ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2022


კადრები

დედა მუდამ კოპებშეკრულია,  მუდამ რაღაცით უკმაყოფილო. ბავშვობიდან მოყოლებული, ხშირად ვადარებდი  მის სახეს ჩემი მეგობრების დედების სახეს და ვასკვნიდი,  რომ დედა ბედნიერებას მუდამ  გაურბოდა.
ასე აღზარდეს.
ასე  ასწავლეს.
ასე დაარიგეს.
უცნაური ხასიათი აქვს  დედას- ადამიანები ან თავის მორჩილებაში უნდა ამყოფოს, ან- შეიძულოს.
თხოვნაზე მეტად მოთხოვნაა ეს. არ დაიცავ მის წესებს?- უვადო უსიამოვნებები გარანტირებული გაქვს.
ოჯახი  დიდია.
ოჯახის წევრთა შემოსავალი, ჩვეულებისამებრ, მწირი, მაგრამ აუცილებლისთვის საკმარისი თითქოს.
მოხუცები.
მამიდები.
მამა.
ჩვენ.
და ძალთა არათანაბარი გადანაწილება- ცალ მხარეს დედა, მეორე მხარეს- ყველა სხვა დანარჩენი.
ჰაერის  ტემპერატურა მუდმივად მაღალია, ძაბვაც- შესაბამისად.
სახლის კედლები ამაოდ ცდილობენ უსიამოვნო ბგერების შეკავებას.
ჭურჭლის მსხვრევის ხმაზე ამირანის მითი მახსენდებ, თუმცა ჩემს რეალობაში, სათქმელი ერთ ადგილს ტკეპნის და რაიმეს  შეცვლის იმედი არა მაქვს.
თან ვასკვნი, რომ დუმილი ყოველთვის ოქრო როდია.
ნახევარი საუკუნის ჩამარცვლის შემდეგაც კი, როცა უწინდელი სურათიდან თითქმის ყველაფერმა იცვალა იერი, დედა იმავე ადამიანად დარჩა, რაც იყო.
არც მოუნდომებია რაიმე შეეცვალა, თუნდაც, შვილების გამო.
ბედნიერება ან ვერ იცნო, ან თვითონ  ბედნიერებამ არ ინდომა მის სიახლოვეს დაედო ბინა.
როცა დედები შვილებზე ყვებიან რაიმეს, მათ ხმას უხილავი ხავერდი გადაეკვრება ხოლმე, თვალებს- ციმციმა ნათელი  და ასკვნი,  რომ დედაშვილობა არსად, არავისგან  არ ისწავლება.
მე კი გამოგონილ დედას ვკმარობ.
თავს ვუმტკიცებ,  ავადმყოფობა რომ არა,  დედას, ალბათ, მეც  ვეყვარებოდი.
იქნებ, ძალიანაც კი.
ან ისე, ჩვეულებრივად მაინც.
არადა, უყვარს,
მაგრამ მხოლოდ  მორჩილები.
სტოკჰოლმის სინდრომიც ბუნებრივია მისთვის.
ჰო, ასეც უყვარს.
-მაგრამ, არა შენ!- ვუმეორებ სარკის წინ  უხერხულად ატუზულ ჩემს თავს,  დიდი მონდომებისა და  წამწამების აჩქარებული ფახულის მიუხედავად,  ცრემლებისთვის გზის გადაღობვა  რომ ვერა და ვერ მოუხერხებია.
მერე შეტევაზე გადავდივარ.  მიყვარს ,,მეს"  ჩაწიხლვა:
- რაო,  გინდოდა დედას ჰყვარებოდი? რა სასაცილო ხარ! არა, რატომ უნდა ჰყვარებოდი. ცოცხალი რომ დაგტოვა, ეგეც დიდი ჰუმანურობაა მისი მხრიდან.
აბა, შენ რა შესაყვარებელი იყავი, ნაბიჭვარო...?!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები