ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
19 აპრილი, 2022


პაოლო იაშვილი - “რიქშა ვალა”?

#ავდარიანა

ნინო დარბაისელი

პაოლო იაშვილი  -„რიქშა ვალა“?

      ეს სათაური რაღააო?!
        Rikshaw wallah -  ჩინურიდან შემოსული და ინგლისურში  დამკვიდრებული ჩანს. რიქშა ხომ იცით, რაც არის, ორკაციანი, მსუბუქი ეტლია, რომელშიც ადრე ადამიანები ებმებოდნენ და  იმ ადამიანებს ერქვათ  „რიქშა ვალა“. თავად ჩინელებისგან გამიგონია, რომ იაპონელებს სწორედ იმიტომ ვერ იტანენ, ისინი,  ამ რიქშა ვალებად ჩინელებს რომ იყენებდნენ.  წამიკითხავს, ბევრი  ვალა დღეში 10 მილსაც კი გადიოდაო.
    როგორც იდიომი, ნიშნავს
ადამიანს, რომელიც სხვის ჭკუაზე და სურვილზე  დაუღლელად დადის.
       
    ახლა სათხოვარზე:
      ჩემო ძვირფასო, მონატრებულო, ერთგულო ქართველო მეგობრებო, ვერ წარმოიდგენთ,  ახლაც და მუდამ როგორი მადლიერი ვარ თქვენი, მანდაურ ინფორმაციას რომ არ მაკლებთ, ყველაფერს პირადად მატყობინებთ. თქვენი წყალობითაა სწორედ, რომ ხშირად თბილისში რამე მომხდარიც არაა, მე უკვე ვიცი და ახლობელ-ნათესავები არცთუ მთლად ხუმრობით მეკითხებიან, ჩვენკენ რა ხდება, ხომ არ იციო.
      სათხოვარი კი ასეთი მაქვს. ასაკოვანი ადამიანი ვარ მე, თვალები ძველებურად ვეღარ მიჭრის და ხშირად კომპში უსათვალოდ თუ შემოვდივარ,  შეცდომებით ვწერ და შეცდომით ვკითხულობ რაღაცეებს.  შესაძლოა, ამის გამო,  დასკვნებიც მცდარი გამომივიდეს, თქვენს გამოგზავნილ რაღაცეებს  თუ დამატებით, სათვალით არ გადავამოწმებ.
      ეს ოხერი კი სულ მეკარგება.
      ისიც გასაგებია, რომ უარს მეუბნებით, როცა მინდა დაგასახელოთ, როგორც წყაროს მომძიებელი და მადლობა საჯაროდ გადაგიხადოთ. ქართველი ვარ მეც და ვიცი,  თუ რა ძნელია,  ამ ერთი ბეწო თბილისში ან ქუთაისში, საკუთარ  საარსებო სივრცეში, სადაც ბესიკ ხარანაულის თქმისა არ იყოს, ერთ კონცერტზე და ერთ გასვენებაში ნახავ მთელ ქალაქს, და სადაც ყველა ყველას ნათესავი, ყვავი-ჩხიკვის-მამიდა,  ნათელ-მირონი,  ახლანდელი ან ყოფილი თანამშრომელი, მოყვარე (ან მტერია), ვინმე მომდურებული გყავდეს, თუნდაც სიმართლის გულისათვის.
  ჩემი საქმე სხვა არის. მე მაგ მოთუხთუხე ქვაბს  მაინც შორიდან დავცქერი. კი მეუბნება დედაჩემი,  მთლად ისე ნუკი იზამ,  მეზობელ-ნაცნობები  ფეისბუქზე შენი  ნათქვამების გამო,  საკოცნელ პირს მარიდებდნენო, მაგრამ გულითაც ხომ ბევრნი ესალმებით და ეყოს!
      თქვენდამი ეს ზოგადი,  წრფელი  რევერანსები  ხომ მოვილიე და უმჯობესია, კონკრეტულ საქმეზე გადავიდე.
      დღეს ერთმა ძალიან ძვირფასმა ადამიანმა  ოსკარ შმერლინგის ეს კარიკატურა გამომიგზავნა. ზედ აწერია:
‘’აკაკის იუბილე ქუთაისში. შარჟი ოსკარ შმერლინგისა. ეტლში შებმულ ჭაბუკთა შორის არიან ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, ს. ყაუხჩიშვილი და სხვ..“
      ოსკარ  შმერლინგის, როგორც კარიკატურისტის ხელწერას კი ბრმად იცნობს ქართველი მკითხველი, მაგრამ სხვა რამემ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ... როგორაა ის ანდაზა?! მელას რაც აგონდებოდა, ის ესიზმრებოდაო’ თუ რაცაა! ვუყურებ და ეტლში შებმულთა შორის ელენე ბაქრაძე მელანდება,... არა, ვხედავ!
      ეს ხომ ყოვლად წარმოუდგენელია!
    ჯერ ერთი,  აკაკის იუბილე, რომელიც  ჯერ თბილისში  დაიწყო, უსასრულოდ გაგრძელდა და საერთაშორისო  მასშტაბები მიიღო,  პრაქტიკულად დიდ ეროვნულ მოძრაობად იქცა.  (ეს ამბები - გურამ შარაძეს წიგნადაც კი აქვს გამოცემული).ეს იუბილე  ისეთ დროს ჩატარდა, - ილიას სიკვდილიდან ერთი  წლის მერე, რომ მაშინ ელენე ბაქრაძე ათი წლისა ძლივს იქნებოდა და „ცისფერი ყანწების“ გამოსვლამდეც  კი მთელი 7-8 წელი იყო დარჩენილი.
    კარგი, 1894-ში დაბადებული  პაოლო  იაშვილი  აკაკის საიუბილეო წელს უფროსკლასელი,  ასე 14 წლისა იქნებოდა, ყმაწვილი და  მასთან ერთად სხვა ყმაწვილებმაც პატივად და ბედნიერებად  ჩათვალეს ამ აქციაში უფროსებთან ერთად მონაწილეობა 1808 წლის 14 დეკემბერს, საღამოს რვა საათისთვის.
    მეორეც  - ქუთაისელი ადამიანების  შებმა აკაკის  ეტლში -  უცხენობით ხომ არ იყო გამოწვეული,  არა? ეს  მათი მხრით  იყო აქცია, ოკაზიონური  ანუ  გამონაკლისი საქციელი...
      (ლირიკული გადახვევა:  გამახსენდა  გალაკტიონ ტაბიძის დღიურებიდან,  როგორ უნდოდა  მას მეფე-მგოსნის -  აკაკის იუბილეზე დასწრება, მისი  დანახვა ახლოდან, როგორი გულდაწყვეტილია, რომ არ გამოუვიდა... საბედნიეროდ, მერე აკაკისთან გადაღებულ სურათშიც კი მოხვდა, მართალია, სადღაც მარცხენა კუთხეში, სულ ბოლოში  დგას და როგორ არ სცადა  ფოტოგრაფების დახმარებით „ახლოს მისვლა“, მაგრამ  ბევრი არაფერი! მისთვის ეს უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი იყო ბოლომდე).
      ჰო,  ეტლში შებმაზე ვლაპარაკობდით!
        ხომ როგორ აღმერთებდა აკაკის მთელი ქუთაისი,  დარწმუნებული ვარ,  ოსკარ შმერლინგიც, მაგრამ მის მახვილ კარიკატურულ კალამს მაინც არ გამორჩა ეს ფაქტი თავის ენაზე გადმოუყვანელი.
      აი, სათვალეც მოვიმარჯვე და ახლა დარწმუნებით ვამბობ, ოსკარ შმერლინგის კარიკატურაში ბაქოელი თუ ზოგადად აზერბაიჯანელი  მხატვრის  ცნობილი გრაფიკული ნამუშევრიდან, ელენე ბაქრაძის სახე ფოტოშოფით არის ჩამატებული!
      სწორედ ამიტომ სჭირდება ყველა ფაქტსა და დოკუმენტს ყველა შესაძლო გზით გადამოწმება. რომ დამედო ახლა  პირდაპირ ფეისბუქზე,  ხომ მომეჭრებოდა  ეს პატიოსანი თავი დუნია-ქვეყნის წინაშე, სხვა ყველაფერი რომ არად ჩავაგდოთ!
    ვენაცვალე ჩემს ოფთალმოლოგს, გადარჩენილი ვარ!
    მაგრამ ფიქრი ოხერია, არ ჩერდება!
ელენე ბაქრაძის მონათხრობიდან ვიცით, პაოლო ჩემი გულისთვის მეგობრებთან ერთად  ეტლში  შეება და ასე გამაცილაო, მეგობრებში დაახლოებით იგივე შემადგენლობა უნდა ვივარაუდოთ,  მისი განუყრელი ტიციან ტაბიძე მაინც ...
ო, ღმერთო, რა რომანტიკულია!...
      თუმცა,  რაკი აგერ არსებობს ფაქტი, რომ პაოლო მეგობრებთან ერთად  ნამდვილად შეება ეტლში, ოღონდ აკაკისაში, რა ვქნათ?
    მეორე მხრივ,  არსებობს ელენე ბაქრაძის მოგონება, ეტლში ჩემი გულისთვის  შეებაო,..
      აი, სწორედ აქ გვინდა ლოგიკური აპარატის ამუშავება!
      რომ დავუშვათ, თითქოს პაოლო ცხოვრებაში ორჯერ შეება ეტლში როგორც“ რიქშა  ვალა“, ხომ გადაირეოდა მთელი ქუთაისი,  - ამ ჩვენი მდიდარი ჯიბილოს ბიჭს  ეს რა დაუწყიაო. ადრე ხომ აკაკის ეტლში შეება,  მეგობრებთან ერთად, ახლა ერთ ქალზე გადარეულა იმნაირად, რომ აღარ დაეძებს, რომ იმ აქციის გამეორება დააკნინებს  მომხდარსო,  1915 წელს ახლადგარდაცვლილი  აკაკის ხსოვნის აგდებაც  ხომ გამოდის? ამაზე გაჩუმდებოდა არა,  მთელი ქუთაისი?!
      რა ვქნათ ახლა,  როგორ მოვნახოთ გამოსავალი, რომ არც თვითმოწმე  ელენე ბაქრაძე გამტყუნდეს და არც ამ კარიკატურასა და სხვა წყაროებითაც ცნობილ ფაქტს დავუხუჭოთ თვალი.
      არის გამოსავალი!
        ის ხომ გახსოვთ, ელენე ბაქრაძე რომ წერდა, ჩემს ნათესავებთან, ელენე კურცხალიას ოჯახში სუფრაზე ვიჯექით, მთვარის შუქზე ყანწს ცისფერი ფერი ჰქონდა, მე წამოვიძახე ‘’ცისფერი’ ყანწიო’’ და ჟურნალს სახელი ამის მიხედვით დაერქვაო.
და კიდევ ერთხელ:
- ღმერთო, რამხელა რომანტიკაა, რა მოხდება, ბარემ  ნამდვილიც იყოს!
    ერთ ოპუსში იმ ოჯახის წევრის ეთერ კურცხალიას წერილი რომ დავდე (გ. „“ლიტ. საქართვ, 2013, 58, 23 აგვისტო) ეს ამბავი ჩემს ოჯახში კი მოხდა ნამდვილად, მაგრამ ელენე ბაქრაძე ჩვენი ნათესავი არ არის,  სტუმრები სულ კაცები იყვნენ, ქალი იქ არავინ ყოფილა და სახელი ‘’ცისფერი ყანწები’ პაოლომ წამოიძახაო. ისიც ხომ ეწერა იმ წერილში, ძალიან გვიან ეგ  ქალი, ელენე ბაქრაძე ჩემიანებს შემოეჩვია, პაოლოზე წერილი უნდა დავწერო და ყველაფერი მიამბეთო და მერე მონააყოლში თავისი თავი ჩასვაო და ასე შემდეგ, ყველაფერს  მე ნუ მომაყოლებთ ახლა, დევს ის წერილი ჯგუფში’’ ცისფეწრყანწელთა ხსოვნისათვის“ და თვითონ წაიკითხეთ, თუ  ეს ყველაფერი უფრო ზუსტად გაინტერესებთ.
      მაშინ, იმ ერთხელ  ხომ გახსოვთ, როგორ ვიხსენი ელენე ბაქრაძე,  ტრავესტის, ანუ გადაცმის ცნობილი ამბის მოშველიებით. ვთქვი, აბა ახლა  ჩემს  ჭორიკანა  ბებიეთში გათხოვილი ქალი მთლად თავისუფლად ხომ ვერ ივლიდა  სახელგანთქმული კაცების მთელ გუნდთან ერთად ,  ამიტომ ალბათ  ვაჟურად იცვამდა და ულვაშებსაც  იწებებდა-მეთქი. ამიტომ ეგონათ მასპინძლებს, რომ სულ კაცები ჰყავდათ სტუმრად. ახლა ეს “აღმოჩენა”  რამენაირად შმერლინგის კარიკატურასაც მივუსადაგოთ.
    იგი შესრულებული უნდა იყოს არა 1908 წელს, არამედ 1915- ში, ხოლო აკაკი,  სინამდვილეში  - აკაკი კი არაა, ელენე ბაქრაძეა, გადაცმული  კაცად, თეთრი წვერ-ულვაშით,  აკაკის როლში.
      რაო?
      რაღა ვქნა, თუ დამიმტკიცეს, რომ კარიკატურა ნამდვილად 1908 წელსაა გამოქვეყნებული?!
      ერთი წამით მაფიქრეთ!
        არის!
      დიახ,  და ეს 10 წლის ელენე ბაქრაძეა, აკაკის როლში. თუკი 18 წლის ასაკში ,,დარიანული დღიურების” ლამის ყველა მნიშვნელოვანი ლექსი უკვე დაწერილი ჰქონდა, მსახიობობა - გაცილებით ადრე, ბავშვმა დაიწყო და პაოლოსადმი მარადიული სიყვარულის კვირტიც მაშინ გამოენასკვა გულში!
პირველი ქართველი მსახიობი ბავშვი!
ღმერთო, რამხელა რომანტიკაა!

      ესეც „გაპრავდა“!

და ისევ ჩემი  სამარკო მინაწერი:
„ ვაპრავებ  შეღავათიანად,  სწრაფად და ხარისხიანად, პოსლეზე, გადახდა - ნაღდით!

იკითხეთ ბუტკის მარცხნივ ხრიდოლა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები