ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: იუმორისტული
14 თებერვალი, 2022


ტიტლიბი

ნინო დარბაისელი

ტიტლიბი

ერთი ნაცნობი გოგო  მყავდა,  მთელი ცხოვრება ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში მუშაობდა,  ძველი უნივერმაღის უკანა მხრიდან, ქვეშ დიდ  საწყობებში თუ რამე შემოდიოდა კარგი გამოცემა, სულ მას ებარა.
კომუნისტების დროს წიგნის მაღაზიაში ძნელად თუ რამეს შეხვდებოდი, მე და ჩემი ქმარი სხვებივით,  წიგნებს ძირითადად  კიროვის ბაღში, ჭადრაკის სასახლე როა, იქ ვშოულობდით,  ან რუსეთიდან გვიგზავნიდა ახლობელი და აეროპორტში ვხვდებოდით.
    აი,  ხომ არის ადამიანისთვის დახმარება რომ  არასოდეს  გითხოვია, აზრად არ მოგსვლია შეწუხება, თუმცა სიხარულითაც შეეგებები მის გამოწვდილ ხელს.
  ყველანაირად გაგრძნობინებს, რომ შენი დანახვა აბედნიერებს, რომ ამაყობს შენთან  მეგობრობით… ცოტა არ იყოს,  გადაჭარბებული კია შენი ამდენი ქება ან თქვენი ურთიერთობის მეგობრობად მოხსენიება, მაგრამ ხომ არ შეაწყვეტინებ და დაუზუსტებ, ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს შენი თანდასწრებით  შენზე ელაპარაკება,  არც არაფერი შავდება  და თუ ეგრე უნდა, იყოს ეგრე!
  არ დაავიწყდება არც შენი, არც ბავშვის, არც ქმრის დაბდღე,  ძვირფას საჩუქრებს გიძღვნით, ახალი წელი და შვიდი ნოემბერიც-  ტელეფონზე მოულოცავი  არ გამორჩება…
საკუთარ თავსაც კი უწყრები, რა გჭირს, რა კომპლექსია ამისთანა,  გულცივობას რომ ავლენ, ყურადღების მეათედი  მაინც დაუბრუნეო.
    ქართულად ეგეთ ადამიანს “ძალად მაცხონეს” ვეძახით, არა?
    თვითონ გვირეკავდა, სამსახურებში გვაკითხავდა ხან მე, ხან ჩემს ქმარს,  გრძელ სიას დაგვაწერინებდა წიგნებისა, ან ყოფილა შემთხვევა, თვითონაც მოუტანია ნაბეჭდი  სია და უთქვამს, სასწრაფოდ შემოხაზეთ,  რაც გინდათო.
    რას არ შემოვხაზავდით!
    მართალი გითხრათ, უკმაყოფილონი ნამდვილად არ ვიყავით. ოც წიგნს რომ დავუსახელებდით ან სიიდან ამოვირჩევდით, როგორც წესი, იქიდან ორი - მართლა მოჰქონდა და რაც ზედ ეწერა ფასი,  ზუსტად იმდენად გვაძლევდა, ანუ კაპიკებად, კიროვის ბაღში რომ ათჯერ და ასჯერ ძვირი უნდა გადაგვეხადა და ან ვიშოვიდით, ან არა.
  ხშირად ფულს, ორ-სამ მანეთს საერთოდ არ გვართმევდა, ეგ რა სალაპარაკოაო.
ეს ამბავი წლობით გრძელდებოდა.
  რამდენჯერაც თავისთან დაგვპატიჟა, იმდენჯერ რაღაც ისეთი გამოგვეხირა, რომ ვერ წავედით და ერთხელაც ქმარს ვუთხარი, ქვეყანა რომ დაიქცეს, ამ ჯერზე აუცილებლად უნდა მივიდეთ- მეთქი.
    რაჭველი იყო, უძვირფასესად გაუშლია სუფრა, მაგრამ ჩვენი ხელობის  ხალხი წიგნებით სავსე თაროებს რომ დაინახავს, სუფრას ნაკლებ ყურადღებას აქცევს.
ბიბლიოფილების მეტი ვინ მყავდა მეგობრებში, მაგრამ დამეფიცება,
მე ასეთი, უზარმაზარ კედელზე ჭერამდე დაწყობილი თაროები -  ბიბლიოთეკა საუკეთესო ახალი გამოცემებისა ჩამწკრივებული ტომეულებისა - ნამდვილად დღემდე არცერთ ოჯახში არ  მინახავს.
    აი, ოდნავ  რომ შეჭიკჭიკდები, უყურებ და გინდა,  ამ თაროებმა უცებ ფრთები გამოიბან, აფრინდნენ, აფრინდნენ თავისი წიგნებიანად შენს სახლში დაფრინდნენ!
  რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ვისადილეთ, დავილოცეთ, უკვე ვემშვიდობებით,  კართან ვდგავართ და ჩვენი გულუხვი მასპინძელი გვეუბნება, უი, ლამის დამავიწყდა, თქვენთვის ტიტლიბს რომ ეძებდით,  საჩუქრად  მაქვს შენახულიო,.
    მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთს გადავხედეთ, რა ტიტლიბი, რის ტიტლიბი!
  მიტრიალდა და რაღაც, შეხვეულს გვაძლევს. წიგნის ფორმას რა დიდი გამოცნობა უნდა!
    დავემშვიდობეთ, მიიხურა კარი, კიბეებზე ჩამოვდივართ, შეხვეული გავხსენით და  რუსული წიგნია ,,ტიტუს ლივიუსი”,  ადრე სიაში რომ ჩავუწერეთ. ხვანჭკარამოკიდებულები ერთმანეთს ვაწყდებით და ქუჩაში ორ ხმაში ვმღერივართ:

მე პატარა მერცხალი ვარ,
მოტიტლიბე, მოალერსეეე…

  მერეც ხშირად გვიმღერია ეს სიმღერა ასე.
  გამოხდა ხანი და  წიგნების ერთ ბებერ გამყიდველს დავუმეგობრდით,  ავადმყოფს ცოტა ყურადღებაც მივაქციეთ, ლაპარაკში, მისგან  სულ შემთხვევით გავარკვიეთ, რომ  იმ გადამყიდველების მხოლოდ უმცირეს ნაწილს ჩამოჰქონდა ეს წიგნები რუსეთიდან.
    თვითონაც და სხვებიც ძირითადად ჩემი ნაცნობი გოგოს საწყობებიდან მარაგდებოდნენ, თვითონ ეს გოგო დიდად წიგნის მკითხველი ნამდვილად  არ იყო, სად ეცალა!  და  როგორ დაეხარისხებინა ახლად შემოსული პარტია,  რა შეეკვეთა ცენტრისთვის გამოსაგზავნად, რა როგორ გაეყიდებოდა,  იმის მიხედვით არკვევდა, ჩვენ რომ სიას ვაძლევდით. თან იმ სიის წიგნების თითო ეკზემპლარი, როგორც წესი, თავისი საიჯახო ბიბლიოთეკისთვის  მიჰქონდა, მე თუ არა, ჩემს შვილებს გამოადგებათო.
  ნათელი დაადგეს!
  ახლა ხომ  ვიცი,  ამას წაიკითხავს  მანანა დუნდუა და გადმოყრის ცრემლებს…
ესეც - ტიტლიბისა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები