ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2022


ტავერნა. ღამით მოსადილე ბერიკაცისა

#ლექსები

«ტავერნა» -  იყო ციკლი ლექსებისა. სიუჟეტური მონახაზი ასეთი ჰქონდა.
იყო ერთი მოზარდი, ობოლი ბიჭი, რომელიც  ტავერნის პატრონებმა შეიკედლეს.  ხან გვიდა, ხან საძინებლებს ალაგებდა, ხან რაღაცეებს რეცხავდა, ხან ეზოს უვლიდა, … ხელის ბიჭი იქნება  ალბათ ქართულად.
    ტავერნაში გაჩერებული ხალხი, ზოგი მთვრალი, ზოგი ფხიზელი  რაღაცეებს უყვებოდა.
  ეს ბიჭი ქვეყნად ხეტიალზე ოცნებობდა, თავის გაღწევა უნდოდა ამ ჩაკეტილი სივრციდან, სადაც  მასთან მოლაპარაკე ადამიანები შეღებული სარკმელივით იყვნენ მისთვის.
  ერთხელაც გაიპარება, იხეტიალებს, ფულს იშოვის,  ცოლს შეირთავს, გზისპირზე ადგილს იყიდის და ტავერნას ააშენებს. ბოლო ლექსში, როგორც მახსოვს, იმ ნათესავების გარდაცვალების ამბავს გაიგებს, ვისთანაც ხელის ბიჭად იდგა, ხანძარი გაუჩნდათო, უფროსები დახოცილან, ბავშვები - მეზობლებმა გადაარჩინოს და შეიფარესო და  ცოლშვილით გასვენებაში მიბრძანდება, თან ფიქრობს, რომ იმ ბავშვებს წამოიყვანს, გაზრდის, მოიხმარებს, ოღონდ ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ხნისანი არიან, იქნებ დიდი გოგო უკვე გასათხოვარიცაა, გაამზითვებს და თუ გამრჯეცაა, თავისთან მომუშავე ახალგაზრდა კაცს შერთავს და ასე შემდეგ…
ახლა რაღაცეებს ვპოულობ, ფეისზე გადარჩენილა. შეიძლება , სულაც “ბალვანკა” იყოს

ნინო დარბაისელი

ტავერნა. ღამით მოსადილე ბერიკაცისა
- -

მე ხორცის წვნიანს ვამჯობინებ, ოღონდ  უხორცოდ.
ბერიკაცი ვარ,
ყველა კბილი
ქვეყნად ვინმეს მოსატყუარი,
რა ხანი არის, ხელუკუღმა გადავისროლე,
რომ  თაგვებს ანდა ანგელოზებს
იქნებ  და,  ვინმე თხისქუსლა
ეშმაკს გამოსდგომოდა და სოფლის ბოლოს ვებღაუჭები.
ჩემი ბიჭობა დღეს ვიღას ახსოვს!

ნეტა ეს ჭკუა მაშინ მქონოდა,
ამ ჩემს სახსრებში და მუხლებში ქარგამავალში
და ამ ძარღვებში, დაჟანგებული მილებივით ამოყრილებში
სისხლი  რომ დუღდა და გადმოდუღდა;
ან ახლა მქონდეს იმის ილაჯი,
რომ სიტყვას ჭკუადატანებულს საქმით ცოტა არხი გავუჭრა,
მაგრამ ასეა ოდითგანვე,
ჭკუა და ძალა ერთდროულად  ვის მიეცემა!
ქვეყნად რამდენმა მოინდომა,
ჭკუაც ეყიდა,
ირგვლივ ბრძენებიც შემოეკრიბა,
ასვა, აჭამა,
შემოსა და გამოაშუშა,
შეკავებული მთქნარებით რომ მოესმინა იმათი განსჯა!
რა გამოვიდა?
არაფერი!
რადგან ჭკვიანი  -
- ლუკმის ფასად  როცა მდიდარს  ესაუბრება,  ვითომ მორჩილად ქედმოდრეკილი,
გულში და თავში
დამცინავი ქარები უქრის და  მოხარხარე ქარიშხლების გრიალია განუწყვეტელი.

ქალი?
ქალიო?!
იქით სუფრიდან რა იქედნურად
გადმომცქერიან  მოხორხოცენი!
ქალი - მუდმივად -
ახალგაზრდას რაში სჭირდება,
მდუღარე სისხლი
სხეულში რომ ვერ ეტევა?

განა პეპელა
მთელს ყვავილს ზურგზე შემოიგდებს რომ გააფრინოს?
ყვავილის ფასი - არა გვირგვინი, 
ანდა  სურნელი თავბრუდამხვევი,
რაც შორიდან ჩანს ან ახლოდან შეისუნთქება,
არამედ მისი ნექტარია,
შორით საცნობი,
სხვა დანარჩენი, სწრაფწარმავალი  -    მხოლოდ იმ ნექტარს ემსახურება.
ხოლო ნექტარი რომ ირგუნო, გინდა ნესტარი,
ვაი თუ, ნესტარს შეეწირები....

წველა რძისთვის  ბრძენი განა
ძროხას იყიდის,
რომ ზამთარ-ზაფხულ მერე
საძოვი არ მოაკლოს და საცოხნელი?
ჩემნაირს უნდა სწორედ ქალი,
ზამთრის ღამეში ვინც შეიწვენს და  ქვეშაგებს ვინაც გაუთბობს
და ისიც იცის ჩემნაირმა, რას რა ფასი აქვს.

დაიმახსოვრე,  შვილო,  სიბრძნე,  ბერიკაცის დატოვებული:
ქალს საიდუმლო არასოდეს გაუზიარო.
თუ რამ ძალა გაქვს, იმ ძალისა - მარტო იცოდე,
იცი, რა უყო  კაცს დალილამ,
იცი, რა უყო?
თანაც რამდენჯერ გაუმეორა!
თუ შენი გონი არ მოგყვება,
სამსონიც იყავ!
შენ თუ ვერ უვლი შენსას,
აბა, სხვას რა მოსთხოვო?

ვინ - ვისთან დადის,
ვინ - ვისთან დგას,
ან ვინ  - ვის უზის,
სუყველა ხედავს,
მაგრამ ოდითგან
ბოლომდე არავის ეცოდინება,
ვინ ვისთან წევს და წოლათშუა წამომჯდარი  რა ამბით ართობს.

ერთიც იცოდე,
როდესაც ქალი ისეთ რამეს შემოგთავაზებს,
რაც არ ეგების,
იქიდან გაქრი,
გაქრი უკან მიუხედავად
და სიჩქარეში იქ არ დაგირჩეს მოსასხამი,
თორემ დაგასწრებს და ყოველივეს შენ დაგაბრალებს.
ჭაბუკის ჭკუა მისი ასოს წვერზე ეტევა,
ხოლო ქალისა?!
როგორ გითხრა, ყველგან და არსად!

ესეც - ნათქვამი ბერიკაცის - ტავერნებში ღამისმთევლისა.
იმისი, ვისაც
სიბერეში არც რა აკლია,
მაგრამ  კარდაკარ დაეხეტება,
წვრილმანით ვაჭრობს და ნისიებს ვეღარ აგროვებს, მაგრამ რა უყოს,
არ ასვენებს თუკი გონება,
თუ სიზმარ-ცხადში სხვაც მრავალი მოეგონება,
ბებრულ სიბრძნესთან შინ თუ მარტოკა არ ედგომება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები