ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
4 მარტი, 2009


დედას

  დღეს სამი მარტია დედა...
  პატარა რომ ვიყავი, ამ დღეს  მისალოც ბარათს გიხატავდი  ხოლმე, ჩემი სიყვარულის გამოსახატავად. ახლა არაფერი დამიხატავს, მხოლოდ დაგიწერე...

  ძალიან მიყვარხარ და ყოველ დღე ალბათ ამას ვერც გამოვხატავ, მაგრამ შენ ხომ იცი რომ ასეა. როგორ შეიძლება შვილს დედა არ უყვარდეს, ამას არც ფიცი და  არც მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ მაინც გეტყვი...
  მახსოვს, ერთხელ, პატარა რომ ვიყავი, მეჩხუბე და ასე გაბრაზებულმა დავიძინე. ღამით შენმა კოცნამ და მოფერებამ გამაღვიძა. ცრემლები მომდიოდა, მაგრამ ვერ მიხვდი...მერე როცა შევატყვე, რომ თავს ვეღარ ვიკავებდი და უნდა მეტირა, ვითომ გამეღვიძა, წამოვდექი. დაიბენი და მკითხე: "გეღვიძაო?" - არა, ეხლა გამეღვიძა, წყალი მინდა-მეთქი და ავდექი. განა მართლა წყალი მინდოდა, გავედი და ვიტირე....
    ისიც მახსენდება, რომ წავიქცეოდი და მეფერებოდი ხოლმე.  ზლუქუნს ვუმატებდი მაშინ,  რომ მეტად მომფერებოდი.
  გახსოვს, როგორ ამაყობდი და გიხაროდა, როცა ჩემი, როგორც  სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლის გაზრდისთვის, სიგელი გადმოგცეს? მეც ბედნიერი ვიყავი,  იმიტომ, რომ შენ გიხაროდა, თორემ ის ფურცელი ჩემთვის არაფერი იყო.
  ძალიან მიყვარხარ და გილოცავ დედების დღეს. ალბათ როცა დედა გავხდები, მაშინ უფრო მეტად დაგაფასებ, მაგრამ მანამდეც ძალიან მიყვარხარ.
  დღეს არაფერი მიჩუქნია შენთვის, რა უნდა მეჩუქებინა, საუკეთესო საჩუქარი შენთვის ხომ მე ვარ, მე და ჩემი ძმა.
  ასეა, მაგრამ მაინც, ამ ნაწერს გაჩუქებ.
  დედების დღეს გილოცავ დედა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები