ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2021


ვთქვი

ნინო დარბაისელი

ვთქვი

როცა ბებია გარდამეცვალა,
ბავშვი ვიყავი და ვთქვი გულწრფელად,
რომ ეს სიკვდილი -  იყო ქვეყნად ულამაზესი:
როცა გაირკვა, რომ  უკვე ვეღარ გადარჩებოდა,
მადლობა გვითხრა სათითაოდ კარგობისათვის და გვთხოვა,
მოდით, ერთად ვიმღეროთ,
დღემდე როგორც გვიმღერიაო.
აბა, ვის რა გვემღერებოდა,
მაგრამ  იმ შუა სიმღერაში,
როგორც  ადრე,
გაჩერდა და  მე გამაჩუმა:
“ნინო, შენ -  გვირევ!”…
ვიცი, სიმღერა ჩემი ძლიერი მხარე არ იყო, როგორც ახლა იტყვიან ხოლმე.
მე  - გავჩუმდი და სიმლაშე ვყლაპე,
ცოტა ხანში ისიც გაჩუმდა
და მე ვთქვი მაშინ,
რომ ამ ქალმა ეს არტისტობა სიკვდილის წინაც  ვერ მოიშალა.

როცა ბაბუა გარდამეცვალა,
მე ვთქვი,
რომ ესეც - საუკეთესო სიკვდილი იყო,
რაღა უნდოდა ჩვენთან, ცოცხლებთან,
როდესაც ბაბო უკვე ცაში ეგულებოდა.

როცა ქურდებმა  ჩვენი ბინა გაცალეს და სადღაც, კუთხეში
თხილამურის ჯოხები-ღა დაგვიტოვეს და
წიგნებიც კი - თაროებიდან ძირს ჩამოყარეს,
ხოლო მისულნი იატაკზე დაყრილ ზეწრებს რომ ვაბიჯებდით,
ფეხქვეშ  დარჩენილ,
დაკენტებულ რაღაც ჭურჭლეულს ჭახაჭუხი გაუდიოდა
მე ვთქვი,
რომ ღმერთმა მოინდომა,
ცხოვრების აზრი ესწავლებინა,
ხომ უნდა მივხვდეთ,
რომ რაც ჩაკეტილ ბინაში გიდევს ყუთებით და არ კი გჭირდება,
- ეშმაკისაა.
რომ ვიდრე ცხოვრობ,
რაც გაგაჩნია,
თავადვე უნდა მოიხმარო…

როცა წავიდა ჩემგან ჩემი შეყვარებული,
მე ვთქვი რომ ბედმა გამიღიმა,
რადგან ვიღაცას ვყვარებივარ
ანდა ეგონა,
ანდა გვეგონა,
რომ ვუყვარდი,
უთენებია,
უღამებია,
იწვალა და მეც გამაწამა
ახლა კი დროა, წავიდეს და თავსაც მიხედოს.

წუხელ ტორნადომ ირგვლივ სახლები მიმოანგრია,
ჩვენ სახლსაც - რაღაც, სახურავის მცირე ნაწილი გადახადა
და
მიხარია,
რომ გვაქვს ლუკმა და ყლუპი წყალი,
თავზემოთ - ჭერი,
რომელსაც ჰქონდა სახურავი და
ამ ტორნადომ
მცირე ნაწილი გადახადა,
რომ ცოცხლები ვართ,
რომ ამ ლექსს ვწერ და
სხვის დაწერასაც მალე ვაპირებ!

მადლობა, ღმერთო,
იმისათვის,
რომ თუ
განსაცდელს არ აგვარიდებ,
სიხარულისთვის რაღაც მიზეზს მუდამ გვიტოვებ ადამიანებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები