ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
24 იანვარი, 2022


ვახურებთ!

#მემორია
Manana Gharibashvili

ნინო დარბაისელი

ვახურებთ!

(ისევ  მოგონება დათო წერედიანზე)

    ამბობენ,  იუმორი ყველაზე კარგად ააშკარავებს ადამიანის ნატურასო.
    ადამიანთა კლასიფიცირებაც კი შეიძლება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ რეაგირებს -  რანაირ იუმორზე,
მაგრამ არის მცირე, მე ვიტყოდი,  უმცირესი ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც თავად ქმნიან  იუმორს და  თვით ეს ნაწილიც კი სხვადასხვანაირ მთხზველებს აერთიანებს.
      ზოგს მაგალითად, თავისებური ,,ზაგატოვკები” აქვს, ათი კაცი რომ შეხვდეს იმ დღეს,  ერთსა და იმავე გასაღიმებელ ამბავს  ჩვეული ენაკვიმატობით ათივესთან ცინცხლად მოყვება, როგორც იმწუთას ენაზე მომდგარს.
    ესეც ნიჭია, კი არ უნდა დავუკარგოთ!
    არიან  უიშვიათესი ადამიანები, რომლებიც  სხვის მიერ რეალურად ნათქვამ  ფრაზას ან სულაც სიტყვას  - უბრალოდ ინტონაციას, შეფერილობას, ნიუანსს შეუცვლიან და ორიგინალური იუმორიც მზადაა!
  ასეთი უიშვიათესთაგანი მე დათო წერედიანი ვიცი. ის რომ მრავალლმხრივ ჩვენი ინდიკატორი იყო,  ყველაფერზე მისი აზრი რომ გვაინტერესებდა, მგონი უკვე გითხარით.
    მისი, როგორც ჩვენ ვუწოდებდით” წერტილოვანი იუმორის” შესახებაც მექნება რამე მონაყოლი. ახლა ეს  ერთი ამბავი გამახსენდა:

  ვართ ერთხელ ლიტერატურის ინსტიტუტიდან გამოსულები,  ხუთი კაცი განყოფილებიდან და ერთადერთი და განუმეორებელი - თქვენი მონა-მორჩილი.
  (რა ვქნა, ასე იყო ჩვენი განყოფილება დაკომპლექტებული და  გამოგიტყდებით,  ეს ძალიანაც მაბედნიერებდა).
    რაღაც საქმე წარმატებით დავაგვირგვინეთ, ალბათ გალაკტიონოლოგიური სესია იქნებოდა და აღვნიშნავთ ამ ამბავს.
  რომ ჩამოვთვალო, იმ სუფრაზე  რა  კაცებში ვიყავი ,,შიგ ჩასმული ბადახში”, უცებ მიხვდებით,  რატომ მიყვარდა და არ მეთმობოდა ჩემი სამსახური, სხვა მიზეზებთან ერთად  და ჩვეულებრივ ენაწყლიანი  - შიგნით, ჩვენს ოთახში, ხმას დიდად რატომ არ ვიღებდი…
ოთახგარეთ- გაგიხარია!
  ახლა, დათო წერედიანი  - ისედაც ისეთი იყო, თუ არ შეეკითხებოდი რამეს, ხმას საერთოდ არ ამოიღებდა. ამას კიდევ რა უჭირს, კითხვაზე უმეტესად პასუხობდა, დასაფიქრებელი ამბავიაო და ესაა!
      ჰო, სუფრაზე ვართ. უცებ თამადას გავახსენდი და გამოაცხადა, ამის მერე სადღეგრძელოს ნინო გვეტყვისო.
    დამცხა,  მაგრამ რა დამცხა!
    თან გულით მინდა, რამე ჭკვიანობის  თქმით თანამეინახეებს თავი მოვაწონო.
თან მსმელი ვერა ვარ და ცოტა სასმელმაც შემათამამა.  გადავწყვიტე, რამე პატრიოტული მეთქვა. ილია მიყვარს ძალიან, საერთოდ, მეცხრამეტე საუკუნე.  ავდექი და გამოთქმით დავიწყე სკოლის საზეპირო:

აქა არავის - დიდს თუ პატარას
ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,
დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა,
ღვთად მოუცია მარტო მამული.

შევატყვე რომ ცუდად არ გამომსვლია და მეორე საზეპირო გამოთქმითვე მივაყოლე:

ხოლო აქაც კი ვრდომილთ შორისა
ღვთის ნაპერწკალი ზოგჯერა ჰკრთების,
ქვეყნის წარხდომას გული ზოგისა
შეებრძვის და არ ემორჩილების;
მაგრამა ლალვა, შური და მტრობა
იმ ზოგთა შორის ღრმად ჩანერგულა,
ამა ჭირთაგან მათი მხნეობა
აღძვრისა უმალ გაცუდებულა.
აგერ ორს-სამს კაცს რაღაც უგრძვნიათ,
ქვეყნისა სახსრად ერთად მოდიან,
ერთის საქმისთვის გაუღვიძნიათ
და ერთმანეთს კი არ ენდობიან.
ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ,
თუმც ერთისათვის თითქო იღვწიან;
თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ,
თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან.

მერე ვამბობ რაღაცას ასეთს:

- იცით, ახალი თეორია მაქვს, რატომ ვერ ვიტანთ ქართველები ერთმანეთს, ოღონდ ილიასთან ერთად აკაკის ნათქვამი დამჭირდება, ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანაო.
    ჩვენ,  ყველანი ამ ხატის წინ დანთებული სანთლები ვართ და თუ შეგინიშნავთ, სვეტიცხოველში, სადაც საქართველოს ცხელი გული ასვენია, ხალხმრავალი წირვის დროს შანდლებზე სანთლის მისამაგრებელ ადგილს ვერ იპოვი, სულ მიბრეცილ მობრეცილია მხურვალებისგან, რაც უკვე  ანთია,  - ასე პატარა ადგილზე ვიწვით და ერთმანეთს ვახურებთ…
    ჰოდა, გაგვიმარჯოს! -
ვთქვი, ცოტა მოვსვი, დავჯექი  და საკუთარი მჭევრმეტყველებით თავადვე მოხიბლულმა დათოსკენ გავაპარე თვალი.
    მან კი:
- ჰო, მართალია, ვახურებთ, ვახურებთ!-  ჩაიღიმილა წყნარად.
  ნეტა იმ დროს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები