ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2021


გადაკეთება

ნინო დარბაისელი

გადაკეთება

არაო, მითხრეს,
ნუ იტყვიო,
რაც მართლა მოხდა და შეესწარი,
შთამომავლობას დიდი სახელი ნათლად უნდა  გადავცეთო…
აი ასე!
უმწიკვლოდ უნდა შევუნახოთო!

კარგი,  ვდუმვარ,
კარგი, არ  ვიტყვი,
არ მოვყვები,
დავივიწყებ და არც არავის ეცოდინება,
მაგრამ ის იყო  მართლა დიდი,
მაგრამ ის იყო,
მართლა იყო და რაკი იყო,
იყო მართლა ადამიანი,
ადამიანად გაძლება კი ღმერთმაც სცადა და გაუჭირდა!

დაივიწყეო…

მოკლეა ჩვენი სიყვარული,
ჩვენი ზომაა,
მთელი არშინით პატარაა,
რაც გაგვაჩნია;
ბოლოში ქობაც რომ მოვაკეროთ,
ვერ გავაწვდენთ დიდებს,
როგორც ადამიანებს,
იმათ ცოდვებს,
იმათ შეცდომებს,
სივერაგეებს,
იმათ ბნელში მიგდებულობას,
სირცხვილნარევი ცრემლის ყლაპვას,
გასაქცევის ვერსად მიგნებას!

და გვიყვარს,
გვიყვარს ჩვენ,
პატარა ადამიანებს
დიდების  ჭრა და გადაკეთება,
შემობლანდვა,
შემოტეხვა,
ჩაგვირისტება
და  ჩვენს  ზომაზე დაყენება.
მორგება და მოკოხტავება!

კარგი, მე ვდუმვარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები