ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2022


* * *

ოთახში შემოსული თვალს მარიდებს.
უხერხულად ჩაახველებს და
ხელების ფშვნეტით მიდის მაგიდასთან,
ტელევიზორის პულტს იღებს,
თითქოს მოლაპარაკე ყუთთან დიალოგის გაბმა რამეს შეცვლიდეს.
სინამდვილეში საკუთარი უმწეობის
დაფარვას ცდილობს.
გაუმხელელი ეჭვები ღრღნიან.
შიში იმისა, რომ
ერთ მშვენიერ დღეს
ფარღალალად დარჩენილი ხმელი ფერდიდან
ფერმკრთალ სოსანებს აღარავინ აუყვავილებს.
არც გადახვევით ეშველება ნეკნთაშორის ღრუს
და წკმუტუნით გალოკილი ჭრილობისგანაც ვეღარასდროს განიკურნება.
მუნკის ,,ყვირილის" ექო ბზარავს
უსახურ კედლებს.
ოთახი ახლა ქვაბულია.
ქვა- განაბული.
ძალას ვიკრებ და
თვლებჩარღვეულ,
მეწამული აბლაბუდებით დაქსელილ
ნოტიო სულს
უკანასკნელად,
გასაშრობად გავკიდებ ქარში,
ვინიცობაა, უთავბოლო ხეტიალისას
მხარაქცეული
უფსკრულის ბნელი სტომაქისგან
გადაარჩინოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები