ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2022


შვილები

#ლექსები

ნინო დარბაისელი

შვილები

საცაა, გული გაგისკდება,
ვიღაცის  წასვლით ანდა მოსვლით,
რაიმე შიშით,
სიმამაცით,
უბედურებით,
ბედნიერებით,
ომით,
მშვიდობით…
სულერთი არის,
გამსკდარი გული - გამსკდარია.

განა  ცოტაა გულგასატეხიც,
ზოგჯერ მიზეზი არ დაგჭირდება.
ამის მერეა, რომ  თუ გადარჩი,
გაგისქელდება ნაწიბურები,
გიფეთქავს გული ზომიერად,
ცოცხალი ხარ და შეგეხედება,
სამაგიეროდ,
გულგრილი და
გულცივიც გახდი.

ყველა გულცივი - ადრე, წარსულში, 
მოსიყვარულე-გულ-გამტყდარია,
რომელსაც ყოფამ  უსამართლო ხელი დარია,
ყველა გულცივი -
გადარჩენილი ცოცხალ-მკვდარია,
ყველა გულცივი - ახლა უკვე შეუმცდარია.

დაბადებით კი
ყველა - შეცდომის შვილები ვართ,
სულ ახალ-ახალ შეცდომებზე დაგეშილები,
ჩვენ ვართ შვილები.
წელშეზნექითა და დიდი მუცლის გამობზეკით დამტარებელთა გაჩენილები
თუ  მწველ ზაფხულში საწვიმარქვეშ ცხრათვიანი მუცლის მფარავთა -
ერთად გვირგვინქვეშ შეუსვლელთა,
შაბათისა თუ  ამომსკდარი ვნების ნაყოფნი,
ჩვენ ვართ შვილები!
ჩვენ ვართ შვილები და რახანია,
აღარ გვესმის სხვების კვნესა და ჩივილები.

ჩვენ ვართ შვილები  - დაულოცავად დარჩენილები
თუ ხმამაღლა  დალოცვილები,
ქვეყნად  ყველაფერს და არაფერს ვემორჩილებით არ-გულჩვილები,
გულგრილები,
ჩვენ ვართ შვილები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები