ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
22 თებერვალი, 2022


ვინ ასა მზექალაი, დედო?

#დღეობა_მზექალა შანიძე
#მემორია

ნინო დარბაისელი

ვინ ასა მზექალაი, დედო?

    გათხოვებამდე - კარგად ვსწავლობდი უნივერსიტეტში. საგანი კარგადაც რომ არ მქონოდა მომზადებული, კურსელი მყავდა ერთი ისეთი,  მარინე სამადაშვილი, სულ ოთხ ფერში წერდა კონსპექტებს და ისე ჰქონდა სქემები დახაზული, “აქანე ჭიაყელა რომ დეიკლაკნება, იმფერი რაცხა იყოო”, სულ “შერეკილები” მაგონდებოდა. ერთ თვალს ჩაკრავდი და ყველაფერი ორ წამში იცოდი.
  მზექალა შანიძესთან ეგრე ადვილად ვერ გაძვრებოდი…
  ერთი ამბავიც იყო. აკადემიკოსი ალექსი ჭინჭარაული, ანუ ლექსო პაპა -  ახლაა მოსაგონებლად ყველასთვის ძალიან საყვარელი, თორემ ერთი ალალი და პატიოსანი, პირში მთქმელი კაცი იყო, თან ლექსაობაც  ხომ უყვარდა და გამწარებული  გაქნილი ხალხი,  შვილებზე რომ ვერ იძიებდა  შურს,( გვარი ჭინჭარაული შურისძიების მოტივს  მარტივად ააშკარავებდა), რძალს - გვარად დარბაისელს -  მე-ღა გადმომწვდებოდნენ, რამე პრობლემის შექმნას მომინდომებდნენ, იმ იმედად, რომ პაპას  რძლის გამო თავი დაემცირებინა და მათთან სათხოვარზე მისულიყო.
    სხვა რაღა დამრჩენოდა, უნდა გამეძლო  და  პატარაბავშვიანს თან სწავლისთვის  მომემატებინა.
    მზექალა შანიძესთან ადვილად ვერ გაძვრებოდი-მეთქი, ხომ ვთქვი.
      სამოცდაოთხი  ერთმანეთზე უარესი საკითხი უნდა გცოდნოდა!
    მთელი მისი კათედრის მაშინდელი ახალგაზრდა ლექტორობა  და მათი სამეგობროც კი  რეპეტიტორობით იყო დაკავებული, თვეში ორას მანეთად ამზადებდნენ მზექალას გამოცდისათვის.
  ვიჯექი პატარა ბავშვით მუხლებზე და მართლა დღე და ღამე ვმეცადინეობდი.
    პაპას  სიტუაცია გავაცანი და შევეხვეწე, გამომცადეთ, არ მინდა, ან თავი შევირცხვინო, ან თქვენ შეგარცხვინოთ- მეთქი.
    დამინიშნა ,,საშინაო გამოცდა”, რომ იტყვიან, გამწურა და მითხრა, შენ რომ ნიშანი ვერ მიიღო, წარმოუდგენელიაო.
  ნუკრი ალხაზიშვილი იყო/არის  მზექალას სიძე. მასთან ქეიფში წავიდა პაპა და მზექალაც იქ ყოფილა.
  მათი მეგობრობის ამბავზე აღარ შევჩერდები, საზოგადოებისთვის ცნობილია . ერთია მხოლოდ, ერთმანეთს სიმართლეს მუდამ დაუფარავად ეუბნებოდნენ.
  ჰოდა, პაპამ უთხრა, შენ აქ პატიოსნებაზე თავს დებ და  შენს პატიოსნებაზე  ხალხი ფულს აკეთებს, ეგ რაღა პატიოსნებააო და წვრილად მოუყოლია ჩემი ნათქვამი.       
    ქალბატონი მზექალა ჩასციებია, ვინ გითხრაო და იმდენი კი მოუფიქრებია პაპა ლექსოს, რომ მე არ ვეხსენებინე. 
    მზექალას უთქვამს, იცოდე, მაინც ყველაფერს გავიგებო….
    ეს ამბავი რომ მიამბო, ხომ სულ გავფუჭდი. როგორი ამბავია, ყველაფერთან ერთად საკუთარი კურსელების - მეგობრების გაცემაც ხომ გამომდიოდა…
    ბევრი რომ არ გავაგრძელო, გავედი გამოცდაზე და  წინადადებების გარჩევაში - მაგრად გაწაფული ვიყავი, მალე მოვრჩი.
    გინდ დაიჯერეთ გინდ არა, “ხმარებიდან გადავარდნილი ასოები” და “ზმნის პირიანობა ძველ ქართულში” - ორი საუკეთესოზე საუკეთესო საკითხი შემხვდა. 
    გარჩეული წინადადება ჩავაბარე, ერთი დახედა და გვერდზე გადადო.
    დავიწყე ლაპარაკი და ვამბობ, მაგალითად,  თანამედროვე ხევსურულ დიალექტში  ერთმარცვლიანი, საერთოდ ერთასოიანი, ერთხმოვნიანი მესამე პირის ზმნაც კია მეთქი.
    - რაო?
- დიახ, მაგალითად  “მინდა “ ზმნის  პირები:
მე - მი,
შენ - გი,
მას - უ- მეთქი.
ვინ გითხრათ ესო და არც ვაციე, არც ვაცხელე, დავაბერტყე, ბებია მყავს ხევსური და აქ რომ მოვდიოდი, ასე გამომაცილა:
-  საად მიხვალა, დედო, ეგრე, ნიფხავ გცვავ? არ ასა წეს, ცხო  არა გაქვისა? … ვინ ასა,  ეგე მზექალაი, დედო, რაი უ?  პროფესორაი? რა ხელ მარხე დიაც ყოფილ, დედო…რახელ გონთმასულ, ეგეთა არც რაი მინახამ, არც რაი გამიგონავ!..მამა იმისს რაი უქვიან,  დედო? …
და ა.შ. (ახლა ამდენი ხევსურული აღარ მახსოვს)
    ვუყურებ ქალბატონ მზექალას,  ჯერ გაეღიმა, მერე აუტყდა სიცილი ცრემლებამდე და ამ სიცილ-სიცილში შემომიხაზა ხუთიანი.
  ერთი სული მაქვს, გარეთ გავვარდე, მაგრამ რა ვქნა,  ჩემი ჩათვლის წიგნაკი ისევ ხელში უჭირავს და მთხოვს, განვაგრძო ხევსურულად ლაპარაკი.
მე - ალექსის დედა მექია შინა მყავს და ყოველდღიურ ხევსურულში გაწაფული ვარ…
    ასე , კარგ ხასიათზე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
    გამოვედი ჟურნალისტების კორპუსიდან,  ვდგავარ გაჩერებაზე და ვფიქრობ, რა ვქნა,  სად წავიდე, რა გავაკეთო ან ამის მერე როგორ ვიცხოვრო, საერთოდ ცხოვრების აზრი რა არის-მეთქი.

გაგრძელება:

ამას უკვე ლელი ბარამიძე მიყვება.
(საერთოდ, ვისაც ლელის გამოცდა კარგად ჰქონდა ჩაბარებული, მზექალასთან - უნიშნოდ არ დარჩებოდა)
- ვეკითხები მზექალას, როგორ ჩაიარა გამოცდამ, ვინ მოგეწონა-მეთქი და რამდენიმე სტუდენტი დამისახელა, მერე უცებ მეუბნება, ერთი პატარა გოგო იყო, დარბაისელი, ბებია ჰყოლია ხევსური და ყველაზე უკეთესი ის იყო, ახლაც მეცინება, რომ მახსენდებაო.
  ვეუბნები, უი, მზექალა,  ეგ ხომ იცი, ალექსი ჭინჭარაულის რძალია-მეთქი.
  უცებ თითქოს შეცბა და მერე თქვა:
- თუმცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, საგანი მართლა კარგად იცოდაო.

Marine Samadashvili

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები