ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2022


ამბის წამღები

#ლექსები

ნინო სტრონი

ამბის წამღები!

იქ კი …კიევში
დანგრეულ სახლში,
გოგომ ნაქსოვქუდჩამოფხატულმა
თეთრ როიალს  რომ  ნამსხვრევდაყრილი თავი ახადა
და გამოსათხოვრად დაკვრა რომ სცადა,
გალურჯებული თითები რომ კლავიშს შეახო,
ამოიკნავლა,
არ გამომდისო,
მინდა, მაგრამ არ გამომდისო!
ხოლო ისინი, გასაქცევად გამზადებულნი,
აჩქარებდნენ,
მერე გაიქცნენ,
მერე  ხმა იყო,
რა ხმა იყო ნანგრევებში - რახმანინოვი?

ვოვა, ვლადიმირ, ვალოდია,
მე მოცახცახე ისე გავძახი ცარიელ ზეცას,
თითქოს იქიდან ვინმე რამეს გამაგონებდეს:
რა ძუძუს ები ამისთანას,
ვინ იყო იგი,
ვინაც ბალღამი მოგაწოვა
და “მარგანცოვკით” ნაზად ნაფერი თბილი წყლის ნაცვლად,
დაძინების წინ სისხლის გუბეში გაბანავებდა!

ვოვა, ვლადიმერ, ვალოდია,
ამერიკაში ერთ ქალაქში
ერთი ქალია ამერიკელი,
მაგრამ ყოფილი საბჭოელი,
ის ასაკშია,
ხანდაზმული
და მას თავისი წარსული უყვარს,
უყვარს თავისი საბჭოური ბავშვობა თუ ახალგაზრდობა,
რადგან ეს წლები ისეთია,
ტოლ- სწორთა წრეში კი არა და
თვით სამარტოო საკანშიაც რომ გაატარო,
გარეთ გამოსულს,
თავისუფალს,
შენი საკანი ძილში მაინც მოგენატრება
და დღეს ამის თქმა ალბათ სრული სისულელეა,
მაგრამ  ქალს ამას  არა მხოლოდ სხვა დანარჩენი,
რუსებში გაზრდილს  სანახევროდ - უყვარს რუსები.
ის ქალი ისე მშიშარაა,
მთელი ცხოვრება საძინებელში,
შუქჩამქრალში მარტო ვერ შედის,
და ქალმა ამან თავის თავში
აღმოაჩინა პოტენციური მკვლელი ახლა.

ცხრა ორეული ჰყოლიაო, შენზე ამბობენ,
ნეტა ამდენში საკუთარ თავს როგორ-ღა აგნებ.
გველეშაპს ცხრავე თავი მოჰკვეთო,
-  ცხრავე ახალი ამოუვა,
ამ ჩანაცვლებით რა გამოვა?
- ძალა რაშია?
-ბოროტების სისტემაშია.

ვოვა, ვლადიმერ, ვალოდია,
იქნებ არ ვიცი და თვითონაც  რაღაც სისტემის მსხვერპლი ყოფილხარ,
ვისი ან რისი,
რას გიმზადებს შენი მერმისი.
ნეტა თუ არის ქვეყნად ვინმე,
ვისაც გულწრფელად ეცოდები,
ვისთანაც მიხვალ მაგ კმაყოფილნიღაბმოხსნილი,
ვისაც კალთაში თავს ჩაუდებ,
ხმადაბლა ეტყვი,
“მიშველე რამე, დავიღალეო!”

თუ დაიღალე,
დაისვენე, ჩვენც დაგვასვენე,
მარტო მე  - არა,
მთლად დედამიწა გევედრება,
მთელი სამყარო გევედრება,
ხომ ზუსტად გახსოვს,
შენ იმ ცხრაში რომელიცა ხარ,
თუ კვლავ არსებობ - დაიხალე!

მაგრამ ვინ იცის,
იქნებ უკვე აღარც ესაა გამოსავალი,
ღილაკზე თითის ერთი დაჭერა
და ყველაფერი დასრულდება.
დედამიწაზე ერთიც არავინ გადარჩება
მერმისისკენ ამბის წამღები.

ვოვა, ვლადიმერ, ვალოდიააააა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები