 | ავტორი: ხათუნა777 ჟანრი: პოეზია 5 ოქტომბერი, 2021 |
არავის ახსოვს, დედაჩემისთვის მზე საიდან ამოდის. არც თვითონ ახსოვს. გადაივიწყა. მისი დღეები ერთფეროვანია. ბევრს აწუხებს ასეთი დღეების შემოჩვევა, მაგრამ დედაჩემის დღეებს, ცოტა თუ გადაუსწრებს სიმძიმით. ჩემი ძმა დედაჩემისთვის მოპარული მზით ითბობს გამჭვირვალეობაშეძენილ ძვლებს. ჩემმა ძმამ უხილავი ჯაჭვი შემოაქსოვა დედაჩემს. იქნებ არც უნდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. ჩემს ძმას შიშის სამყაროს მბრძანებლის სიტყვისა სჯერა მხოლოდ. შიგადაშიგ, დედასაც აძლევს უფლებას მზისკენ გაიხედოს. ისიც წამიერად. ჩემს ძმას მზის ეშინია.
ოთახი, რომელშიც დედა და ძმა ცხოვრობენ, ფერებჩამორეცხილი, უღიმღამობის საუფლოა. დროდადრო, იძულებით ჩაისახლებენ ხოლმე უჩინარ, უცხო ენაზე მეტყველ მდგურებს, მაგრამ ვინაიდან მათ ჩემი ძმის მეტი ვერავინ ხედავს და ბუნებრივია, ვერც აღრიცხავს, ამიტომ დედაჩემის პენსიიდან გადასახდელი კომუნალურები და ბინის ქირა უცვლელია.
ბავშვობაში დედაჩემის ხელებს ვანილისა და ვარდის ზეთის სუნი დაჰკრავდა. მისი ჭაღარაშერეული თმა ხან ცისფრად, ხანაც იისფრად ბზინავდა. სახელიც მახსოვდა იმ ჯადოსნური თმის სავლების და დამავიწყდა (,,ირიდა", ვითომ?!) ახლა ძალიან შორსაა ეს ყველაფერი. დედაც შორსაა და ის ჩემი ძმის თვალებიდან ამოკითხული ტიტრებითღა ათენ- აღამებს. ჩემზე ვერ ფიქრობს. ან იქნებ ფიქრობს, თან იმდენს, რომ ფიქრები გაურბიან კიდეც. ვინ იცის...
ჩემი დაბადებიდან ორი წლის შემდეგ გაჩენილ ჩემს ძმას დედა ახლა ზურგით ატარებს. შეეზარდა და ვეღარ ჩამოუსვამს. ჰოდა, გეკითხებით, ყოვლისმცოდნენო, რანაირად უნდა ახსოვდეს დედაჩემს, მზე საიდან ამოდის და სად ჩადის, მაშინ, როცა წელში ვერ გამართულა, შიში ვერ მოუშორებია, ლუკმა ვერ გაუღეჭავს, მე ვერ შემხვედრია ნებართვის გარეშე...
როცა კარტოფილს ვუწვავ შვილებს, ლამაზად ვბრაწავ, ასევე ლამაზად გადმომაქვს ლანგარზე და ფანტაზიას ადევნებული ვრთავ ხან რით, ხან- რით (გემოთმოყვარეობის ღმერთს ვექვეშევრდომები), სულს მინგრევს კადრი ახლო წარსულიდან: დგას დედაჩემი სამზარეულოს ნიჟარასთან და მარცხენა, საღი ხელით დიდხანს, ძალიან დიდხანს რეცხავს კანგაუცლელ, დამზრალ კარტოფილს. კანიანადვე ჭრის თხელ რგოლებად და ტაფაზე წვავს. მისი მარჯვენა მომაკვდავი ჩიტივით რომ თრთის- შვილისთვის ცდილობს შეუძლებელს. შიშს არ ნებდება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. წაიკითხეთ ყველამ.
წაიკითხეთ ყველამ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|