ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2022


მიქელანჯელო

ნინო დარბაისელი

მიქელანჯელო

მეორედ მოსვლისას მე ვინღა აღმადგენს,
რატომღა ვწვალობ და ვირჯები რაღამდენს.

შენ ბუანაროტო, რატომ გამიმხილე
ღმერთის საიდუმლო, თვალითაც ვიხილე,

რომ თუკი აღვსდგებით ჩვენივე სხეულით,
გაგვძვრება ეს ტანი, სულზე მოხვეული

და დაგვიბრუნდება ის ერთი იერი,
როდესაც ვიყავით მართლა მშვენიერი,

მართლა ბედნიერი,  მამაცი, ძლიერი,
მართლა ახალგაზრდა და არა  - ხნიერი.

ვინ - ღვინით მათრობდა, ვინ- სიტყვით, ვინ - ყავით,
ვფიქრობ და არ მახსოვს, როდისღა  ვიყავი

ფხიზლად ბედნიერი, რომ თავი მახსოვდეს,
წარსულის ხსენება სირმებს რომ მაქსოვდეს.

უნდა გადავხედო შინაურ ალბომებს,
რამეს გამახსენებს, რამეს მომანდომებს,

მაგრამ ტყუილია ძიება ყოველი,
წარსულ ძველმანებში განა რას მოველი.

ვიპოვე სხეული !(უცებ გამეცინა)
- როცა ახალშობილს გამძღარს ჩამეძინა.

უფლის  საჩუქარო ან იქნებ სასჯელო
ღვთიურო, ვირივით  ნიადაგ გამრჯელო,
უკვდავო,  ნეტარო ტანჯულო,  მტანჯველო,
შენ მიქელანჯელო,
შენ მიქელანჯელო!

ფოტოზე: მიქელანჯელო, სიქსტის კაპელა, დეტალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები