ არასრულ ერთ თვეში? თანაც ჩამოსვლის დღესვე ხომ არ გაგიცანი? ჯერ ვიდრე გაგიცანი... მერე – დაგიმეგობრდი...
- მერე?
- მერე?... მეტი ვერაფერი მოვასწარი! – გაეცინა თეონას, - წამო, გაგაცილებ...
- თეონა, მეტი არაფერია მიზეზი?
- არაფერი...
- და არც... არავინ?
- და არც არავინ... ჯერჯერობით მაინც! გაგვიანდება... წამო... და ბარემ მეც გავალ პლაჟზე. დამიცადე....

თეონამ პირსახოცი და პლაჟზე გასაფენი გამოიტანა და რეზიკოს გაჰყვა ბანაკის ჭიშკრისკენ.
მანქანა კარებთანვე ელოდა.
- თეონა, წამო, გავიპაროთ!
- გაგიჟდი, რეზიკო?
- ხო, შეიძლება გავგიჟდი კიდეც...
- არა... ხომ გითხარი? ჯერ არ მიყვარხარ! თუ შემიყვარდები – მიხვდები... და თუ არ შემიყვარდები, - მაგასაც არ დაგიმალავ! წადი... – თეონამ რეზიკო გადაკოცნა და ძალით ჩასვა მანქანაში.

მანქანის ფანჯრიდან დაინახა რეზიკომ პლაჟზე ნაცნობი სილუეტი...
დიდი ფიქრიც არ დაჭირვებია, მაშინვე იცნო.
ზღვის ნაპირას თავისი თანაგუნდელი - ჯაბა ხაბულიანი იჯდა და წვრილ კენჭებს ისროდა ზღვაში.

მანქანამ სიჩქარე აკრიფა და მალე მიეფარა თვალს პლაჟიც, თეონაც, ჯაბაც და სტუდენტური ბანაკი “ოქროს ნაპირიც”......
რეზიკო სკამის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა: არ უნდოდა გზა მიეცა ცრემლისთვის, რომელიც, მისდაუნებურად, მონდომებით გროვდებოდა თვალის უპეში...


* * *
ჯაბა დილის 6 საათზე გავიდა პლაჟზე.
მის მეტი არავინ იყო.
კარგა ხანს სცემდა ბოლთას წყლის გასწვრივ... ქვები ჯერ ისევ ცივი იყო მაგრამ უკვე იგრძნობოდა, რომ საკმაოდ ცხელი დღე იქნებოდა.
“შლოპანცები” გაიხადა და მუხლამდე ზღვაში შევიდა.
ზღვა იყო საოცრად მშვიდი და თბილი...
იფიქრა, “შევცურავო”, მაგრამ...  ხალისი არ ჰქონდა... აღარაფერს ჰქონდა ხალისი, თუ ის იქ არ იყო... თუ მისი ტიტინი და კისკისი არ ესმოდა...
თავის თავზე ბრაზდებოდა, მაგრამ... ვერაფერს უხერხებდა გრძნობებს!

“რა გჭირს, ჯაბა?! გონს მოდი!... ხომ ხედავ, არაფერში სჭირდები ამ გოგოს?! მორჩა, გეყოფა ღრუბლებში ფრენა! დაბლა დაეშვი, ვიდრე სიმაღლიდან ჩამოვარდნილხარ!...”

წყლიდან ამობრუნდა, ნაპირზე ჩამოჯდა და კენჭების სროლით შეიქცია თავი.
ცდილობდა, ბრტყელი ქვები ეხტუნავებინა წყლის ზედაპირზე...
ვერც ამას დაუდო გული და ახლა მხოლოდ უაზროდ ყრიდა კენჭებს ზღვაში.

ერთ-ერთ პატარა ჭრელ ქვას დაავლო ხელი და, რატომღაც, დახედა: ქვას საკმაოდ დიდი ნასვრეტი ჰქონდა.
გაახსენდა, თეონა რომ ეძებდა-ხოლმე ასეთ გახვრეტილ ქვებს და ვიდრე არ იპოვიდა, პლაჟიდან არ მიდიოდა.
“ამ ქვას თეონას ვაჩუქებ, გავახარებო”, - იფიქრა, ქვა ჯიბეში ჩაიდო და ისევ კენჭებსა და ფიქრებს მიუბრუნდა.

“ბოლოს და ბოლოს, დასაცინი გინდა გახდე?... სად შენ და სად ის? ნაღდი სვანი ხარ, რააა!”...

მანქანის ხმა გაიგონა. მოიხედა.
ბანაკის კარებთან ტაქსი გაჩერდა.
იცოდა, რომ რეზიკო მიდიოდა დღეს ლესელიძეში და გუდაუთის სადგურამდე მისასვლელად ტაქსი უნდა გამოეძახებინა.

არავის ნახვის სურვილი ჰქონდა ახლა... არც რეზიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასთან!
მერე ისევ გაიგო მანქანის ხმა, რომელიც თანდათან შორდებოდა “ოქროს ნაპირს”...

- რეზიკო წავიდა, ალბათ! – ჩაილაპარაკა და გაბრაზებით ისროლა კენჭი ზღვაში.
- ზღვის ამოვსება გადაწყვიტე კენჭებით? არაფერი გამოგივა, ჯაბა! – გაიგო თეონას წკრიალა, სიცილნარევი ხმა და ფეხზე წამოხტა.
- მარტო ხარ?
- ხო... უფრო სწორად, - არა!... შენც აქ არა ხარ? ჯაბა, ცივია წყალი?
- არ ვიცი, არ ჩავსულვარ, თეონა... მაგრამ, ალბათ, თბილია!
- აბა რა იცი, ზღვამ შორიდან დაგიძახა, “თბილი ვარო”? – გადაიკისკისა თეონამ. – არ იბანავებ?
- მარტო მეზარებოდა და, შენც თუ შემოხვალ, ვიბანავებ...

თეონამ დასაფენი გაშალა, პირსახოცი და თავისი ხალათი ზედ დააწყო და ზღვაში შევიდა.
ჯაბამ თვალი გააყოლა.
საოცრად დაცურავდა თეონა: შეეძლო ძალიან სწრაფად წასულიყო სიღრმისკენ, ტორპედოსავით... და შეეძლო ისე გაეცურა, რომ საერთოდ არ ემჩნეოდა ზღვას, თუ ვინმე ცურავდა წყალში, - მხოლოდ თავი დასრიალებდა ზღვის სარკისებურ ზედაპირზე.

ჯაბა გაიქცა და დგაფუნით გადახტა წყალში. მხარული მოუსვა.
- წამო, სიღრმისკენ გავცუროთ, - გამოსძახა საკმაოდ წინ წასულმა თეონამ.

ჯაბაც კარგად ცურავდა და ამიტომ სწრაფად დაეწია თეონას.
- საოცარი გოგო ხარ! ყველაფერი გეხერხება... საჭმელსაც გემრიელს ამზადებ?
- არ ვიცი, ჯაბა... არასოდეს გამიკეთებია საჭმელი. ნამცხვრებს კი – ნამდვილად გემრილს ვაცხობ.
- უუუ, გაგიჭირდება გათხოვება! ქალი, უპირველეს ყოვლისა, კარგი მზარეული უნდა იყოს...
- ჰოოოოდა, ესე იგი, ჯერ არ არის მოსული ჩემი გათხოვების დროოოო! – გაეცინა თეონას და, ხელის რამდენიმე მოსმით, კარგა გვარიან მანძილზე გადაასწრო ჯაბას.
- ზღვა გინდა გადაცურო? არაფერი გამოგივა, თეონა! საზღვრის იქით აღარ გადაგიშვებ... მერე – სულ დაგკარგავ!
- დამკარგავ? ზღვაში?... კარგი, აღარ გადავცურავ ზღვას... დაგიჯერებ და დავრჩები გუდაუთაში... – თეონა გაჩერდა და ჯაბამ მხოლოდ ახლა დააფიქსირა, რომ თეონა წყალში ისე ინარჩუნებდა ვერტიკალურ მდებარეობას, რომ აღარც ხელებს ატოკებდა და აღარც ფეხებს.
- როგორ ახერხებ ასე გაჩერებას წყალში? არ იძირები?
- არა, ჯაბა... თუ შენს თავს დაარწმუნებ, რომ შენც ისეთივე წყალი ხარ, ჩვეულებრივი მარილიანი წყალი, როგორიც ზღვაა, - აღარ ჩაიძირები... წყალს წყალში როგორ ჩაძირავ?!
- და არც სუნთქვაზე რომ გეტყობა დაღლილობა?
- მიწაზე რომ დადიხარ, სუნთქვით იღლები?
- არა, რა თქმა უნდა...
- ჰოდა, აქაც ჩვეულებრივად ისუნთქე... ვითომ მიწაზე დადიხარ, ისე... სულ ნუ მიაქცევ ყურადღებას სუნთქვას! არ გაამახვილო ყურადღება სუნთქვაზე... დაივიწყე საერთოდ მისი აუცილებლობა...
- დაივიწყე – კარგია!...
- ჯაბა, როცა მიწაზე დადიხარ, ფიქრობ, რამდენი ნაბიჯის შემდეგ უნდა ამოისუნთქო ან ჩაისუნთქო? ან იმაზე თუ ფიქრობ, ამ ხიდან იმ ხესთან მისვლამდე რამდენჯერ მოვასწრებ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვასო?
- არა...
- ჰოდა, მეც მანდ ვარ! ნუ ფიქრობ სუნთქვაზე... ცურვაზე იფიქრე, რა სასიამოვნო პროცესია, როცა ზღვის წყალი გეფერება... ყველა უჯრედით შეიგრძენი ეს სიამოვნება და... სუნთქვაზე საფიქრებლად, უბრალოდ, დრო აღარ დაგრჩება!...
- საიდან იცი ამდენი? – გაოცებულმა შეხედა ჯაბამ ამ პატარა, ნაწნავებიან გოგონას.
- აზრზე არ ვარ... საიდანღაც ვიცი და... აი, საიდან, - ამაზე ვეღარ ვცემ პასუხს!... – გადაიკისკისა თეონამ.

პლაჟზე თენგიზ მასწავლებელი დაინახეს: დაძაბული შეჰყურებდა წყლის ზედაპირს. დაინახა მოცურავენი და ხელი დაუქნია, - მოდითო...
ჯაბა და თეონა უკან დაბრუნდნენ და თენგიზს მიუახლოვდნენ:
- რა მოხდა, თენგიზ მასწ.?
- ჯაბა, ფეხბურთელების ნაწილი თვითმფრინავით აპირებს გადაფრენას თბილისში... შენც ხომ არ გაფრინდები?
- ვინ მიფრინავენ?
- დათოები, ხიტა, პატარაია, ზურა, ზორო...
- და რატომ, თენგიზ მასწ?... – ჩაერთო ლაპარაკში თეონაც.
- აფხაზებს შემოუთვლიათ, “როგორც გეკადრებათ, ისე გაგაცილებთო”...
- მაინც, როგორო?
- ჯანდაბა მაგათ... მე რა ვიცი, როგორ?
- მილიციას ვერ დაურეკეთ? – ახლა ჯაბამ დაუსვა შეკითხვა.
- იყვნენ... მეორე დღესვე მოცვივდნენ.
- მერე?
- რა, “მერე”? ჩვენ დაგვადანაშაულეს, - ჩხუბი თქვენებს დაუწყიათო! დახმარებას დაგვპირდნენ: ორ-ორი – ბანაკში იმორიგევებს...  და წასვლის დღეს სადგურში – ბევრნი იქნებიან, ყოველი შემთხვევისთვის... ჰა, რას იზამ, ჯაბა?
- არა, თენგიზ მასწ... მე ბანაკში დავრჩები. გოგონებთან ხომ უნდა დარჩეს ვინმე?!
- კარგი, ბატონო... ეს შენი გადასაწყვეტია. წამოდით, ისაუზმეთ და მერე დაბრუნდით პლაჟზე.

თენგიზი ბანაკში დაბრუნდა.
თეონამ და ჯაბამ ტანზე გადაიცვეს და ისინიც ბანაკისკენ გაემართნენ. უეცრად ჯაბას ნაპოვნი ქვა გაახსენდა. ჯიბიდან ამოიღო და  თეონას მიაწოდა.

- რა უცნაური ფორმა აქვს?! დიდი მადლობა, ჯაბა... – ვერ დამალა აღფრთოვანება თეონამ და ჯაბას ლოყაზე აკოცა. - მაგრამ ასეთი წესია: თუ ამ ქვას მე მჩუქნი, მაშინ მეც უნდა გაჩუქო ასეთივე გახვრეტილი ქვა... ასეთი ქვა ოცნებათა ამსრულებელია...

თეონამ კარვიდან გამოიტანა ულამაზესი პატარა, ჭრელი ქვა, ორიგინალური ნასვრეტით, რომელშიც უკვე ძაფიც იყო გაყრილი და კისერზე შეაბა ჯაბას.
- ამ ქვას არასოდეს მოვიცილებ, თეონა!



(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები