ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 დეკემბერი, 2021


ხმა ახალი ადამიანისა მანანა დოიაშვილის მონოდრამის ვია დოლოროზა - შესახებ და გამო

ნინო დარბაისელი სტრონი

ხმა ახალი ადამიანისა

(მანანა დოიაშვილის მონოდრამა `ვია დოლოროზას~ შესახებ და გამო)

ვია დოლოროზა _ ახალი ადამიანის ხმა, ასე ჰქვია მანანა დოიაშვილის ახალ მონოდრამას და ვიდრე უშუალოდ ნაწარმოების შესახებ ვიტყოდეთ ორიოდე სიტყვას, ჯერ სათაურსა და ამ ნაწარმოების ჟანრულ თავისებურებაზე ვისაუბროთ.
ტერმინი მონოდრამა ქართულად, ჩვეულებრივ, ნიშნავს ერთი მოქმედი პირისთვის შექმნილ დრამატულ ნაწარმოებს. ჩემი ფიქრით, იგი უახლოვდება ჩვენს პოეტიზებულ ტრადიციას _ „ერთი მსახიობის თეატრისა“. ევროპულსა და ზოგადად, მასზე დაყრდნობილ ლიტერატურათმცოდნეობით სკოლებში კი ეს ტერმინი სამი სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. იგი მიერმართება პოეზიასაც, პროზასაც, დრამასაც. სამივეს გამჭოლი ნიშანია ტექსტში წარმოდგენილი სიტუაციის სიმძაფრე, დრამატულობა და ერთი მეტყველი პერსონა.
მანანა დოიაშვილის მონოდრამა მიეკუთვნება `ტექსტს თეატრალური პრეზენტაციისათვის“, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფალი ლექსი დღეს პოეზიის პრევალირებული ფორმაა, ხოლო განსახილველი ტექსტის მთელი პასაჟები ასტროფოიდული პოეზიის გამოკვეთილ ნიშნებს ატარებს, ახასიათებს რიტმულ _ ინტონაციურ პარალელიზმები, სხვადასხვა დონის გამეორებანი, სიმეტრია და ა.შ. შეიძლებოდა გვესაუბრა იმაზეც, რომ ჩვენს წინაშე არის ცდა მონოდრამის ორი სახეობის _ პოეზიისა და პროზის შერწყმისა, როგორც მაგალითად ამ მონაკვეთში:
`საიმონს ვუტოვებ ნიჩაბს, რომ თავის შვილს მიწა თვითონვე მიაყაროს; ჩემოდანს, სავსეს ჩემი კაბებით; ჩემი უსაყვარლესი ადამიანის ნეშტს, ტელეფონით და ამ ჩემთვის წმინდა წერილს, სადაც ყველაფერი დაწვრილებითაა აღწერილი _ მთელი ჩემი გზა _ თოთხმეტივე გაჩერება _ შენი სიკვდილიდან _ დღემდე...“ 
თუ წარმოდგენილ ციტატას პროზის საზომებით მივუდგებით, უნდა ვთქვათ, რომ ეს _ დეფექტური, ტავტოლოგიური პროზაა, სავსე _ მსგავსი სინტაქსური კონსტრუქციებით. მე შორსა ვარ იმ ინტენციისგან, რომ იმაზე მეტი დავაძალო გასახილველ ტექსტს, ვიდრე მასშია ჩადებული. მაგრამ ეს იმდენად აშკარა ტენდენციაა, რომ, ვფიქრობ, აღუნიშნავად არ უნდა გამეტარებინა.
რას გვეუბნება ტექსტის სათაური?
ვია დოლოროზა _ ასე იწოდება მაცხოვრის ბოლო გზა, რომელიც თოთხმეტი შეჩერებისგან თუ ცად ამაღლებამდე თოთხმეტი საფეხურისგან შედგება. ამდენივეს დამატებული ერთი საფეხური აქვს გავლილი წინამდებარე მონოდრამის აქტორ ქალსაც და რამე რომ არ გამორჩეს, ყოველივე ფურცელზეც აქვს ჩამოწერილი და ეს არ არის უბრალოდ მოქმედებათა თანმიმდევრობა. აქ შეჩერებათა შორის გრადაციული მიმარებაა, ანუ ყოველი მომდევნო სვლა _ ზეაღსვლაა კულმინაციისაკენ. რომელსაც დამატებითი, მეთხუთმეტე საფეხური აგვირგვინებს. ამის შესახებ ქვემოთ კიდევ ვისაუბრებთ. 
კვლავ ვია დელოროზას ტრადიციაზე _ გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად ამთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ სინამდვილეში ამას საკუთრივ წმინდა წერილი, ბიბლია, არ იცნობს და ეს _ შემდგომი საუკუნეების ტრადიციისმიერი ზედნაშენია, რომელიც პარასკეობის რიტუალად _ სვლად დღემდე აღესრულება კათილიკური და აღმოსავლეთ ევროპის ორთოდოქსული ეკლესიის მიერ, განსხვავებული სიხშირეებით. იგი შუასაუკუნებრივსა და გვიანდელი პერიოდის ვიზუალურ ხელოვნებაშიც ფართოდ აისახა, უფრო მოგვიანებით არაერთი მუსიკალური ნაწარმოებიც მიეძღვნა, ევროპული ლიტერატურის თემაც არაერთხელ გამხდარა და სხვათა შორის, ძველ იერუსალიმში აწყობილ თანამედროვე ტურისტულ ბიზნესშიც აქტიურად, დიდი წარმატებით იყენებენ. 
რაკი ჩვენი ინტერესის საგანი ამჯერად მხოლოდ ლიტერატურაა და ისიც _ მისი კონკრეტული, თანამედროვე ნიმუში, საქმის გასაადვილებლად მსჯელობის არე, ოპტიმალური ზომის კონტექსტი შემოვწეროთ და დავჯერდეთ იმის თქმას, რომ თანამედროვე თეატრალური ხელოვნება იცნობს ამგვარადვე _ „ვია დოლოროზა~ _ დასათაურებულ მონოდრამას, რომელიც საკმაო წარმატებით სარგებლობდა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში, ჩვენი ათასწლეულის დასაწყისში და მისი ავტორი და სცენაზე ერთი მსახიობის შოუდ შემსრულებელიც გახლავთ ცნობილი ბრიტანელი დრამატურგი დევიდ ჰეა (Dავიდ Hარე).
პირველივე ფიქრი, რომელიც ასეთ დროს გაუელვებს მკითხველს ალბათ ესაა: სათაური _ იგივე, ჟანრი _ იგივე... ხომ არა გვაქვს საქმე აქ ჩანაფიქრის დუბლირებასთანაც?
აქ დაბეჯითებით უნდა ვთქვათ, რომ ამ ორი მონოდრამის მსგავსება ოდენ გარეგნულ სიბრტყეზე ამოიწურება და თემატიკის სფერომდეც ვერ მიდის. დევიდ ჰეას გახმაურებული ნაწარმოები ეხება ისრაელ _ პალესტინის კონფლიქტის ამბებს და სტრუქტურული სქემა, რომელსაც მ.დოიაშვილი იყენებს, მას არ ახასიათებს. (საკითხით დაინტერესებულ, ინგლისურის მცოდნე მკითხველს მისი ვრცელი ფრაგმენტების მოძიება შეუძლია იუტუბზე). მსჯელობისას კონკრეტიკა რომ არ დაგვეკარგოს, ძალიან მოკლედ ამ ქართული მონოდრამის შინაარსს შევეხოთ, ზედმეტი დეტალიზაციის გარეშე უბრალოდ, კონტურულად მოვხაზოთ იგი.
იყო ერთი უშვილო, საშუალო ასაკის (ნეტა ახლა რა იწოდება ასეთ ასაკად? _ ნ.დ) ცოლ-ქმარი, ერთი რესპექტაბელური ოჯახი. ცოლის დაბადების დღეზე უეცრად, უცნობი მიზეზის გამო, მანქანით სადღაც გასული ქმარი დაიღუპა. რაკი ქალს იმ სახლში გაჩერება აღარ შეეძლო, ავეჯიან _ ყველაფრიანად გაყიდვა გადაწყვიტა და მყიდველი _ მათი ნაცნობი ახალგაზრდა მხატვარი აღმოჩნდა. ქმრის მობილურის დატვალიერებისას, კოდირებული სახელის აღმოჩენისას ქვრივმა წაიკითხა ქმრის სასიყვარულო მესიჯები, რომელთა ადრესატიც არა ვინმე ქალი, არამედ სწორედ ეს ნაცნობი მხატვარი სვიმონ/სიმეონი გამოდგა. ამ ბისექსუალთან (დღესდღეობით ამ სფეროში მომრავლებული თეორიების კვალობაზე, ტერმინი მაინც პირობითად მივიჩნიოთ) თავის ყოფილ ბინაში მისული ქალი ერთჯერადი სექსის შედეგად დაფეხმძიმდა, (თანამედროვე სასიყვარულო სამკუთხედი, _ `ლაიფთაიმის“ ტიპის არაერთ ფილმში გამოყენებული მოტივი?), მას ერთადერთი მეგობარი, სამშობიაროში მომუშავე ვერონიკა უვლის თავის სახლში, მაგრამ ნაადრევი აშრევების გამო, ნაყოფი დაეღუპება. ქალი მიდის ქმრის საფლავზე და დარწმუნებული იმაში, რომ ბავშვის მამა იქ აუცილებლად მივა, დაუმარხავ ცხედარსა და წარსულიდან შემორჩენილ ყველაფერს იქ ტოვებს, ხოლო მანამდე _ ვია დოლოროზას სქემაზე, წერილობითად ჩამოყალიბებულ საკუთარ თავგადასავალს აცნობს ქმარს.
მკითხველს ბუნებრივად დაებადება კითხვა, შეიძლებოდა თუ არა რაიმე, ამ ტიპის ნაწარმოები უწინდელ, რეცესიული კულტურით შებორკილ საქართველოში დაწერილიყო, თუ მისი გამოჩენა ახლაა სავსებით კანონზომიერი ანუ იგი ახლანდელი დროის პროდუქტია. თუ გავიხსენებთ სათაურშივე დასმულ აქცენტს `ახალი ადამიანის ხმა“. ამ კითხვაზე პასუხი თითქოს არ უნდა გაგვიჭირდეს. ...თუმცა აქ არ შევჩერდებოდი, რადგან, ჩემი ფიქრით, არის აქ კიდევ რაღაც სხვა საფეხური, რასაც მოგვიანებით შევეხები.. თუმცა რატომ მოგვიანებით, რაკი აქ მონოდრამის სავარაუდო ლიტერატურული წყაროების მოგნებას ვცდილობთ და უცხოურს უკვე შევეხეთ, ქართულზეც აქვე ვისაუბროთ.
1970 წელს მერანმა გამოსცა შიო არაგვისპირელის მოთხრობების ერთტომეული, სერგი ჭილაიას წინასიტყვაობით, მასში 1892 წლით დათარიღებული ერთი ნაწარმოებიცაა (გამოქვეყნ. 1895 წ. ჟ. „მოამბის“ მეათე ნომერში) _ „ქარი კი ამ დროს ზუოდა, კვნესოდა და გმინავდა _ ფსიხოლოგიური ეტიუდი“. თავის მხრივ ეს ეტიუდიც, როგორც არაერთი ქმნილება შიო არაგვისპირელისა, გი დე მოპასანის შემოქმედებით არის ინსპირირებული, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა და როგორც მახსოვს, გამოკვლეულიც. ჩვენ ეს რვაგვერდიანი ტექსტი და მასში გადმოცემული ამბავი გავიხსენოთ:
არის ასეთი უჩინო კაცი, ტიტიკო მიყვარაძე, რაღაც კანცელარიაში, მწერლად ანუ გადამწერად მუშაობს გაორმაგებული ენერგიით, გვიანობამდე სამსახურშია, რომ ოჯახს არაფერი მოაკლოს. ცოლთან ერთად ქალაქის გარეუბანში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ერთ კვირაში ტუბერკულიოზით გარდაეცვლება ტკბილი და ერთგული ცოლი, სახელად ბათო და მარტო მყოფი, გულმწუხარედ დასტირის მის გაციებულ ცხედარს. აგონდება ის ბედნიერი მომენტები, როცა თავისი ბათო, რომ იტყვიან, ზედ ადნებოდა. ბათოს სითბოსა და სიყვარულის წყალობით ამ უჩინარ კაცს, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, თვითშეფასების კოეფიციენტი გაეზარდა, თავს თანამშრომელთა მხრით ბულინგის ობიექტად აღარ გრძნობდა... უცებ კარზე კაკუნი გაისმა და უცნობმა წერილი მოიტანა ბათოსთვის გადასაცემად. წყვილი კი კარჩაკეტილად ცხოვრობდა, მაგრამ ბათოს დრო და დრო წერილები მოსდიოდა, ტიტიკოსაც უკითხავდა ზოგჯერ, ეუბნებოდა, დაროს წერილიაო, მაგრამ კაცს არასოდეს გაუვლია გონებაში, რომ შიგ ჩაეხედა და დარწმუნებულიყო, მართლა იმას უკითხავდა თუ არა ბათო, რაც ფურცელზე ეწერა. ახლა კი სასოწარკვეთილმა მოინდომა გარდაცვლილისთვის ამ ერთხელ თვითონ წაეკითხა წერილი, ახლა მე გიამბობ შინაარსს დაროს წერილისაო. აი, კითხულობს ტიტიკო წერილს და რას ხედავს, დაროსი კი არა, ვიღაც ვახტანგის, _ ბათოს საყვარლის წერილია, შედგენილი სატრფიალო მიმოწერის სტილის დაცვით, ხვალ, ვიცი, შენი ქმარი სახლში არ იქნება და ძველებურად მოვალო, ამ წერილის წაკითხვის მერე ტიტიკოს `დაჭიმული ძარღვები მოუდუნდა, მოელეშა, ღრმად, ძალიან ღრმად ჩაისუნთქ _ ამოისუნთქა ...და თითქოს ამოსუნთქვას ამოაყოლა ყოველივე ის, რაც კი წმინდათაწმინდას შეადგენდა, რაც რწმენა ჰქონდა და სააქაოსთან აკავშირებდაო. ახლა მხოლოდ სიფუღუროვეს, სიცარიელესღა გრძნობდა. სააქაოსი აღარც თავში, აღარც გულში აღარა დარჩენია _ რა და საიქიოსი. როგორც ბათოს, აღარა _ ეყურებოდა _ რა, თუმცა კი ქარი ამ დროს ზუოდა, კვნესოდა და გმინავდა“.
ჩემი ფიქრით, ყელაზე ახლო ქართული ტექსტი, რომელთანაც მანანა დოიაშვილის მონოდრამას დიალოგური მიმართება აქვს, შიო არაგვისპირელის ეს ნაწარმოები უნდა იყოს. 
ნიშანდობლივი მეჩვენება არა მხოლოდ საერთო, ძირითადი კონცეფცია თუ ღერძი, _ მეუღლის ერათგულებაში დარწმუნებული ადამიანი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, წერილით, თანამედროვე პირობებში _ მობილურის ტექსტური შეტყობინებით იგებს, რომ მწარედ მოტყუებული აღმოჩნდა... არამედ ის გარემოება, რომ მოღალატე ქალის მრავალსაუკუნოვან მოდელს მონოდრამიდან პაროდიულად ეხმიანება ამჯერად უკვე მოღალატე კაცის მოდელი, რაც აღმოსავლურ კულტურასთან დაკავშირებული ქართული მენტალობისთვის საუკუნეთა მანძილზე ჩვეულებრივ, მიღებულ ამბად მიიჩნეოდა ალბათ. კულტურის ფემინიზაცია კი ჩვენი ახალი რეალობაა. 
ამ ახალი რეალობის პირობებში, ამ მონოდრამის მიხედვით, ცოლქმრული ფიცის დამრღვევი კაცი არა მხოლოდ მოღალატედ, არამედ ბისექსუალად არის წარმოდგენილი, ბისექსუალია მისი პარტნიორი მამაკაციც.. ნათქვამია რაღაც ასეთი, _ ფროიდის წყალობით, ჭიქასა და მასში ჩადებულ კოვზს შორისაც კი, ადამიანები უკვე სქესობრივ კავშირს ხედავენო. თუ მეტისმეტი არ გამომივა ეს დაშვება, ქალსა და მისი მეგობარს _ ვერონიკას შორისაც, შესაძლოა, რეალური თუ არა, პოტენციური ლესბოსური კავშირში ვივარაუდოთ, იმის გათვალისწინებით, რომ 1. ქმარი გამოკვეთილად ეჭვიანობს ცოლის ამ ერთადერთ მეგობარზე ; 2. ქალს, საცხოვრებლად მასთან გადასულს, დაფეხმძიმებულს ვერონიკა ეუბნება, „ისე გააჩინე, არ ვუთხრათ მამამისს, ჩვენ გავზარდოთო“. ლესბოსური წყვილებისთვის ეს მოდელი ტიპობრივია: ერთ-ერთი აჩენს შვილს და შემდგომ ორივე ერთად ზრდის. 3. ხოლო ფინალიდან ვგებულობთ, რომ ქალი _ საბოლოოდ ვერონიკასთან რჩება: „ახლა კი უნდა გავიქცე, ვერონიკა მელოდება, ჩემი სკვინჩა, რომელიც დღემდე, როგორც მარადმოყვავილე ვარდს ისე მიყურებს და მუდმივად მრწყავს“ და მომავლის მისეულ პროექტშიც ვერონიკა _ ერთადერთი გამოკვეთილი ფიგურაა.
პრინციპში, ტექსტი, გარდა აღნიშნული მომენტებისა, ამ მხრივ, ხელჩასაჭიდს ბევრს არ იძლევა და ეს ყველაფერი, ვიმეორებ, ვარაუდთა სფეროს უფრო მიეკუთვნება.

***
ტექსტში აღნიშნულია, რომ ქალი თავის ქმართან ადრიდანვე რაღაც ფიცითაა შეკრული, აღნიშნულია ისიც, რომ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, იგი უშვებს ცოლქმრულ ღალატს და ასეთ შემთხვევაში საკუთარი ქცევაც კი აქვს წინასწარ განსაზღვრული. ეს რომ ჯვრისწერის ფიცი არაა, მალევე ირკვევა, რადგან ქმარი _ სხვა სარწმუნოების წარმომადგენელია. მეტი დაზუსტება მონოდრამაში _ არ ხდება. (თუმცა არის მინიშნებანი მაგ. ფეხსაცმელი, რომელმაც მიცვალებული უნდა გაათბოს გრძელ გზაზე), რომ იგი, რომელიღაც წარმართულ კონფესიას უნდა მიეკუთვნებოდეს. ვფიქრობ, მეტი კონკრეტიზაცია შეცვლიდა ტექსტის სტრატეგიას, რომელზეც ვისაუბრებთ, მანამდე ვნახოთ სხვა ხასიათები.
სვიმეონ/საიმონი _ ერთი შეხედვით, ბიბლიური პირის _ სვიმეონ კანანელის ანალოგი უნდა იყოს. ზოგი გადმოცემით, სვიმეონ ქანანელი ქრისტეს მოციქულად მიიჩნევა, სხვა წყაროები უფრო შორს მიდიან და მას ქრისტეს ბიოლოგიურ ძმადაც აცხადებენ, იმოწმებენ რა მათეს სახარებიდან მომენტს, სადაც მაცხოვრის და-ძმის სახელებია ჩამოთვლილი. არსებობს ვერსია, რომ ქანანელი ნიშნავს ადამიანს კანადან,... არც ეს გვეხმარება მისი სახის გახსნაში... მაგრამ ერთი ვერსიით სვიმეონი არის ზელოსი, საღმრთო შურის, უძლიერესი სიყვარულის და მასთან დაკავშირებული ერთი ძველი, ქრისტიანული სექტის წარმომადგენელი, რომელიც იესოს შეუერთდა. 
ჩემი აზრით, სწორედ შურიანობაა მისი ატრიბუტებიდან ის მომენტი, რომლის გათამაშებაც ამ ტექსტში ხდება, თუმცა საღმრთო შური პაროდირებითი წაკითხვით შურიანობას კი არა, შურისძიების მოტივს წამოჭრის. ანუ დრამაში წარმოდგენილია _ სექსი, როგორც შურისძიება (შურისძიებითი სექსი _ ტჰე რევენგე სეხ) რაკი ეს სახეობა სექსისა პრაქტიკულად, ძალზე ნიშანდობლივია ქართული გარემოსათვის, ხოლო თეორიულად _ ჩვენში არცთუ დიდად შესწავლილ-გამოკვლეული ან განხილული, ძალიან მოკლედ განვმარტავ მის მხოლოდ ზოგ ასპექტს, რომელიც ჩვენი განსახილველი მონოდრამის ამ ცენტრალურ ეპიზოდს უკავშირდება. მანამდე კი აღვნიშნავ, რომ სექსის სოციოლოგიაში, კერძოდ, მის ბოლოდროინდელ გამოკვლევებში შურისძიებითი სექსი, რომელიც ცალკე განიხილებოდა, ახლა უკვე მოიცავს ბრაზის სექსსა და განშორებისშემდგომ სექსსაც, როგორც სახეობებს. ბრაზის სექსი პარტნიორთან პოტენციური დაბრუნების მომენტს გულისხმობს (ეს _ ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია, რადგან ორივეს საერთო ექს-პარტნიორი _ მკვდარია), ხოლო განშორებისშემდგომი სექსის ინტენციაა, პირველ რიგში საკუთარ თავს დაუმტკიცოს პირმა, რომ თუმცა უარყოფილია წინა პარტნიორისგან, მას ღირებულება სხვის თვალში, თვითშეფასება და ა.შ. არათუ არ დაუკარგავს, არამედ იმაზე მეტიც კი აქვს, ვიდრე ყოფილს წარმოედგინა და ეს ყოფილმა რაღაც გზით უნდა გაიგოს, ნახოს და დარწმუნდეს, რათა ინანოს, რაც შემთხვევათა უმრავლეს ნაწილში ასე ვერ ხდება, მაგრამ პირს კმაყოფილებას ანიჭებს ამისი წარმოდგენა მერე რა, რომ ქმარი აქ უკვე გარდაცვლილია, განა წერილი იმ მიზანსაც არ ემსახურება, რომ მას გააგებინოს მომხდარის შესახებ და განაცდევინოს მწარე სინანული იმ დანაკარგის გამო, რომლის ღირებულებაც არ სცოდნია. ერთჯერადობა _ შურისძიებითი სექსისა და მისი სახეობების ძირითადი გამაერთიანებელი ნიშანია, ამიტომაც არ უწერია ქალისა და სიმეონის ურთიერთობას არანაირი პოზიტიური გაგრძელება. სიმეონი _ მამობის პასუხისმგებლობიდან _ შორსაა. სხვა მიზნისთვის სჭირდება ბავშვი.
ქალი საფლავზე ყვება, სექსის მერე დილით _ „იმის დრო არ იყო, მივმხვდარიყავი, ეს სამაგიერო იყო, სიმთვრალე, ვნება თუ შურისძიება“. 
აქ გარკვევით უნდა ითქვას, რომ ის, რაც ქალის ყოფილ ბინაში მოხდა იმ ღამეს, არის ორმხრივი შურისძიება, რომელიც გარდაქმნილი სექსუალურ ენერგიად, ვნებად _ შესაძლებელს ხდის მათს ერთჯერად დაწყვილებას და როგორც აღვნიშნე, ამ ურთიერთობას გაგრძელება არ უწერია, რადგან საერთო შურისძიების პიკი _ გადავლილია. ამას გარდა, საჭიროდ მეჩვენება ერთ მომენტზე ყურადღების გამახვილება:
შურისძიება კი ორმხრივი იყო, მაგრამ თითოეული მხარე სხვადასხვა, განსხვავებული მოტივით იყო პირობადებული:
ქალი _ შურს იძიებდა მოტყუებული სიყვარულის გამო საკუთარ, გარდაცვლილ ქმარზე, ხოლო სვიმონ/სიმეონის შურისძიების ველი უფრო ფართოა. იგი ხომ მამრი-მეძავია, სიყვარულში უხდიან და ვინც კარგად უხდის, უყვარს კიდეც თავისებურად ამ კარგადგადამხდელობის გამო. გარდაცვლილი საყვარლის სახლს რატომ ყიდულობს?! _ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ქალს ათრობს და ალკოჰოლით დაუძლურებულზე ძალადობს, თუმცა ეს როდია საკმარისი, მას ხომ მთელს ცხოვრებაზე აქვს შური ბოლომდე საძიებელი. ყველაფრიდან ჩანს, რომ მას ბავშვი სჭირდება, არა როგორც საერთო სიყვარულის ნაყოფი, არამედ ცოცხალი დადასტურება იმისა, რომ შურისძიება წარმატებით დაგვირგვინდა და მან ცხოვრებაზე ძლევამოსილად გაიმარჯვა! თუმცა ისიც შეიძლებოდა, ასე ღრმად არ ჩავყოლოდით ტექსტს და სიმეონის მთელი მოქმედება _ გარდაცვლილი შეყვრებული კაცის სახლის ყიდვა, მთელი შიდა მოწყობილობით, სახლში დარჩენილი, ქალის ატმისფერი ხალათის ტარება, შეყვარებულის, უფრო ზუსტად, სექსუალური პარტნიორის ქვრივის დათრობა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურება, შემდგომ იმ ქალისგან (დავარქვათ _ მეტოქე) შვილის შეძენის სურვილი _ ეს ყოველივე გაგვეაზრებინა, როგორც საღმრთო შურს შენაცვლებული მიწიერი, ადამიანური შურის რეალიზაცია, როგორც სწრაფვა ყოველივე იმის დასაუფლებლად, რაც ეკუთვნოდა საპირისპირო მხარეს, თუნდაც როგორც პოტენცია. ვფიქრობ, არც ასეთი ანალიზი დაიწუნება, მაგრამ პასუხი უფრო ქვეცნობიერ სფეროში საძიებელი მგონია. 
საიმონი ირონიული, მეტიც, ცინიკური პიროვნებაა. მისთვის გარდაცვლილი კაცი, რომლის სახელიც არ ვიცით, ისევე, როგორც არ ვიცით სახელი მთავარი აქტორისა, ქალისა, საპარტნიოროდ ერთი კარგი ვარიანტია, მას შეუძლია, პარტნიორში სასიყვარულო გრძნობები აღძრას, შეყვარებულიც ითამაშოს, მაგრამ თავად არ შეუძლია, იყოს შეყვარებული. იგი, როგორც სექსუალური პარტნიორი _ ფრიგიდულია, მისთვის ადამიანი, როგორც თავად ამბობს, რაღაც, დახურული კონსერვივითაა, რომელსაც გახსნი, მოიხმარ, იგემებ და ესაა! მას შეუძლია პარტნიორისა და საკუთარი თავის მართვა ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია და ამ უნარით ტკბება. იგი თავისი ფრიგიდულობის გასაღებს თავად დებს ქალის წინ. თუმცა ჩვენი აქტორი ქალი იმ გასაღების გამომყენებელი არ არის. ერთი საშუალოზე უკეთესი გარეგნობის, არაინტელექტუალური ვინმეა _ საბედნიეროდ, რადგან უკვე რახანია, დამღლელი და მოსაწყენია ჩვენს ლიტერატურაში ლამაზ _ინტელექტუალური ქალის, თუნდაც კაცის სახე, რაღაც მეორადი იდეებით რომ საზრდოობს. აქ მეტი კონკრეტიკა არაა საჭირო, როგორც იტყვიან, გამგები _ გაიგებს...
ჩვენ ისევ ისევ გასაღებს მივხედოთ!
სიმეონი რომ ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდა მხატვარია, ამას ტექსტის დასაწყისიდანვე ვგებულობთ. იმ საბედისწერო დღეს, როცა ქვრივთან ერთჯერადი სექსით დაკავდება, თავისებური ნიშნისმოგებით უამბობს მას, თუ მდიდარმა ბიძამ, რომელსაც მისი მშობლები ვერ იტანდნენ, კაზინოში უკვე წაგებული ქონების ნაცვლად, როგორ უანდერძა „სიბრძნე“: ლამაზი ხარ, მთავარია, ძვირფასი ღვინოების ცოდნა და კარგი მინეტი ისწავლოო. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჩვეულებრივ, მასკულინურ ურთიერთობაში ბიძა მცირეწლოვან ბიჭ ნათესავს ასეთ რამეს, უბრალოდ, ვერ ეტყოდა. 
ის, რომ სვიმონის მშობლები ვერ იტანენ მომაკვდავს, ხოლო თავად მომაკვდავს მოპოვებული აქვს უფლება, ასეთ პიკანტურ თემაზე თავისუფლად ესაუბროს ბიჭს, თანაც ხაზი გაუსვას მის გარეგნულ მონაცემებსაც. ეჭვს არ ტოვებს, რომ იგი მისი დომინანტური სექსუალური პარტნიორია, ანუ სიმეონი ადრეული ასაკიდან ინცესტის მსხვერპლია, ხოლო ამ სფეროს ლიტერატურაში აღიარებული დებულებაა, რომ ძალადობა მაინცა და მაინც ფიზიკურ იძულებას არ გულისხმობს, შეიძლება მოძალადემ ამისათვის გამოიყენოს საკუთარი უპირატესი სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობა მსხვერპლის მიმართ, ხოლო როგორც წესი _ ძალამოკრებილი მსხვერპლი _ თავად ხდება მოძალადე, ანუ ამ გზით, შურს იძიებს არა მხოლოდ ლოკალურ გარემოზე, არამედ გარემოზე, მთელს სამყაროზე, რომელმაც მისი უმწეობით ისარგებლა. დიახ,“რეალური“ სვიმეონ / სიმეონი შურისმაძიებელია, რომელიც ახლა უკვე ტკბება საკუთარი ძალმოსილებით და თუ ჩემი მსჯელობა ლოგიკას არ არის მოკლებული, მაშინ ახსნადია ქალის გამაოგნებელი, ფინალური მოქმედებაც, როცა ქმრის საფლავზე სიმეონს საკუთარი ჩვილის ცხედარს უტოვებს. 
იშორებს რა ქალი ყოველივეს, რაც ბოლოდროინდელ, დაახლოებით ერთ წლამდე მტანჯველ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აკავშირებდა, იგი ერთდროულად ორმხრივი შურისძიების გრძნობითაა აღსავსე _ ქმრისა და სექსუალური პარტნიორის მიმართ.
ქალისთვის შურისძიების მოტივი ახლადმოპოვებული უპირატესობის შეგრძნება-გააზრებაზეა დაყრდნობილი, ტიპობრივად _ ესეც სიმეონის მოდელის მსგავსია, თუმცა სახეობრივად, _ მოდუსადაა გამოვლენილი...

ქალი ხომ საბოლოოდ არკვევს, რომ მსხვერპლია არა მხოლოდ ტყუილისა და თანამედროვე ადულტერის, არამედ ფინანსური, ფსიქოლოგიური ძალადობისა და ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ცდილობს, ყოველივე, რად ადასტურებს მის მსხვერპლობას, შურისძიების მერე საბოლოოდ მოიცილოს და... რა გზას დაადგეს?
ტექსტის ფინალში, რომელიც მთლიანად სახარებისეული ალუზიებითაა გაჯერებული, უკანასკნელი ფრაზა წარმოადგენს მაცხოვრის ბოლო სიტყვებს მათეს სახარებიდან, სადაც იგი ჰპირდება ადამიანებს, რომ მუდამ მათთან იქნება. ტექსტის დასაწყისშივე მონასტრის თემის შემოტანა (დაქვრივებული ქალი ქმრის მობილურში გამოგზავნილი სასიყვარულო ტექსტების ავტორს ეძებს იქ) და ის გარემოება, რომ ქალი _აქტორი თუმცა სექსუალურად უკვე ემანსიპირებულია, სოციალურად ან ფინანსურად თვითდამკვიდრებისათვის საჭირო უნარჩვევებს _ მოკლებულია, ნებიერ ოჯახის ქალად თავისი ხანგრძლივი ყოფნის გამოცდილების გამო, იმ ვარაუდის საფუძველსაც იძლევა, რომ იგი შესაძლოა, აქტიური სულიერი ცხოვრების გზასაც ირჩევდეს და ზემოთ გამოთქმული ჩემი ვარაუდი მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ _ არცთუ მთლად გასაზიარებელი იყოს სხვა მკითხველისათვის.
ყოველ შემთხვევაში მონოდრამის ავტორის ნება, სტრატეგია ასეთია _ მეტისმეტად, ერთმნიშვნელოვნად არ გაამკვეთროს კონტურები და დაუტოვოს მკითხველს სივრცე ვარაუდებისათვის.

***
სვიმეონზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ვია დოლოროზას მეორე მნიშვნელოვან მონაწილეზეც _ ვერონიკაზეც ვთქვათ ცოტა. 
განსახილველი მონოდრამის მიხედვით, იგი ცოტა არ იყოს სქემატური სახეც კია. ორიოდე შტრიხით მონიშნული. მის შესახებ ავტორისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ ქალის დიდი ხნის ერთგული მეგობარია, მისით მუდმივად და ქმრისთვის, ცოტა არ იყოს, გამაღიანებლადაც აღტაცებული, როგორც ბულბული ვარდით (ტრფიალების, მიჯნურობის მარადი მოტივის მინიშნებითი შემოტანა?) და სამშობიაროში მუშაობს. ბიბლიისშემდგომი ტრადიციით, მიჩნეულია, რომ წმინდა ვერონიკამ საკუთარი პირსაბურით (ქართული ბიბლიის მიხედვით ხელსახოცით) შეამშრალებინა გოლგოთაზე მიმავალ მაცხოვარს სახე და ეს სახე ქსოვილზე სამუდამოდ აღიბეჭდა, კათოლიკურად ამ ცნობილ ხელთუქმნელ ხატს მაცხოვრისა `ვერონიკას პირსაბური~ ეწოდება და ერთ _ ერთ უდიდეს სიწმინდედაა მიჩნეული, (ქართულად ვერონიკას ხელსახოცია? _ ნდს). სხვა ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ასეთი დიდი სიწმინდის გვერდზე დადებული მისი ანალოგიური საგანი ღვთიური მადლით ივსებოდა და ანალოგიური თვისების მტვირთველად იქცეოდა. ამის გამო `ვერონიკას პირსაბურის~ მადლით ავსებული ანალოგი არაერთ ქრისტიანულ ტაძარში შეგხვდებათ, ისევე, როგორც არაერთი სიწმინდისა, მაგალითად“ უკვეთელი კვართისა“, `სამსჭვალისა~; და ა.შ. რომლის აუთენტურობასა და ერთადერთობაში არცთუ იშვიათად, ლოკალურ მრევლს ეჭვიც არ ეპარება და გარკვეულწილად, მართალიცაა, თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა, ჩვენ _ წმინდა ვერონიკასა და მიწიერ ვერონიკას მოვუბრუნდეთ. 
ზოგი, ფართოდ გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, წმინდა ვერონიკა ის ქალია, რომელსაც გაუთავებელი სისხლისდენა შეუჩერა მაცხოვრის მოსასხამზე ხელის მიკარებამ. ჩვენს ტექსტშიც, რეალური ვერონიკა სისხლდენას უკავშირდება. ვფიქრობ, აქცენტირება რომ უფრო ხელშესახები იყოს, ტექსტი გვატყობინებს, რომ იერუსალიმში ვია დოლოროზას გასავლელად ექსკურსიაზე ქმართან ერთად ჩასულ ქალს ცხვირიდან სისხლი წასკდება და ვერაფრით უჩერებენ. ცხადია, სისხლიანია საშინელ ავარიაში დაღუპული ქმრის სხეულიც, სისხლიანია ტრაგიკული მშობიარობა... ზოგადად, იმდენი სისხლია ამ პატარა მონოდრამაში, რომ ასეთ რაღაცას მაფიქრებინებს, _ როცა იგი სცენურად განხორციელდება, მხატვრობა ორ ძირითად ფერს დაეყრდნობა, შავსა და წითელს, დამატებითი, შემარბილებელი კი ალბათ ატმისფერი იქნება _ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფერი ქალის საშინაო ხალათისა, რომელიც საიმონს ერგო. მონოდრამას ვია დოლოროზას ტრადიციასთან ისიც აკავშირებს, რომ ვერონიკა ორივეგან _ მეექვსე საფეხურზე აქტიურდება, თუმცა ავტორს აქტორის პირით სურს დაგვარწმუნოს, სიმონისა და ვერონიკას სახელების გამეორება-განზრახისი კი არა, შემთხვევითიაო. 
***
ძნელია, წარმოიდგინო უფრო ტრივიალური დასაწყისი, ვიდრე ამ მონოდრამას აქვს ჩვენს ოცდამეერთე საუკუნეში: ერთი ქვრივი ერთ წვიმიან დღეს საფლავზეა მისული და აღსარებას აბარებს წარმოსახულ ქმარს. დღეს ვის მოაწონებ თავს ამგვარი სენტიმენტებით, მაგრამ ავტორის საქებად უნდა ითქვას, რომ მას დრამატული სტრატეგია იმგვარად აქვს გააზრებული, რომ ორი-სამიოდე სტრიქონის შემდგომ, როგორც მკითხველს, სრულიად სხვა განზომილებაში აღმოგაჩენინებს თავს. ეს ტექსტი თავის ყველა ასპექტით თანამედროვეა. თანამედროვეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ შიგ შემოტანილია და მოქმედების განვითარებაში ორგანულადაა ჩართული თანამედროვე ყოფის ატრიბუტიკა, მაგალითად მობილური ტელეფონი; ან იმიტომ, რომ ბისექსუალობისა და ინცესტის დღესდღეობით ასერიგად მოდურ, ლიტერატურასა და ხელოვნებაში უკვე უამრავჯერ დამუშავებულ თემას _ ეხება, არც იმიტომ, რომ მასში მოქმედებს ქალის ნახტომისებური, გვიანი ემანსიპაციის მოტივი, არამედ უფრო იმის გამო, რომ ტექსტი თავისებურად პაროდიულ მიმართებაშია ყოველივე ამასთან და უძველესი დროიდან მომდინარე სარწმუნოებრივ ტრადიციასთანაც, რომელიც უკვე ტურისტთა მისაზიდ სანახაობად ქცეულა, თუმცა აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი კრძალვით უდგება ერთადერთ სიმაღლეს _ სიმაღლეს წმინდა წერილისა, რომლის სიტყვებითაც აბოლოებს მონოდრამას. 
საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ მანანა დოიაშვილის, როგორც ავტორის ინდივიდუალური ნიშანია, საკუთარ ტექსტში წარმოაჩინოს თუნდაც საყოველთაოდ ნაცნობ/ცნობილი საგნისა თუ მოვლენის სრულიად მოულოდნელი რაკურსები, ხოლო თავის მოქმედ პირებსა და ვთქვათ ასე, მათ არქეტიპებს შორის ბმა პირდაპირი, მკაფიო, ყველასათვის თვალნათლივი, ზედაპირული ნიშნით კი არა, ჩვეულებრივი მკითხველის თვალისთვის რაღაც ნაკლებმოსახელთებელით, თავისებურ ჩრდილში მოქცეული, გვერდითი ნიშნითა და მინიშნებით განახორციელოს და ალბად სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ხელწერის ორიგინალობაც. ჩემი ფიქრით, ამ მონოდრამას აქვს ტექსტსმიღმიერი ეპიგრაფიც, რომელიც მოქმედებს მთელი ტექსტის მანძილზე, მაგრამ არ ჩანს, როგორც ქარი, (იქნებ სულიერი ქარი). იგი სათაურითვეა _ შემზადებული _ „ვია დოლოროზა“.
ეს არის სიტყვები არის ლუკას სახარებიდან (9:23) „ვისაც სურს მომსდიოს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე“, და ამ სიტყვების ყოფითი ინტერპრეტაციაა `ყველა თავის ჯვარს ეზიდება“. თანამედროვე, “ახალი ქალის” ჯვარი და ვია დოლოროზა კი ასეთი აღმოჩნდა. 
და მის გულწრფელ აღსარებას მკითხველისგან არა განსჯა-განკითხვა, არამედ ემპათია, თანალმობა სჭირდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები