ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2022


ომი

შინ არვინ დარჩა. ნანგრევებს შორის
გაზაფხულს ძნელად  დაედგომება...
გულში იკრავენ უსულო  ჩვილებს
ევმენიდები. ცივმა  ომებმა
კვლავ იყვავილეს.  შიში მეწამულ
ფერად მიჰქარგავს ბელტებს და იებს
ხმაგაკანკული, ფრთხილი წვიმები
ჩასჩურჩულებენ:- არ გვაპატიეს
სიყვარული და უტეხი  ფიცი,
თავთუხისფერის  ლურჯში  დინება.
თოვლმა გაბედა ეტვირთა  მიწის
ცოდვა-  შვილების  ვერმოფრთხილება.
დგანან კედლები  ხეიბრის მზერით,
ჯერაც  სუნი სცემთ  რძის და ბავშვების.
ბოლში  გახვეულ,  ჩამოშლილ  მზეს კი
ჟინით  კორტნიან უცხო  შაშვები.
რა ვქნათ, ხელახლა რომ გავუბევრდით
უმწეობას და უფრორე- წუხილს?
გზაზე გაბაწრულ  მლოცველთა გვერდით
მიქოშინებენ  დღეები რუხი.
ბუხარში  მთვლემარ  ღველფივით  ბჟუტავს
იმედის ლანდი  ცრემლის  თანხლებით.
გულს ირევს  მიწა და  გუდაფშუტა
სოკოებივით თრთიან  სახლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები