ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2022


ჯოლინ!


ნინო დარბაისელი

ჯოლინ!
(ეტიუდებიდან)
- -

აეროპორტის მოსაცდელში,
როცა ბოლომდე გავლილი გაქვს სკანირებანი,
როცა რეისი იგვიანებს საფუძვლიანად,
როცა ხვდები, რომ  მოთმინებით ლოდინის მეტი აღარაფერი  დაგრჩენია,
რომ არცა გშია,
არცა გწყურია,
არც გეძინება
და  ვიტრინები
და ყველაფერი გასაყიდიც შესწავლილი გაქვს,
და მანძილებიც  ყველაფერშუა გულმოდგინედ გადანაზომი;
არც ჯდომა გინდა,
რადგანაც იცი, ისევ ვიღაცა მოგიჯდება და ცოტა ხანში ისევ იფიქრებ:
- გულის გადახსნა უცხოსათვის - ყველას რატომ ეადვილება!
რად გაგირბიან,
სად გაგირბიან წარმოსახვანი!

რაც ნაკლებს ეტყვი საპასუხოდ, მით მეტს გიამბობს
და თუ საერთოდ გაუჩუმდები,
არ გაჩერდება,
გულის ძირს თუ არ დაგაფერთხავს
აქამდე კარგად პირმოკრული,
აწ მოწყენისგან ცარიელი ტომსიკასავით.

ის ამეტყველდა,
ერთი, ჩემსავით ვიღაც იყო,
ძლივს გასარჩევი,
ვიღაცისაკენ მიმანიშნებდა:

-სულ ვერ იცანით?
ლამაზი ქალის ცუდი ბედი ვინ გაიკვირვოს?
ჯილდო კი არა,
წყევლაა,
წყევლა ლამაზობა,  თან ცნობილობა.
სიკვდილიც ხოა,
მკერდიდან გულს რომ გამოგღლიტავს და თან წაიღებს,
მაგრამ იცოდეთ,
ლამაზი ქალის დაბერებაზე საცოდაობა -  არაფერია...
- თქვა და ის იყო, გრძელი ამბისთვის ჩაისუნთქა,
ნერწყვი ჩაყლაპა,
რომ დრო ვიხელთე,
გავუღიმე
წამოვდექი  და უბრად წავედი.

შავი სათვალე,
დახრილი თავი,
თავზე ქუდი - ჩამოფხატული,
ტანისამოსი - არც არაფრით გამორჩეული.
სადმე, კუთხეში მიყუჟულობა -
- ასე იცნობა დამალული ცნობადობა აეროპორტში.

რა ვქნა,
ამქვეყნად მთქმელი მართლა უამრავია
და არც სათქმელი დაილევა,
მაგრამ  გამგონე,
გამგონე ჭირს,
კარგი მსმენელი, უკუნისი უკუნისამდე…
- ის, მაჯაშისა შემტყობარი,
ძნელად ვისმე რომ გვეპოვება.
შენ მსმენელი თქვი,
დამნახავი,
თორემ
წყვდიადშიც 
უამრავი სანახავია,
მაგრამ ასეა,
ბნელ სიჩუმეში მარტოობას
თუ არ  გამოსცდი,
ვერც  ვერასოდეს დაიჯერებ.

მე ვარ თვითმთქმელი,
თვითმსმენელი,
თვითდამნახავი,
დაუჯერებლად თვითდამჯერი,
თვითმკვლელი და თვითმოტირალი,
თვითდამმარხავი,
საფლავიდანაც თვითგამომყვანი…
თვითმომლოდინე,
თვითაღმდგენი,
თვითმორწმუნე  და თვითმოწყალე…

და მაინც მესმის,
გულიდან მესმის,
მესმის მდორე სისხლძარღვებიდან,
მაჯაზე ბასრი გადასმიდან,
და წყლით სავსე აბაზანის ამღვრევიდან,
გაწითლებიდან,
შხეფებიანი კაფელიდან, დამშვიდებიდან
კივილიდან:

,,ო, ჯოლინ, ჯოლინ!
გემუდარები,
არ წაიყვანო ჩემი კაცი,
არ წაიყვანო!”

ჩემი კაცი კი პირდაფჩენილი ძელსკამზე ხვრინავს
და ამ ხმაურზე სხვა მგზავრები  ვითომ ვერაფერს ამჩნევენ და
სინამდვილეში  - თავჩაღუნულნი
დაძაბულნი შესჩერებიან.

ჯოლინ,
გახსოვდეს ეს საიდუმლო! -
სინამდვილეში 
კაცი  მხოლოდ იმისია,
ვის იმედადაც მშვიდად სძინავს,
სძინავს ისეთს, როგორიც არის
და არა მისი,
ვისზე ფიქრშიც და ვისთან ყოფნითაც -
არ ეძინება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები