ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 დეკემბერი, 2021


ჯაჭვობანა

#ჩემი_მხიარული_რითმებიდან
#ლექსმცოდნეობა
#თავშესაქცევი

ჯაჭვობანა

ეს ფაცია დეიდას აღზრდილების  საყვარელი თავშესაქცევი იყო პიონერთა სასახლეში.
თხზვაში სავარჯიშოა  მთლად დამწყებთათვის.

ყოველ მომდევნო სიტყვაში უნდა შეცვალო მხოლოდ ერთი ასო, ისე,  რომ მიიღო ახალი სიტყვა და უმოკლესი გზით მიაღწიო წინასწარგამიზნულ სიტყვამდე.   
  უფრო მოზრდილები ამ სიტყვების რითმებად გამოყენებით ვაგებდით რაიმე ლექსს.  შინაარსი მუდამ სახალისო გამოდიოდა.
  ვინც ჩემს სავარჯიშოებს მხოლოდ ახლა ეცნობა, მინდა დაბეჯითებით ვუთხრა, რომ
ამ გზით იქმნება ლექსი, როგორც სხეული და არა პოეზია, როგორც სული.
    უბრალოდ,  ხელს იწაფავ, რომ პოეზია ადვილად, ოსტატურად  მოიხელთო,  როცა ბედნიერი გამონათების დრო დაგიდგება.

მე ორიოდე ნიმუშს გიდებთ,
დანარჩენი თავადაც შეგიძლიათ მიუმატოთ:

ფეხი - თავი

ფეხი
მეხი
მერი
მარი
თარი
თავი

ახლა ლექსად ავაწყობ:

როგორ მივიღოთ თარზე დამკვრელის ფეხიდან  - თავი

გადამიბრუნდა ფეხი,
თითქოს დამეცა მეხი,
ვერ მაყენებდა მერი,
ეშველებოდა მარი,
აღარ მანაღვლებს თარი,
ძლივს გადამირჩა თავი.

კიდევ ერთი მაგალითი:
ქალი - კაცი

ქალი
ვალი
ვაცი
კაცი

ახლა ავაწყოთ:

ტრავესტი*

იყო ერთი ქალი,
ქალს დაედო ვალი,
ვალში მისცა ვაცი,
ვაციაო - კაცი.

- - -
*ტრავესტი -საწინააღმდეგო სქესის მიერ სასცენო როლის შესრულება. თეატრსა და ოპერაში მსახიობი ქალი, რომელიც ასრულებს მამაკაცის როლს, ან ისეთ როლს, რომელშიც ქალი მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული გამოდის.

**ვაცი -არსებითი სახელი. (ნათესაობითი ბრუნვა: ვაცის)
დაკოდილი მამალი თხა.

ერთიც და მე - მეყოფა:

ჯიბე - ფული

კიბე
კილე
კალე
მალე
მალი
სალი
სული
ფული

ავაწყოთ ლექსად:

როგორ ჩავიდოთ ჯიბეში ფული

ცარიელი გაქვს ჯიბე?
ცხოვრება არის კიბე,
თუ საკილავი - კილე
და საკალავი - კალე,
თუ სამალავიც -  მალე,
და თანაც თუ ხარ მალი,
გაძლებით - კლდე ხარ სალი
და თუ არ გაგძვრა სული,
მართლა გექნება ფული.

ამითი - თქვენ ითამაშეთ:

ვირი - ხურო:

ვირი
პირი
პური
პურო
ხურო

სახე - თითი:

მახე
მალე
მათე
მათი
მითი
თითი

დანარჩენი მაგალითები თვითონ მოიგონეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები