ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 დეკემბერი, 2021


რეფრენი

#ლექსმცოდნეობა
ნინო დარბაისელი

რეფრენი

ოთხი დეკემბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის დღეობაა.    ლიტერატურის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ  ტატოს, რომელიც დედის -  ეფემია ორბელიანის  მხრიდან ერეკლე მეფის შთამომავალი იყო,  სამი დედისძმა ჰყავდა:  გრიგოლ, ზაქარია და  ძმებში უმრწემესი ილია/ილიკო.
    1845 წელს,  გვიან შემოდგომით, როდესაც თბილისამდე ტატოს გარდაცვალების ამბავმა მოაღწია, გრიგოლ ორბელიანი  ძალზე ავად იყო და  არავინ უმხელდა. თავად ავადმყოფმა ვის აღარ მისწერა წერილი, გამაგებინეთ,  რა ხდებაო. 
    პირადი მიმოწერის თვალიერებისას ილიკო ორბელიანის წერილში წავაწყდი ფრაზას...
    დიახ, ეს ის ილიკო ორბელიანია, რომლის ნაცვლადაც (!)  მეტყველებს „მერანის“ ლირიკული გმირი, როგორც  ამას თავად ნიკოლოზ ბარათაშვილი აღნიშნავს პირად მიმოწერაში. აქვე დავაზუსტოთ, რომ  ლექსს „ მერანი“ გვიანდელმა გამომცემლებმა შეარქვეს და  ხელნაწერში იწოდება,  როგორც „მირბის მიმაფრენს“.
      ილიას მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი გაზრდა ეფემიამ ითავა. იგი  ტატოს კბილა, კლასელი  და უახლოესი მეგობარიც იყო, მაგრამ ... ქართული დუელიანა მათ ისტორიასაც გვიამბობს. პრინციპში,  ეს დუელი -  ტატოს წრეგადასული ხუმრობა გამოდგა და  მას შემდეგ მეგობრები ერთმანეთთან, ცხადია,  ძველებურად ვეღარ იქნებოდნენ,  მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათი ნათესაური სიყვარული არ შენელებულა.
    ილიას  წერილიდან  ამ ფრაზამ პერსევერაცია დამმართა ანუ  მარტივად, - ამეკვიატა:

,,ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას“

    როგორი გალაკტიონისებური, იშვიათი რიტმია, არა? -  გამზადებული ფრაზა.  არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს
‘’ათოვდა ზამთრის ბაღებს,
მიჰქონდათ შავი კუბო’
    პერსევერირება/ პერსევერაცია კრეატიული ანუ  შემოქმედებითი გონების  ერთ-ერთი მახასიათებელია.  იგი შეიძლება აკუსტიკურიც იყოს და ვიზუალურ- წარმოსახვითიც, შეიძლება ორივე და კიდევ მეტ მხარესაც აერთიანებდეს და ამაზე, იმედია, კიდევ ვისაუბრებთ. ამჯერად პოეტურ ტექსტში  მისი გამოყენების ზოგიერთ  სპეციფიკას მივაპყროთ ყურადღება.
      ვთქვათ მარტივად, რომ  პოეტურ მეტყველებაში ორზე  მეტად გამეორებული  რაიმე ერთეული  - რიტმს წარმოქმნის.  რეფრენი არსით  - გამეორებაა და შესაბამისად,  ლექსის  რიტმული ორგანიზების  საშუალებაც, მაგრამ მისი ფუნქცია ამით არ ამოიწურება.
      სხვათა შორის,  რეფრენით არა მხოლოდ კონვენციური ლექსი სარგებლობს, არამედ  იგი ხშირად თავისუფალი ლექსის  სტროფოიდთა, ანუ  ლექსის არათანაზომიერ  გრაფიკულ მონაკვეთთა კომპოზიციურად შეკვრის საშუალებაცაა, თუმცა ლექსის ამ სახეობაში მაინც  სპეციფიკურად გამოიყენება და  ამაზე ამჯერად სიტყვას არ გავაგრძელებთ, რომ ძირითად საკითხს არ ავცდეთ.
    რეფრენი -  უძველესი ძირებით ზეპირსიტყვიერ ხელოვნებას, მეტადრე სიმღერას, ლირიკას, როგორც  სასიმღერო ტექსტს უკავშირდება  (სხვათა შორის,  ინგლისურენოვან გარემოში სიმღერის ტექსტი დღემდე ლირიკად იწოდება).  არსებობს აზრი, რომ  იგი ადრეული მაგიური ტექსტებიდან იღებს სათავეს, ამ საკითხზე პირადად სხვაზე მეტი ნამდვილად არ ვიცი. ცალკე თემაა.
  ახლა მე შევეცდები ჩემი პერსევერირებული ანუ აკვიატებული ფრაზა ლექსში რეფრენად გამოვიყენო. მის რიტმულ ინერციაზე (5/2) ავაგო მთელი ლექსი და შემდგომ ვნახოთ, ძირითადად რა სახეობისა შეიძლება იყოს რეფრენი. სიტუაცია მე არ მომიგონია, ილია წვალობს და სიტყვებს არჩევს, როგორ ამცნოს გრიგოლ ორბელიანს ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების ამბავი. ასე იყო.
    ლექსი ჯვარედინადაც გავრითმე,  რათა  შედარებით ხარისხიანი მაგალითი გვქონოდა:
   
 
ილიკო  - გრიგოლ ორბელიანისადმი

“ჩვენი სიცოცხლე ტატო
გარდაიცვალა განჯას”
ვერ გაგიმხილეთ, (რატომ?)
აწ უთქმელობა მტანჯავს.

ეული იყო, მარტო,
არ გაურბოდა გარჯას,
“ჩვენი სიცოცხლე ტატო
გარდაიცვალა განჯას”.

გარდაიცვალა განჯას
ჩვენი სიცოცხლე ტატო.
ბრძოლაში დაიხარჯა
უჩინო, უმანდატო...

გარდაიცვალა განჯას
ტატო, სიცოცხლე ჩვენი.
ო, რარიგ გაიტანჯა
ცხოვრების განაჩენით!

სიცოცხლე ჩვენი ტატო
გარდაიცვალა განჯას!
ღმერთო, ჯვარო თუ ხატო,
რა  ფუჭად  გაისარჯა!

ტატო, სიცოცხლე ჩვენი,
გარდაიცვალა განჯას.
მძიმე გვირგვინი შვენის,
ვინღა დაუწყებს განსჯას!

ჩვენი სიცოცხლე ტატო
გარდაიცვალა განჯას...

      ლექსში მოკლე, შვიდმარცვლიანი, ჯვარედინად გარითმული, ოთხ ტაეპებზე აგებული ანუ კატრენული სტროფები გვაქვს. ბოლოს  მთავრდება ნახევარი სტროფით - რეფრენით, რითაც დაიწყო. 
    საერთოდ, რეფრენი ლექსის კომპოზიციის  აგების  ყველაზე მარტივი და უღალატო ხერხია.  ლექსს იმით ამთავრებ, რითაც იწყებ და თუმცა პოეტურ ტექსტში  სხვადასხვა ადგილას მოთავსებული ერთი და იგივე ფრაზა განსხვავებულ ფუნქციას,  მნიშვნელობას, ჟღერადობას, ინტონაციას და ა.შ.  იძენს, თავი და ბოლო  მაინც  იკვრება.    ასეთ რეფრენს რკალურს უწოდებენ. არსებობს პარალელური რეფრენიც , რომელიც უბრალოდ, ყველა სტროფში ერთსა და იმავე ადგილად მეორდება. არაერთი მყარი სალექსო ფორმა,  დასავლური თუ აღმოსავლური იყენებს რეფრენს... თუმცა  ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ჩვენ ტექსტს დავუბრუნდეთ:  თუ  ახლიდან გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ექვსივე სტროფში,  ხან თავში, ხან ბოლოში ჩემი აკვიატებული ფრაზა ზოგან უცვლელად, ზოგან -  შეცვლილად, სიტყვათა გადანაცვლებით მეორდება.
      მე შევეცადე, იგი  იმგვარად გამომეყენებინა ლექსში რეფრენად, რომ რაც შეიძლება, უკეთ წარმომეჩინა მისი შესაძლებლობები.
    იმის მიხედვით  თუ სად დგას რეფრენი,  ცალკე სტროფად, სტროფში თუ მის გარეთ, როგორც ეს მე გავაკეთე ბოლოში, კონვენციურ ლექსში  შეიძლება გვქონდეს: მთლიანი  სტროფი-რეფრენი,  სტროფშიდა და  სტროფგარეთა  რეფრენი, რომელიც შესაძლოა, რიტმულადაც განსხვავდებოდეს დანარჩენი ლექსისგან
      ჩვენს მაგალითში გვექნება ექვსი სტროფშიდა და ერთი ... სტროფგარეთაო ვერ ვიტყვით, უფრო ალბათ მოკვეცილი სტროფი გამოდის... ვთქვათ, რომ ეს არის მოკვეცილი  სტროფი-რეფრენი.
    რეფრენი შეიძლება ყველა სტროფში ერთსა და იმავე ადგილას იდგეს, ასეთ რეფრენს ეწოდება დაფიქსირებული  რეფრენი. ჩვენ ლექსში ამისი საპირისპირო მაგალითი გვაქვს. ჩვენი რეფრენი  ხან სტროფის თავშია, ხან ბოლოში, ანუ მოძრავ რეფრენიანი ლექსი გვაქვს.
გარდა ამისა, რეფრენი შეიძლება უცვლელად მეორდებოდეს, შეიძლება მასში სიტყვები გადაადგილდებოდეს და მეტიც, შეიძლება ჩანაცვლებაც ხდებოდეს სხვა სიტყვებით,  უცხოურ ტერმინებს მეტისმეტად რომ არ მივყვეთ, ქართულად გვექნება უცვლელი  რეფრენი და  ცვლადი რეფრენი, რომელიც თავის მხრივ  ორი სახეობისაა:
    ა)დახურული, სადაც რეფრენშიდა ცვლილება  ახალი ელემენტის შეუტანლად ხორციელდება და
    ბ) ღია, რომელშიც გარედან შეტანილი ელემენტი  იკავებს ადგილს
  მე  ლექსში გამოვიყენე ცვლადი რეფრენის პირველი სახეობა - დახურული, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ  წინადადებაში წევრთა  გადანაცვლებას მივმართავ და მასში გარედან სხვა ცვლილება არ შემაქვს, მაგალითად, ხომ შეიძლება  ასეც დამეწერა:
  ყველას სიცოცხლე ტატო
გამგზავრებულა განჯას
  ანუ  რეფრენის  სიტყვები „ ჩვენი“ და  „“გარდაიცვალა“ ჩამენაცვლებინა  სიტყვებით „ყველას“ და  „გამგზავრებულა“)
  რეფრენის ზოგიერთ თავისებურებაზე საუბარი იმით დავასრულოთ, რომ შესაძლოა, ლექსი  ორ, იქნებ მეტრეფრენიანიც იყოს.
      მე ისევ ბარათაშვილზე ფიქრმა წამიღო.  რა ამოავსებდა უზარმაზარ,  თეთრ ლაქას ალექსანდრე ჭავჭავაძიდან იქნებ ილიამდე, ზამთრის ერთ საღამოს  სტუდენტი  ილია ეკატერინე ჭავჭავაძეს რომ არ სტუმრებოდა და მას არ ეჩვენებინა  ამდენხანს შენახული, რუსეთში თან წაღებული ხელნაწერი რვეული ბარათაშვილის ლექსებისა?
    გვეცოდინებოდა დღეს ბარათაშვილის  არსებობის ამბავი?
  და ვინ იცის, რამდენი ბარათაშვილი გვყავს  დაკარგული...

    ხელგასაწაფი:
    აიღეთ რაიმე ცნობილი გამოთქმა, ანდაზა ან თქვენი საყვარელი ფრაზა, ან სულაც პირველივე გაგონილი სიტყვები, მოარგეთ ლექსის რიტმი და ააგეთ  გამართული  ლექსი.
      ეცადეთ,  საწყის ეტაპზე მეტი ყურადღება შინაარსობრივ მხარეზე  გაამახვილოთ და  მაინცა და მაინც  ორიგინალურ რიტმსა და ჯვარედინ რითმებს ნუ გამოეკიდებით.
      დასაწყისისთვის მარტივად სცადეთ, მერე  როცა გაიწაფებით, თანდათან გაართულეთ ამოცანა,  დაუკვირდით, როგორი რეფრენის გამოყენება დაგჭირდათ და როგორ, თუ ეს დავალება გეადვილათ, თავად გაართულეთ იგი ლექსის სხვა გამომსახველობით საშუალებებთან ახალ-ახალი მიმართებების შემოტანით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები