ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2021


ლოკალი კოლა

ნინო სტრონი

ლოკალი კოლა

  საქართველოში თარჯიმნობა გაჭირვებამ დამაწყებინა და კი გამომადგა აქ, ამერიკაში.
  იტყვიან ხოლმე, ოთხმოცდაათიანები, ოთხმოცდაათიანებიო, აბა, კარგი რა არის იმაში,  პურზე რომ ტანკით მიჰყავხარ ნაცნობს და ამით ბედნიერი ხარ… ჰო, მაგრამ მაინც გვქონდა ჩვენი გამონათებები,  ერთმანეთთანაც უფრო ახლო ვიყავით, მეტსაც ვიცინოდით. ადამიანობა მეტი იყო.
  მამიდაჩემისგან ვაკის ერთოთახიანი, მრგვალ ბაღთან მე დამრჩა ანდერძით.
ძმისშვილ- დისშვილებისთვის არავისთვის არაფერი  კარგი და საუკეთესო არ დაუკლია, მაგრამ ჩემზე უფიქრია, გაუთხოვარია და იქნებ ბინის გულისთვის მაინც ვინმემ შეირთოს,  ბავშვი თუ ეყოლა, ხომ კარგი, მერე რომაც მიატოვოს, ერთ ბავშვს რამენაირად გაზრდის, სიბერეში პატრონი ეყოლება, თუ არა და გააქირავებს მაინც და ერთი ლუკმა პურის ფული სულ ექნებაო. ძალიან რომ გაჭირდა უტრანსპორტობა, მდგმურები რომ გამეპარნენ იქიდან, ჩემი ავეჯიც რომ გააყოლეს და ვალებიც დამიტოვეს,  ვიფიქრე, გადავალ და მე თვითონ იქ ვიცხოვრებ, მოწაფეებიც უფრო ადვილად მომიდგებიან-მეთქი.
  ჩემ გვერდით დიდი ბინა ამერიკელზე ჰქონდათ გაქირავებული. ყოველ დილა ზუსტად ერთ დროს გადიოდა და საღამოთიც ერთ დროს მოდიოდა. მეც იმ დროს ვითომ შემთხვევით, ლიფტში შევხვდებოდი, ერთმანეთს გავუღიმებდით, ინგლისურად მოვიკითხავდით, იმისი ბინის გამქირავებლის წყალობით იყო, მეხუთე სართულამდე ლიფტი სულ რომ მუშაობდა,(სხვა სართულებს ფული არ გადაუხდიათ სარემონტოდ, არა გვაქვსო და ყველა სართულზე - შიგნიდან კლიტე ედო უსაფრთხოებისათვისაც, - ვინმეს ძალით გაღება რომ არ ეცადა და შახტაში არ ჩავარდნილიყო).
  ერთ საღამოს დვაიტი გამომელაპარაკა, ინგლისურის მცოდნე გვჭირდება ქალაქგარეთა ოფისში,  არა მუდმივად, არამედ საათობრივად და საინტერესო ხომ არ არის თქვენთვის? ტრანსპოსტირებას ჩვენ უზრუნველვყოფთო.
    გამიხარდა რომელია!
    როგორც გავარკვიე, დვაიტის კომპანიას მაგისტრალი გაჰყავდა და  მშენებლობაზე მოულოდნელი ხარჯებისთვის ცალკე ბიუჯეტი ჰქონდათ ქეშისა, ანუ  ნაღდი ფულისა. რამე პატარა თუ მოხდებოდა, ადგილობრივს ვინმეს თუ მაგალითად, ღობეს დაუზიანებდნენ, ან მანქანას გვერდს გაჰკრავდნენ ცოტათი, საქმეს ოფიციალურ მსვლელობას არ აძლევდნენ, იქვე მოელაპარაკებოდნენ  დაზარალებულს და  ნაღდს უხდიდნენ.
    მე აქეთ-იქით უნდა მეთარგმნა.
    მერე სადმე გზად, რესტორანში მაჭმევდნენ, რაც დარჩებოდა სუფრაზე, ცელოფანის პარკში ჩავიწყობდი და კაიხანს მყოფნიდა.
არ ვიყავი უკმაყოფილო.
ნაღდს მიხდიდნენ ყოველ ჯერზე. ორ საათში ოცდაათი დოლარი მაშინ კარგი ფული იყო. ყოველ შემთხვევაში - ჩემთვის.
  ზედმეტს არც ვინმე რამეს მეუბნებოდა, არც მე ვეკითხებოდი
****
ერთხელაც წამიყვანეს, კიდევ ვიღაც ლოკალის, ესე იგი ადგილობრივის ძროხა გაიტანა ჩვენმა მძღოლმაო.
    დათქმულ დროს  ლოკალი ანუ ადგილობრივი ზუსტად მოვიდა. საშუალოს გადაცილებული, გასუფთავებულად ჩაცმული,  სართიჭალელი გლეხი იყო, სახელად კოლა.
ლოკალი კოლა!
ქეში დვაიტს ებარა, მაგრამ  ჯერ მოსული არ იყო. ქეშის  გაცემისთვის რაიმე  ფინანსური დასაბუთება რომ ჰქონოდათ, ოქმივით რაღაცას ვწერდით ხოლმე.
      ლოკალ კოლას გაუხარდა, ქართველი რომ დავხვდი:
    -მა განცხადება შენ უნ დამიწერო ინგლისურათა. გათხოილს არა ჰგამხარ, ჩემი გოგიას ტოლი ხარ, საცოლე ბიჭი მყაამ და შენ ეგრე კარქა ინგლისური სად გისწავლია?
  ჰო, აბა რახან ჩვენიანი ჰყოფილხარ, შენთანა დასამალი რაღა მააქ. ამ ოხერი შრომიდან აღარაფერი გამოდის, ერთმა ჩვენებურმა ეგეთი საქმე წამოიწყო.თათრების სოფლეფში იაფათ, ვითომ დასაკლავათ მჭლე ძროხებსა ყიდულობს, ჩამოჰყავს და ცალობითა ჰყიდის ამერიკელების მანქანებქვეშ შესაგდებად. ძროხა- ძროხათა გრჩება ოჯახში საჭმელათა, ზოგსაც ხორცად გაჰყიდი უბანში და ფულს კიდევ სუ დოლარებში ეგრევე იძლევიან.
    მეც ნასესხები ფულით ერთი ეგეთი ვიყიდე და ბედი არ გინდა? იმ შოფერ ჯიბეზე ფული არა ჰქონია, გადმაიღო აპარატი და კარგი ფოტოგრაფივით  ჩხაკუნი დამიწყო, მერე დამტვრეული ქართულითა, აქა და აქ მოდიო და აჰა, მოვედი!
    ეხლა იცი რა? დამიწერე ეგრე, რო მაკე, მეწველი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი მომიკლეს
    - მოიცათ მაკე ძროხა თან მეწველიცაა?
ვეკითხები. - ამ საქმის დაწყებამდე ძროხა ტელევიზორში თუ მყავდა ნანახი, მე რა ვიცი,
    - შვილო, მე რასაც გეტყვი, შენ ისე დაწერე! შვილ რო გეძახი, ხო არა გწყიინს, შენი ხნისა - დასაოჯახებელი ბიჭი მყამ შინ გოგიაი, კარგა ყოჩაღი, ლილოს მარშუტკაზედა ზის
მძახალთან. სანახევროა ხარჯიცა, მოგებაცა.
    შენ წილსა არც პატივისცემას დაგიკარგამ.
    დავწერე, რაც მითხრა, აგერ ლოკალი კოლა და აგერ ოფის მენეჯერი, თვითონ არკვიონ- მეთქი.
    მოვიდა დვაიტი, გადახედა განცხადებას და თავი გააქნია, მეუბნება, უთარგმნეო.
რაიმე საბუთი ან ფოტო ხომ არა გაქვთ თქვენი ძროხის? თქვენი აღწერილობა და ჩვენი ფოტოები  ერთმანეთს არ ემთხვევა. თქვენ დედალი ძროხა გიწერიათ, ჩვენს ფოტოზე კი აშკარად მამალია (ანუ ჩვენებურად ხარი - მთხრობ. ლერა) ჩვენ მამალი ძროხის ფული გვაქვს, თქვენ ვერ მოგცემთ, დაზარალებულ ლოკალს უნდა მივცეთო.
    არა, არ ველოდით საქმის ასე შემოტრიალებას. ზის ლოკალი კოლა ენაგადაყლაპული. სიჩუმე ისევ დვაიტმა დაარღვია. ჩემს პირად ფულს გაძლევთ ორმოცდაათ დოლარს, რადგან აქ მოხვედით და ერთი საათი გალოდინეთო.
ვუთარგმნე და ფული მაგიდაზე დაუდო.
    ლოკალმა კოლამ უხმოდ აიღო, არც მადლობა, არც ბოდიში, არც ნახვამდის და გავიდა.
    სამუშაო დღის ბოლო იყო, დვაიტმა წამომიყვანა და საჭმელად გზისპირა რესტორანთან გავჩერდით.
  კაი მწვადის სუნი, ფოთლების შრიალი, იქვე ლამაზად, ქვებით გაფორმებული პატარა ჩანჩქერი…
  ძალა მოვიკრიბე და ხაჭაპურის მოლოდინში ვეკითხები, შვილები და მეუღლე თუ გყავთ-მეთქი
და კიო.
ასე ყველას რომ აძლიოთ თქვენი ჯიბიდან, იმათ არ დააკლდებათ-მეთქი?
და იცი, რაო? ეგ ბიუჯეტის ფული იყო. მძღოლიც ლოკალია და  ეს რომ მოხდა, მოუფიქრებია, რაღაც გაფუჭებული აპარატი ყოფილა უფროსისა მანქანაში და ვითომ სურათები გადაუღია.
კიდევ კარგი, ლოკალმა არ მოგვთხოვა სურათების ჩვენება...
  რაც დაგვრჩა (ბევრი არაფერი) რესტორნიდან პარკში ჩაწყობილი წამოვიღე და სახლამდე ხმა არ ამომიღია. რაღაცნაირად დავდარდიანდი…
    და დღემდე ვფიქრობ და პასუხი არ ვიცი, ჩემი ჩათვლით, ვინ რაში იყო იქ მართალი ან მტყუანი ან ცხოვრება რატომ გვაგდებს მუდამ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვიფიქროთ, ვიფიქროთ და ვერაფერი გავუგოთ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები