ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2022


აგე, ფული!

ნინო დარბაისელი

აგე,  ფული!

ბევრი ერქვა თუ ცოტა ერქვა,
ჩვენს სახლში ფული არასოდეს იმალებოდა.
შუა ზალაში, ოდნავ კუთხეში
ერთი  პატარა,  ეგვიპტური მაგიდა გვედგა,
კედლისკენ ჰქონდა ერთი უჯრა მიბრუნებული.
ვისაც რამდენი დაგვჭირდებოდა,
ვიღებდით  ჩვენით და პატარა ფურცელს ვტოვებდით.
“ავიღე ოცი, ვიყიდე წიგნი”,
“საბურთალოდან ტაქსით მოვედი”-
ჩემი ტექსტები ძირითადად ასეთი იყო.
როდესაც უჯრა ქაღალდებით აივსებოდა,
წინ დაიდებდა დედაჩემი,
ერთს ზერელედ გადახედავდა და გადაყრიდა
და მე არ მახსოვს,
რომელიმე ჩვენგანისთვის ესაყვედურა,
ამდენი რატომ აგიღიაო,
სამაგიეროდ, არც ის მახსოვს,
იმაზე მეტი რომ აგვეღო რომელიმეს,
ვიდრე საჭირო იქნებოდა.

- დედიკო, მტკივა!
დედი, კბილი,
დედი, მუცელი!
თუკი ოდესმე წამოგვცდებოდა,
უკვე ვიცოდით:
-მე  ექიმი ვარ?
აგე, ფული და
გაიკითხე მაგ სფეროში საუკეთესო.

- დედი, დედიკო, მეზობლისგან წყალი
ჩამომდის.
მთელი წიგნები გამიოხრა!
-  მე ავიდე და გადავუკეტო?
შენ ხარ და შენი მეზობელი!
ჯერ გააფრთხილე,
თუ მოერევი - მოერიე, თუ ვერ ერევი,
აგე, ფული და ხელოსანი მაინც იპოვე!

- დედიკო, მგონი, ქმარი მღალატობს…
-  მე  ვექილი ვარ?
თუ შეგიძლია აპატიე
ან ფულს უმატე და ძველებურად ფეხის მონად დაგიდგება,
თუ - არა და გაშორებაც - შენი ნებაა!

- დედიკო, სევდა მომეძალა!
- ახლა სევდები მომინდომეთ,
ეგ ერთი საქმე გაბარიათ,
რომ მხიარული და ბედნიერი სახე გქონდეთ;
მოხვეტეთ თქვენი მეგობრები,
სადმე წადით და გამხიარულდით,
ოღონდ რაწამსაც მოგიკითხავთ,
უნდა ვიცოდე,
ოცი წუთის რადიუსით,
ჩემი შვილი სად იმყოფება!

მე ამ გარემომ მშობლიურმა, გარეშეთათვის უჩვეულომ ისე გამხედნა, 
რომ ერთი რამე შემასწავლა:
ჩემი ცხოვრება - არა - სხვისი, ჩემი საქმეა…
ოღონდ ამ საქმეს შიგ ჩაურევლად ვინმე უნდა მიფინანსებდეს!

არაპოეტურ ამბავს ვყვები მე ამ ლექსში,
მაგრამ რა ვუყოთ!
თუკი ამბობენ, რომ ლექსს ჰყოფნის გულწრფელობა,
რამე ამბავი,
ზედ - სასაუბრო მეტყველება, ვერლიბრის ფორმა,
ერთიც ეს იყოს!

დედიკო, როცა თავგადადებულს ზედ ტყვიის თქეში უწყვეტად დასდის,
თავზე ბომბები აფეთქდება,
სისხლის ღვარს მიაქვს ყველაფერი,
გმირს უწოდებენ,
როგორც გოშია,  შეაქეს და მგელს შეაჭამეს,
მიწაზე ლომობს,
ლომის ლომობს,
მაგრამ ზეციდან -
თავზე ენგრევა მთელი ქვეყანა აგებული,
“აგე, ფულიო” -
თანაც პირნათლად ეუბნებიან,
სასოწარკვეთილს სათქმელი მახრჩობს, 
მაგრამ სიტყვად ვერ მიქცევია,
მოგონებებს-ღა  ვეპოტინები…

დედიკო, მტკივა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები