ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2022


მახჩობელა

ერთი  აწოწილი მსხალი  გვედგა  ჭიშკართან .ჩემი  დიდი  ბებია სონა  ,,მახჩობელას,, ეძახდა. ისეთი  ნაყოფი  ჰქონდა,პირდაპირ  გულზე  ადგებოდა  კაცს და წყალს  თუ  არ  დააყოლებდი ,დაგახრჩობდა,კი. თურმე  მაგის  მირთმევასაც  თავისი  ალო  უნდა. აგვისტოს  ბოლოს  დაკრეფდნენ  და  მერე  მწიფდებოდა თავისით.ის  მახჩობელა  მსხალი  იმიტომ  მახსოვს იმდენი  ხიდან  და  ბუჩქიდან,რომ პირდაპირ  ჭიშკრის  წინ იდგა.სოფელში  ჩასულებს  პირველი  გვეგებებოდა  ჩვენი  კუნაპეტივით  შავი  ძაღლის  მერე, რომელიც  ჭიშკრის  გაჭრიალებისას  წამსვე  ფეხებთან  იწყებდა  გორვას.
ეს  ჩვენი დიდი  ბებია ისე  გადაცდა  ას წელიწადს, მხრებშიც  არ  მოხრილა.ქარივით  დაჰქროდა  და  კაცს  ფეხზე  რავა  უნდა  გეძინოსო, ქოთქოთებდა  დანარჩენი  ოჯახის  წევრების  გასაგონად. უფრო ამ გადაკრულებს  მამაჩემის  გასაგონად  ამბობდა ,ქალაქიდან  ჩამოსული  რომ  ჰამაკში დაიწყებდა გორვას .აბა , მე და  კოკო  ჯერ  კიდევ თითისტოლები ვიყავით. კაცი  თუ  ხარ , წინწიპურივით  უნდა  იყო, აგვისტოში  ,ბოშო, რა  გაძინებს ახალგაზრდა  ადამიანსო.
37  წლის გავხდები წელს  და  დღემდე  არვიცი  ეს  , ,,წინწიპური,,  რა  ჯანდაბაა ,ან  როგორ  დარბის,არც  ის ვიცი,  სულიერია  თუ უსულო,მაგრამ  ვიცი , რომ  სწრაფია  და  მოუხელთებელი,სიცოცხლესთან,შნოსთან და  მარიფათანაა  კავშირში.
აგვისტოს ბოლოა, მარიობაა  ახალი  გადასული.  ეს  მამაჩემი  წევს  ჰამაკში  და  ,,პლანავს,, - აქანა  აუზი მინდა, კალმახს გოუშვებ,იქანა  მარწყვს  მოვაშენებ .წარმოახვაში აშენებს  სოფელს,ბანი აკლია.
-უი,  შენ  გენაცვალოს , დედა  -ეფერება  დედამისი,რომელსაც  გულუბრყვილოდ  სჯერა  შვილის, მარა  სონა  მაგის  ჩიტი არაა, ასე მოტყუვდეს.
,,ე, სხალი  შეალპება  ხეს,საცინლად  აგიგდებენ  მეზობლები ,, -
უხედნის  ყურს  მამაჩემს, მამაჩემი კი ისევ  უყრუებს .სად  წავა  ის მახჩობელა  მსხალი? დღეს  თუ  არა, ხვალ  დაკრეფს,ხვალ  თუ  არა-  ზეგ. მოკლედ,  წევს  იმ ხაშურში  ნაყიდ  ჰამაკში  და აქანავებს  ფეხებს.სონა  ჩუმდება, რომელიც იმ დროისთვის 90 -ს  არის  მიტანებული,სახლის  უკან  გადის  და  ციტახანში  ხის კიბეს მოათრევს, თან  რაღაცას  პუტუნობს  მამაჩემის მისამართით, რა თქმა  უნდა.–ისეთ  ტონალობაში,რომ  სიტყვები  არ  ისმის, მაგრამ  სახის  მიმიკებს  თუ  დავაკვირდებით, კაის  არაფერს  ამბობს.მამაჩემი  უყურებს  თვალებგაფართოებული  და სახეზე  ირინიული ღიმილი  დასთამაშებს:  ერთი  ამას  გამოეცლებოდეს  კიბე, ხო იქნება  ღირსი  ?
აგიხდა  ყველაფერი  კაი : მართლა გამოეცალა  სონას  ფეხებში  კიბე და წამში  ტოტს  წაავლო  ხელი. ახლა ის აქანავებს  ფეხებს  და  კივის. იკადრა  მამაჩემმა  ადგომა  და  წინწიპურივით  გავარდა  ბებიამისის  ჩამოსახსნელად.ორი  კვირა  ხმას  არ  სცემდნენ  ერათმანეთს ,სანამ  მე  არ  შევარიგე.
სონა რომ  გარდაიცვალა,ის  მახრჩობელა მსხალიც  გახმა,კი  გადაბელა  მამამ  ,ამოიყრისო, მაგრამ  ,ვერ  უშველა, ბოლოს  მიაჭრა  ძირში  და  ამონაყარი  დარჩა  .
ერთ  აღდგომას  ,როცა  სოფლიდან  თბილისში  ვბრუნდებოდი, ერთი  ფშანი (ხომ  ასე  ეძახიან  ამონაყარ ხეს?) მოვთხარე,თავის  მიწიანად  ,ბლომად შავი მიწა წამოვაყოლე  და  ვიფიქრე,თბილისში,  ჩემს ეზოში  გავახარებ . ფანჯრიდან  რომ  გავხედავ გამახსენდება  ბავშვობა, ცხელი ზაფხულები,მამულს  მომაგონებს  და  ისე  დავფოფინებდი  თავს  ამ  მახრჩობელა  მსხალს , სულ რო  გონდაკარგული  მთვრალი  მივსულიყავი შინ, წყლის  დასხმა  არ  დამავიწყდებოდა. განა  ყველა ხეს  ვუსხამდი  წყალს?  მუხრანიდან  ჩამოტანილები  დიდად  არ  მადარდებდნენ, თავისით  ნახავდნენ  მიწაში  საზრდოს.ის  დასავლეთის ,ჩემი  სოფლის  ნერგი  უნდა  გამეხარებინა! იქაური  ეზოს  მიწით და  ...
გაიხარა!
ერთი  წელი.
მეორე.
მესამე და  აიწოწა, მარა  რა აიწოწა, წავიდა  ცისკენ.
ყოველდღე  ვეუბნები ცოლს :
-ე, დასავლეთის  ხე,აქაურ  ჯუჯა  ხეებს  კი არ  გავს.ე,ხე  ქვია  ამას!
- რას  მოისხამს ,თორემ ეგრე ალვისხეც  მაღალია .
-მოისხამს,მახრჩობელა  მსხალს!ეგეთი  მსხალი  არც  იქნება  აქეთ!- 
ვიჯგიმები  მე.
მეოთხე  წელს  მოგვცა  ნაყოფი.
ვერ  გავთვალე  მე  სულელმა  და ის  ამონაყარი  პანტა გამოდგა .დაუმყნელად  როგორ  იქნებოდა  მახრჩობელა?
დადის  ჩემი  ცოლი  ეზოში  და  ღორები  მოვაშენოთ,ამდენ  პანტას ვინ  შეჭამსო? დამცინის.
ხოდა  ,ერთ  დღესაც  ავბუზარდი  და  ამოვთხარე  ძირიანად,
მივაგდე  გვერდზე  და  მიდი, მაიტა  მუხრანის  ჭანჭური ჩავრგო,ამის  დედაც  ვატირე  -მეთქი .
მაგრამ  გადასაგდებად  ვერ  გავიმეტე მაინც. ჭიშკარგარეთ  გადავრგე.
სამი დღე  წვიმდა.
დიდი  იმედი  კი აღარ  მქონდა  და  ყოველ  დილით  ,სანამ  მანქანას  დავქოქავდი,დავხედავდი, იქნება და  ჰა..ქნა რამე.
დღეს  დილით გავედი და  ფოთოლმა  შემომაჭყიტა  თვალებში.
გაიხარა ისევ!
წავალ  ამ გაზაფხულს  იმერეთში , ერთი  ბიძაშვილი  მყავს ,მყნობა  იცის,რავა  ვერ  ვისწავლი მეც  და  დავამყნობ ამ პანტაზე  იმ მახჩობელა  მსხალს,
იმას რო  გემო აქ,ის  რო  დავარგდება  ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები