ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
18 მარტი, 2022


ზაზა აბზიანიძის ,, პაოლო იაშვილი” და ჩემი “ავდარიანული ხრიდოლი”

#ავდარიანული
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა

ნინო დარბაისელი სტრონი

ზაზა აბზიანიძის ‘’პაოლო იაშვილი’ ანუ ჩემი ‘ავდარიანული ხრიდოლი’

ამ ბოლო ხანს ელენე დარიანის ფსევდონიმის გამო საზოგადოებრივმა დაპირისპირებამ  რეალურსა თუ ვირტუალურ სივრცეში ლამის ზენიტს მიაღწია. ძალიანაც რომ უკუვდგე და  მიამიტი სახით განვაცხადო, ამ სკანდალში ჩემი წილი  მეტისმეტად მოკრძალებულია-მეთქი,  ფეისბუქელებიდან მაინც არავინ დამიჯერებს.  სავსეა ჩემი პოსტებით იქაურობა.
პირადად მე პაოლო იაშვილის შემოქმედებაზე სპეციალურად არასოდეს მიმუშავია.  როგორც პოეტი, ვიცნობდი ოდნავ იმაზე უკეთ, ვიდრე რიგით ლიტმცოდნეს მოეთხოვება. ახლა კი იმის წყალობით,  რომ უამრავი მეგობარი-კოლეგა ოკეანის გაღმიდან უამრავჯერ შევაწუხე, ეს წიგნი ნახე, ის წიგნი ნახე, ხომ იცი, ამერიკაში ქართული ბიბლიოთეკა თან არა მაქვს და როგორც ხრიდოლის  დროს ხელშეკრული ვარ-მეთქი,  ერთმა კოლეგამ, რომელსაც  ძალიან გავუწყალე გული ჩემი უდროო ზარებით და რომელსაც  ამჯერად ანონიმად დარჩენა ურჩევნია,  ზედმეტსახელად ხრიდოლი დამარქვა და სხვებმაც აიტაცეს.
ხრიდოლურობის გამო, უნდა ვაღიარო რომ ჩემი თვალსაწიერი მაინც შემოსაზღვრულია იმ ინფორმაციით, რისი მოპოვებაც ინტერნეტითაა შესაძლებელი ან ფოტოების სახით აღწევს ჩემამდე. იქნებ ამიტომაც, კიდევ უფრო დაკვირვებით მიხდება მასალის გაანალიზება, ვიდრე რამეს ვიტყოდე.
  ძალიან ბევრგან შემხვდა „ გუგლში“ ინფორმაცია, რომ ლიტერატურათმცოდნეობითი  წრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იმის კვლევაში,  თუ ვის ეკუთვნის ფსევდონიმი ელენე დარიანი. ისიც კი მომეჩვენა, რომ ვიღაც/ვიღაცეები მეტისმეტად არიან მოწადინებულნი ამ აზრის ჩაბეჭდვით საზოგადოების გონებაში...  თუმცა ვიდრე საკითხში შედარებით უკეთ გავერკვეოდი, არც ის  გამომირიცხავს, რომ  შესაძლოა,  საქართველოში ჩემი არყოფნის მანძილზე მართლა რამე მსგავსი მომხდარიყო. მეცნიერება რისი  მეცნიერებაა, თუ საკვლევი გამოელია! თავისი მხრით კი  რა საკვლევია,  თუ  რაიმე წინააღმდეგობას არ შეიცავს!  როცა  ამა თუ იმ თემაში საკვლევი დაილევა და ყველაფერი დღესავით ცხადია, ისღა დაგრჩება, მიმართო დესკრიფციას და  თემას  სუფთა სინდისით აქციო  ლიტერატურის ისტორიის  მყარ კუთვნილებად.
იმ  ანგარიშგასაწევ მკვლევართა მასალებს, რომელნიც  ‘’დარიანული დღიურების’ უპირობო ავტორად პაოლო იაშვილს მიიჩნევენ და რომელნიც  ცოტანი როდი არიან, ისედაც ვიცნობდი, კარგად ვიცნობდი ლალი ავალიანის შრომებს, უკეთ ჩახედვა დამჭირდა ზეინაბ ლომჯარიასთან,  თამარ პაჭაძესთან,  ლევან ბრეგაძესა და ამირან გომართელთან, ქეთევან ენუქიძესთან  და ასე შემდეგ.  ამის გათვალისწინებით  ხომ ბუნებრივად დამაინტერესებდა, მაინც  ვინ უნდა მოაზრებულიყო ლიტერატურათმცოდნეთა საპირისპირო „წრეში’.
გ, ჯავახიშვილს, რომელსაც ელენე ბაქრაძე დარიანული ციკლის ავტორად მიაჩნდა და რომლის პუბლიკაციებსაც ადრევე ვიცნობდი გაზეთ ‘’კალმასობიდან’, ჯეროვანი, მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი ჯერ კიდევ მაშინ გაეცა, მე რომ საქართველოში ვიყავი. ვიცნობდი ნინო ხოფერიას დოკუმენტურ ფილმს, რომელიც პრაქტიკულად, სხვანაირად ფიქრის არანაირ მოტივს აღარ ტოვებდა და ასე შემდეგ...
ამას წინათ მეგობრებმა გადმომიგდეს “იუტუბის“ ლინკი, სადაც  ღვაწლმოსილი მეცნიერი ზაზა აბზიანიძე იმყოფება ლიტერატურის მუზეუმში და  ელენე დარიანის გამოფენის გახსნას თავისი სეფე-სიტყვით ამშვენებს.
რა გავიფიქრე?! გულწრფელად გითხრათ?!
ზაზა აბზიანიძე ჩემი დიდი ხნის საყვარელი კოლეგა და მეგობარია, გამახსენდა ჩვენი საერთო მეგობრის,  აწ გარდაცვლილი გოგი გაჩეჩილაძის საყვარელი, გამოთქმა ‘’სვადებნი გენერალი”. ეს - რუსული იდიომია და ნიშნავს ადამიანს,  რომელიც უკვე თადარიგშია და რომელსაც მუნდირი-ღა  აქვს შემორჩენილი ძველი,  გავლენიანი  სტატუსიდან და  ნაცნობ-უცნობები ამ მუნდირ-ეპოლეტებითა და ჩინ-მედლებით  მორთულს ეპატიჟებიან  სუფრისა თუ თავყრილობის დასამშვენებლად.
ზაზა აბზიანიძე ამ მხრივ  მართლაც დაუზარელი ადამიანია და ეს ძალიან კარგია!  - ახლა კი არა, წლების მანძილზე  თუ ფიზიკურად შესძლებია, მხარდაჭერა არასოდეს დაუნანია  ახალგაზრდა ავტორებისათვის,  კარგი წამოწყებისთვის, მისულა, სიტყვა შეუწევია, თუნდაც თავისი იქ ყოფნით გაუმხნევებია,  თუმცა... მასსავით  ვინ არ აღმოჩენილა ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, სადმე პრეზენტაციაზე რომ მიგიწვევენ,  ხარ შენთვის წყნარად, არავის არაფერს შეპირებიხარ, არც მომზადებულხარ და უცებ მასპინძელი ან ვინმე ჟურნალისტი ფაქტის წინაშე დაგაყენებს, ლამისაა, მიკროფონი ჩაგთხაროს პირში.
ვუყურე იუტუბით გავრცელებულ  ჩანაწერს და  უფრო სიყვარულით, ვიდრე კრიტიკულად ვიფიქრე:
- ეჰ,  ზაზა,  რა  მძიმე დღეში ჩავარდნილხარ, დაბნეულობისგან  ლოგიკა  როგორ გაგექცა, რეებს ლაპარაკობ-მეთქი და მართალი გითხრათ,  ამის მერე  დიდ ყურადღება აღარც მიმიქცევია...  მაგრამ აი, ახალი ლინკი  გადმომიგდეს,-  ჟურნალ „აფინაჟის“ გვერდზე გასული წლის შვიდ ივლისს ზაზა აბზიანიძის წერილი დადებულა , სათაურით ,,პაოლო, იაშვილი’’. სავარაუდოდ, ბეჭდურად გამოქვეყნებულიც  და  ტირაჟირებულიც უნდა იყოს.
შევყევი კითხვას და რაღა დაგიმალოთ, ცოტა ხანში გულს შემომეყარა.
პაოლო იაშვილზე წერილში რომ დარიანული დღიურების შესახებაც მოუხდებოდა ლაპარაკი ავტორს , არ იყო ძნელი მისახვედრი. ასეც არის.  ჩვეული მანერით შესავლის შემოწერის მერე  იგი  მკითხველს აფრთხილებს:
„ ახლა მისი (პაოლო იაშვილის) ბიოგრაფიისა და შემოქმედების წიაღში ჩაღრმავება მოგვიწევსო“ და მიმნდობ მკითხველსაც  რაღა დარჩენია,  ჩემი არ იყოს, ისიც, რაც ძალი და ღონე აქვს, ავტორთან ერთად ‘ჩასაღრმავებლად ემზადება’.
პირადად მე წინასწარი ინტენცია როგორი მქონდა? ვიფიქრე, ეტყობა, წუხს, გამოფენის გახსნაზე აბდაუბდა რომ ილაპარაკა და გადაწყვიტა, ამ წერილით, როგორც თავისებური  აპოლოგიით,  გამოესწორებინა საქმე-მეთქი. ჯერ თვალი ზერელედ გადავკარი  და რომ დავინახე  ავტორმა დაიმოწმა  ელენე ბაქრაძის სიტყვები ,,ლექსები ელენე დარიანის ფსევდონიმით ყველა ჩემიაო“  - აზრი კიდევ უფრო გამიმყარდა, ესე იგი, ‘’დაწერილობას „ელენე დარიანი’  ზ.აბზიანიძეც, გარდა მეტსახელისა,  ფსევდონიმად მიიჩნევს- მეთქი,  მაგრამ  დავიწყე კითხვა და  ღრმა საგონებელში ჩავვარდი, რომ  ვნახე მისი ნათქვამი.
(აქ და სხვაგან ციტატები,  რაც შეიძლება,  შეუკვეცლად მომაქვს, ვინმე ოპონენტმა კონტექსტიდან ამოგლეჯა რომ არ დამწამოს -.ნ.დ.ს.):
„‘აქ უნდა მოვიხმოთ მოგონება ელენე ბაქრაძისა, ,იმ ‘’ელენე დარიანისა’, რომელიც პაოლოს ბიოგრაფიისა და შემოქმედების განუყოფელ ნაწილად იქცა და რომელმაც არაერთი თავსატეხი დაუტოვა პოეტის ბიოგრაფებს. მათგან ერთნი  (ამ სტრიქონების ავტორის ჩათვლით) ინტერესით იკვლევენ ელენე ბაქრაძის კვალს პაოლოს ბიოგრაფიასა და შემოქმედებაში, მეორენი  (უმრავლესობა!) ‘ელენე დარიანს’ მხოლოდღა პაოლო იაშვილის ფსევდონიმად მიიჩნევენ’’-
წერს იგი და მკითხველს რაღა დარჩენია! -  მხარი უნდა  დაუჭიროს მის განწირულ სულისკვეთებას, ლიტმცოდნე კოლეგათა აზრის საერთო მდინარებას რომ  დაპირისპირებია,  ერთეულებთან ერთად და  თავადაც  ამ  „ერთეულის’  ‘ჩაღრმავების“  მამაცური პროცესის თანამონაწილე გახდეს.
***
მე ხომ ამ ვრცელ შესავლებს ვერა და ვერ შეველიე, ამიტომ პირდაპირ იმ მომენტებზე შევაჩერებ ყურადღებას, სახტად რომ დამტოვა:
,, ამ სურათს ყოფითი დეტალებით ამდიდრებს სერგო კლდიაშვილი:...’ პაოლო მაშინ (ანუ 1920 -იანი წლების ბოლომდე - ზ.ა.) უცოლო იყო’ .
- წერს იგი და ამ ციტატაში  მე  ნამდვილად არაფერი შემიცვლია, ყველაფერი მისია!
მე, უბრალოდ, გავოგნდი!
არ მეგულება საქართველოში ამის წამკითხავი,  სიმბოლისტთა პოეზიის მოყვარული, რომელიც ამ აღმოჩენით ჩემსავით არ გაოგნდებოდა.
რაო?
ჩაუღრმავდა, ჩაუღრმავდა,  დაპირებისამებრ,  ზაზა აბზიანიძე და სენსაციური აღმოჩენა შემოგვთავაზა???
1920 წლის ბოლომდე პაოლო უცოლო იყოო?!
კორექტურა ისეთი ვერაგი რამაა, სადაც არ ელი, გამოქვეყნებულ წიგნში თუ სტატიაში იქ შეიძლება დაგიხვდეს.
თუ კორექტურაა და ციფრები აირია, რა უნდა ეწეროს?  ათას ცხრაასი - ვერ იქნება, მაშინ რვა წლისა ძლივს იქნებოდა პოეტი,(დაიბ 1992 15 აგვისტოს).  ვერც ათიანი წლები  იქნება,  -  თვრამეტი წლისა გამოდის და ქუთაისშია,  აქ კი თარიღქვეშ  თბილისური ამბებია სურათხატოვნად “მოთხრობილი”., ოცდაათიანის ბოლომდე - ცოცხალს არ მიუღწევია,  1937-ში  ტრაგიკულად დაიღუპა ... არადა,  ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს,  „ანუ ოციანი წლების ბოლომდეო“ და  ალბათ მკითხველს ხედველობიდან  რომ არ გამოეპაროს ეს აღმოჩენა,  იქვე, ფრჩხილებში  „ბეჭდად ასვამს“ საკუთარ ინიციალებსაც!
როგორც ძველი ცოდნიდან მახსოვს, იური ტინიანოვს ეწერა ერთგან,  ამ  თუ იმ საკითხის  კვლევას მხოლოდ  იქ და იმ დონემდე სჭირდება ჩაღრმავება,  სადაც და სადამდეც მისი პასუხია საძიებელიო“.
მაგალითად, კალმახს,  თართს, ზუთხს  და ასე შემდეგ - ოკეანის სიღრმეში ვერა და ვერ  დაიჭერ, სად რა რაზე მოდის, მეთევზეებმა  ყველაზე უკეთ იციან ეს ამბავი;
ვერც საბადურის ტყეში გამოვა მამონტებზე ნადირობა, იმ, ერთი შეხედვით,  უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი იქ არ  ბინადრობენ.
და მაინც ძველი, ხანგრძლივი  კოლეგიალური  მეგობრობისა და სიყვარულის  ხათრით მზად ვიყავი, ამაზე თვალი დამეხუჭა, რა მოხდა, ერთი ალელუია მღვდელსაც შეცდება-მეთქი,  რომ  უარესი გაოგნება წინ მელოდა!
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ“ ბიოგრაფიაში ჩარღმავების“ შედეგად აღმოჩენილი ახალი, მე ვიტყოდი, თავზარდამცემი ფაქტის შესახებ ეს ციტატა, რომელიც, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე,  მთლიანად მომყავს, ვინმემ რომ არ დამამუნათოს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ტექსტი მოგაქვს და ინტერპრეტაციას თვითნებურად ახდენო.
„ ერთხანს გასაბჭოების -შემდეგ, ტიციანიც და პაოლოც სწორედ ამ ხელოვნების სასახლეში ცხოვრობდნენ. რამდენიმე ხანში პაოლო საცხოვრებლად გადავიდა ჯაფარიძის ქუჩაზე, სადაც 1932 წელს მიიყვანს კიდეც თავის ‘’მზეთუნახავს’. ახლადშექმნილ ოჯახს მალე შევიწროება მოუხდა,...’ ამას მოსდევს ზაზა აბზიანიძისეული რეფლექსია- წიაღსვლები ოცდაათიანი წლების ახლადშექმნილი ოჯახის თაობაზე. მისი თხრობით თავს აღარ შეგაწყენთ და ძირითად ხაზს გავყვეთ!

***
ფაქტობრივი სინამდვილე ასეთია:
პაოლო იაშვილი 1921 წლის 14 სექტემბერს ცოლად ირთავს თამარ სერებრიაკოვას, რომელიც ქმრის გვარზე, იაშვილად ეწერება.
(სხვათა შორის ახლად შერთული ცოლისათვის  საჩუქრად. ერთ რვეულში ჩასაწერად,  პაოლო იაშვილი თავს უყრის „დარიანული დღიურის“ აქა-იქ გამოქვეყნებულ, გაფანტულ ლექსებს.  საფუძველს არ უნდა იყოს მოკლებული ფიქრი, რომ  ციკლი კრებულში სრული სახით  არ არის შემორჩენილი  იმ გარემოების გამო,  რომ 1921-1923 წლამდე ციკლის ოთხი  ლექსი  პაოლოს ჯერ შექმნილი არ ჰქონდა, როგორც  გვარწმუნებს აკადემიური გამოცემის საძიებო აპარატურა, რომელშიც მითითებულია ამ ოთხივე ლექსის გამოქვეყნების თარიღი,  ეს ხელნაწერი რვეული უნდა მიეკუთვნებოდეს 1921-24 წლებს, როგორც პაოლო იაშვილის შთამომავლები ადასტურებენ,  მაგალითად ლექსი,  წერილი ანა ახმატოვას“ ‘რომლის მხოლოდ ერთი სტრიქონიცაა ჩაწერილი ამ რვეულში, ’მე მინდა გითხრა სამძიმარი, რომ ბლოკი მოკვდა,’ ვერაფრით დაიწერებოდა 1921 წლის აგვისტომდე, რადგან მანამდე ალექსანდრ ბლოკი  ჯერ ცოცხალი იყო. და თუნდაც ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ  აშკარა სიცრუეა ელენე ბაქრაძის სიტყვები , ‘’ელენე დარიანის ფსევდონიმით ხელმოწერილი ლექსები ყველა ჩემიაო’...
თუმცა ეს სხვა მსჯელობის თემაა. მაგრამ  აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სტილური აბრუნდი, რომელსაც ზაზა აბზიანიძე იყენებს კიდევ ერთი ტყუილის სათქმელად : ,,ოცი წლის შემდეგ ამ ‘’წმინდა კრებულს - პაოლო თავის უბის წიგნაკში გადაწერს და შესატყვისი ინსკრიპტით მეუღლეს გადასცემს“-ო . მიდი და გამოითვალე,  მონდომებულო მკითხველო, რომელი თარიღიდან უნდა იანგარიშო ეს  ოცი წელი! თუ  ეს  უადრესი - დარიანული ციკლის პირველი ლექსის გამოქვეყნების თარიღია (1915+20=1935)  ყველაზე უადრესი - 1935 წელი გამოდის, სხვა  უფრო გვიანდელი გამოთვლებით გამოგვივა, რომ პაოლომ ის რვეული  მარადიულ საუფლოში გადაწერა. მაპატიოს ეს უშნო ხუმრობა მისმა ნათელმა სულმა! )

***
ისევ კონკრეტული საქმე:
პაოლო იაშვილისა და თამარ სერებრიაკოვა-იაშვილის ახლადშექმნილი ოჯახის პირველი წლები  (1921 და არა  -  მთელი თერთმეტი წლით გვიანდელი 1932 , როგორც ზაზა აბზიანიძე  ათარიღებს და  ფსევდო-თავგადასავალსაც ჩვეული ხატოვნებით  გადმოგვცემს) წყვილისთვის  ტრაგიკული აღმოჩნდა. მათ დაეღუპათ პირველი ჩვილი, ხოლო  მათი ქალიშვილი მედიკო დაიბადა  1924 წლის პირველ მაისს. ასე რომ,  იმ  „ოციანი წლების ბოლომდე’ , ზაზა აბზიანიძე  ხაზგასმით რომ გვარწმუნებს, პაოლო უცოლო იყოო,  მას  ოჯახიც ჰქონდა, ცოლიც  ჰყავდა და ექვსი წლის შვილიც.  ანუ მთელი მისი ფანტაზიები, მონათხრობი პაოლო იაშვილის ოცი- ოცდაათიანი წლების შესახებ,  პოეტის, რაც შეიძლება, ნეგატიური ფერებით წარმოდგენის მცდელობა, მის  „ცხოვრებასა და შემოქმედებაში  ჩაღრმავების“ შედეგად -  ძალიან ჰაეროვნად  რომ ვთქვათ,  ტენდენციურია და სინამდვილეს არ შეეფერება. 
  არ შეიძლება აქ ადამიანს არ დაებადოს კითხვა, რა უნდა იყოს ამისი  მიზეზი?
რომ ვთქვა, ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერის გონება-მეხსიერებას  წლებმა დასამართი დამართა - მეთქი, იქნება არ იყოს მართალი და თან  ეიჯისტის სახელიც არ ამცდება.
რომ ვთქვა, შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ასე  უცნაურად იმიტომ ‘’ჩაუღრმავდა’ პაოლო იაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომ ელენე ბაქრაძისათვის  ქრონოლოგიური სივრცე გამოათავისუფლა , რომ  როგორც ბრძანებს,  ,,მეტი ინტერესით იკვლიოს’, საგნებსა და მოვლენებს სასურველი კონფიგურაცია მიანიჭოს-მეთქი, - ოპონენტები ფაქტებზე „ჩემად მაცქერალ“ ორივე თვალს დახუჭავენ და განაცხადებენ, ტენდენციურიაო და მე თქვენ გეტყვით, მოსადავებლად გაირჯება ვინმე,  აქამდე როგორც გასვლიათ, ისეც გაუვათ!
არადა, რა ვქნა!
ისღა დამრჩენია, რომ კოლეგებსა და მეტადრე სტუდენტებს, ახალ თაობას ვურჩიო, ძალიან ფრთხილად იკითხონ ზაზა აბზიანიძის  - განსაკუთრებით, ბოლო დროის ნაწერები და  ფაქტების  სხვა, სანდო წყაროებში  გადაუმოწმებლად  ნურაფერს დაეყრდნობიან!

განხილული წერილის გაცნობა შეგიძლიათ ლინკზე
https://apinazhi.ge/journal/531--.html

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები