ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2022


თოვს

#ლექსები

ნინო დარბაისელი

თოვს

ყინვისაგან ლოყებდაბრაწული
ნათხოვარ ციგას თხისქონით რომ ძირს ვუპოხავდი,
ხელთათმანებში და სველ ჩექმებში გრძნობადაკარგულ თითებს ძლივს რომ ვამოძრავებდი,
მამიდაჩემი მეტყოდა ხოლმე:

-ეს რა თოვლია,
ნამდვილი თოვლი ჩემს ბავშვობაში უნდა გენახა
და იმაზედაც უფროსები მეუბნებოდნენ,
ეს რა თოვლია, შენ ჩვენი უნდა გენახაო!

თოვს მთელი ღამე,
მაგრამ როგორც თოვს,
არასოდეს ისე  არა დებს,
როგორც არა წვიმს ისე, როგორიც ქუხილია
და დილის თოვლი შუადღეზე - ტალახია,
ღამით - ყინული.
თუ კიდევ მოთოვს -
- საშიშია ყინულზე თოვლი.

ბავშვები  ნაძვებს ქვეშ უძვრებიან,
ტოტებს ზედ თავზე იბერტყავენ,
თოვლში წვებიან,
გორაობენ,
გადმოგდებული ენის წვერზე ფიფქებს იდნობენ,
ცინგლი ჩამოსდით  ცხვირიდან  და მაჯით იწმენდენ,
რამდენი მივა შინ წითლად ლაჯებგამომწვარი!

რა თაობაა!
- სრიალი უნდათ, ციგის ატანა - ეზარებათ,
მე  მოკლე-მოკლე ნაბიჯებით აღმართზე ამაქვს და რომელიმეს ვეუბნები:

-ეს რა თოვლია, 
ნამდვილი თოვლი ჩემს ბავშვობაში უნდა გენახათ!

ჰო, ბავშვობაში,
ჩვენს ბავშვობაში!
არასდროს ისე
აღარც ითოვებს,
როგორც თოვდა ჩვენს ბავშვობაში.

თოვს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები