ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2022


მტერთა გულგასახეთქი

  მტერთა გულგასახეთქი

,,ვუძღვნი ლიტერატურული კონკურსების ჟიურის
იმ წევრებს, რომლებიც საკუთარ თავს ამოიცნობენ".
                                                          ავტორი

P.S. წინათქმად: ვინც სიკეთის გზას ადგას, ყველას წარმატებას ვუსურვებ.

მტრები თვითონ გვირჩევენ! ...  ,,კარგია მუდამ მტრიანიო“ - ვაჟას ეს სიტყვები იმ დღიდან აშფოთებს ჩემს სულს,როცა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ,,სტუმარ-მასპინძელი“ აგვიხსნა და პოემიდან საზეპიროებიც მოგვანიშნინა..

შემდეგ იყო ,,ოქროს საწმისი“, წმინდა ნინოს შემოსვლა იბერიაში, ,,დიდგორი“, ასი ათასი მოწამე, ,,ვეფხისტყაოსანი“ ,,, რომელი ერთი ჩამოვთვალო? ... ცოტნეს გმირობა და შოთა ნიშნიანიძის ლექსი:

                                                        ,,ცოტნე გმირია,
                                                      დიდებული გმირი... ოღონდაც
                                                      თუ ბიჭები ვართ,
                                                      ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს,
                                                    ვახსენოთ სახედაღრეჯილი
                                                    ლომი მონღოლიც,
                                                    გმირობისა და ვაჟკაცობის
                                                    უბადლო მცოდნე“...

და განსაკუთრებული პატივისცემა მათ მიმართ ... ღირსეული მტრების მიმართ, რამეთუ იშვიათად, მაგრამ მაინც შეატოკებდა ქართვლის ,,დაჭრილ გულს“ მათი  ,,გამონათება“.

მერე, ბაბუის მონათხრობი ფუსტებსა და საგვარეულო კოშკზე, ბოლშევიკებს რომ დაუქცევიათ  გასული საუკუნის ოციან წლებში … დისიდენტობა, ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის …

მთელი ცხოვრება ველოდი ღირსეული მტრის გამოჩენას, გადაწყვეტილი მქონდა, თუ ვინმეს ვუმტრობდი, მეც მათნაირი ვყოფილვიყავი ... ღირსეული მტერი სხვათა!

ვერ ავისრულე გულისწადილი. უკვე ,,დაღმართზე ჩამავალს“, თვალიც კი არ მომიკრავს მისთვის ... მხოლოდ მტრობაზე რომ გიპასუხებს მტრობით, წინ რომ გადაგიდგება, თვალებში ჩაგხედავს და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მოგახლის სიტყვას, ან კავკასიელთა ტრადიციულ  სტუმარ-მასპინძლობას ქედს რომ დაუდრეკს და იტყვის:

,,დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“.

ვერც მე გამოვდექი ღირსეული მტერი სხვათა, არ გამჩენია ამის სურვილი. ,,მარჯვენა ლოყაში გაწნული სილის სიმწარეს, მარცხენის მიშვერით ვიცხრობდი“. სიკეთის გზა ავირჩიე სავალად, ქრისტეს გზა ... ,,ვია დოლოროსა“!   

მასზე მიმოფანტულ ყველა ქვაზე  ,,დავდე სიკეთე“, ატლანტიის ოკეანის თავზე მოლივლივე სული ქართველი კაცისა, ასაზრდოებდა ჩემს ცნობიერებას ... კაცობრიობისათვის მიცემული საოცარი მაგალითი სიკვდილზე გამარჯვებისა ... იოსებ ჟორდანია! ...

,,უბილეთოა გოგონა და უპირველეს ყოვლის,
არც ჟილეტი აქვს საბრალოს და არც მაშველი რგოლი.
ვიღაცამ  რგოლი მოიხსნა ... თავი გადადო მსხვერპლად ...
და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა“.
(შოთა ნიშნიანიძე)

მაგრამ ,,წინ“ მოშურნენი მხვდებოდნენ მეტწილად, ღვარძლით გაბიჟვინებული ადამიანები. ყოველ გაცემულ სიკეთეზე, დაფარული ბოროტებით რომ მპასუხობდნენ, სავალდებულოდ რომ მითვლიდნენ ,,მიჩვეულ ჭირს“, რომლის მუდმივად გაღების არც სურვილი გამაჩნდა და არც შესაძლებლობა. იყო წლები, თავად ვსაჭიროებდი თანადგომას.

ესენიც მტრები იყვნენ, ოღონდ მათ ღირსებისა არაფერი ეცხოთ, ,,შური არს ბოროტებაი სხვისა სიკეთესა ზედაო“ - სულხან-საბას ეს სიტყვები მიესადაგებოდა თითოეულს.
ჩირგვებში ტურასავით გატრუნული, შურით ნათელწართმეული, ჩუმად რომ მოგეპარება და კოჭებში დაგკბენს, იქნებ წავაჩოქო და ყელში ვსწვდეო. მერე, მორიგ თავდასხმამდე ისევ ჩირგვებს რომ მიაშურებს.

ასეთს არ უყვარს წარმატებული ადამიანები და მათი ,,დაკბენით“ საკუთარი თავის წარმოჩენას სცდილობს, არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს მუდამ!

მას, ისევ წარმატების სიმრავლით უნდა სძლიო, ,,ნაკბენს“ ამით კი მოიშუშებ, ოღონდ ,,გატეხილ გულს“ ვეღარ გაიმრთელებ, თუმცა მისი  მიზანიც ხომ ეს არის? ამით განსხვავდება იგი ღირსეული მტრისგან, ისე, როგორც ლაჩარი ვაჟკაცისგან.

ამ გზით სიარული მტრად გადაკიდებაზე უფრო ძნელია. მტერს მტრობას გაუწევ და თითქოს სულ ეს არის მაგრამ უღირსი მტერი შენში ღირსებას მაინც ვერ დაინახავს. არ ღირს ამიტომ მისთვის პასუხის გაცემა. შენი მუდმივი წარმატებაა მისი დამარცხების იარაღი, მოკეთეთა გახარება, მათზე ზრუნვა და სიკეთის გაცემა ...

როცა  ,,დასავლეთში“  ჯერ კიდევ უმწიფარი იყო  ,,გონი“ და თავისი მდგომარეობით ხიდან-ხეზე დახტოდა, ჩვენ, ქართველები, კათმოყვარეობის იდეალებით ვცხოვრობდით და ასე მოვიკვლევდით გზას სასტიკი ეპოქების ლაბირინთებში.

,,წითელმა კაცუნებმა“ დაგვავიწყეს ეს იდეალები, თანამედროვე მსოფლიომ ზოგადსაკაცობრიოდ რომ მონათლა და თავისად შემოგვასაღა.

,,სიყვარული სამართალზე უფრო ძლიერია, და იქმნა სამყარო“ - ეს სიბრძნე აღმომაჩენინა ამ გზაზე სვლამ, რადგან თუ სამართლიანობის კუთხით მივუდგებით ,,ხილული სამყაროს“ გაჩენის საკითხს, მაშინ იგი არ უნდა შეექმნა შემოქმედს, ,,სისხლით გაჟღენთილია“ ჩვენი პლანეტა.

დიახ! სიყვარულმა შვა სამყარო: ,,და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ (დაბად. 1; 4) ...

ჩემი წინაპრები ფუსტები იყვნენ, ტყუილს არასდროს ამბობდნენ, არც დაფიცება უყვარდათ ...  კაცთმოყვარეობა და სამშობლოსადმი ერთგულება იყო მათი მტკიციცა და ფიციც!

ტყუილს არ ვამბობ, არც დავიფიცებ! ...  ვისი გორისა ვარ, ვიცი! 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს