ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 მაისი, 2022


ცისფერი ქოლგა ანუ სათაურის პოეტიკა პაოლო იაშვილის შემოქმედებაში

#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
#ლედი_გოდივა

ნინო დარბაისელი სტრონი

ცისფერი ქოლგა ანუ სათაურის პოეტიკა პაოლო იაშვილის შემოქმედებაში

პაოლო იაშვილის  ერთ-ერთი ბოლო ლექსი ‘’ელენე დარიანის დღიურებიდან ‘ ცისფერი ქოლგა“ 1922 წელს, ჟურნალ „მეოცნებე ნიამორების“ მეშვიდე ნომერში გამოქვეყნდა.

ც ი ს ფ ე რ ი  ქ ო ლ გ ა

მე სოფლის ამბავს შენ მოგიყვები,
(შენ რომ ჰკოცნიდი ტუჩების კიდეს;)
ისე დაზდილან ჩვენი იხვები,
რომ პეპლაობა დაიწყეს კიდეც.
შემომეჩვიენ ჩუმი მტრედები.
თმას მიხილავენ ლურჯ ნისკარტებით,
ამ სიყვარულით ნაიმედები
თავს ვიმშვიდებდი სოველ ვარდებით.
ვკითხულობ ვაჟას. ვიძულებ პოეს,
ვნატრობ სუსხიან მწარე ამიდებს;
ზურგს ვუფხან დღისით პატარა ხბოებს
და საღამოზე ვიფერავ თითებს.
ვწოვ ყურძენს, როგორც მკივანა ბზიკი,
ტყეში ვნახულობ მე წითელ სოკოს;
ხან მღვრიე მაჭარს ვსვამ რგვალი ჭიქით,
ხან ვგავარ სოფლის მკერდ-სავსე გოგოს.
წვიმაში ვარჩევ სიმინდის ტაროს
და ლამაზ ტაროს ვაკოცებ უცებ,
მერე კი ვათევ ღამეს უმთვაროს
და ეჭვით სავსე გულს არ ვახუცებ.

1922. სექტემბერი

სოფ. ავლევი

ჟანრულად  - ესეც პოეტური ეპისტოლეა. პაოლო იაშვილის  იმთავითვე, განსაკუთრებული ყურადღება  და მუშაობა  ამ ჟანრის გასავითარებლად აღნიშნული აქვს არაერთ მკვლევარს, მათ შორის - ლევან ბრეგაძეს.
  გარდა ამისა, შეიძლებოდა გვესაუბრა  მოდერნისტულ  ბუკოლიკურ ლირიკაზეც, ანუ მისი ჟანრობრივი „ფრეიმი“ ამ ორ  პუნქტს შორის არის თითქოს საძიებელი.    მე აქ გამოვიყენე სიტყვა „თითქოს“ და შევეცდები,  მოგვიანებით განვმარტო მიზეზი.
პაოლო იაშვილს  და ზოგადად ცისფერყანწერლებს, მისი თავკაცობით,  სურდათ,  ახალი პოეზია შეექმნათ  ერთი მხრით  ნააღმოსავლარი ეროვნული და  მეორე მხრით, ევრო-ამერიკული  ტრადიციების გადაკვეთის წერტილში. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სხვა ოპუსებში,  და სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
სატრფიალო  ეპისტოლური  ჟანრის საუკეთესო ნიმუში, და მე ვიტყოდი, მწვერვალი ქართული პოეზიისა ეს არის ,,ვეფხისტყაოსნიდან ,,ნესტანის წერილი საყვარელთანა მიწერილი“, რომლის  მოდერნისტულ პაროდიად და კიდევ რაღაცად,  შეიძლება იქნეს გააზრებული ლექსი  ,,ცისფერი ქოლგა“.
პაოლოს ლექსში  სიტუაცია  ვეფხისტყაოსნის პარალელურია: (პაროდირების პირობა) -  ქალი დაშორებულია სატრფოს, ჩაკეტილია/მისგან იზოლირებულია  რაღაც სივრცეში და  ატყობინებს რაიმე ისეთს, რომლის მნიშვნელობაც მხოლოდ ორმა იციან.  კოდებია, რომლის დეკოდირებაც მხოლოდ ადრესატს შეუძლია და პოტენციური მესამე თვალი, რომელიც მუდამ იგულისხმება მესიჯის მიწვდის გზაზე, ვერ უნდა მიხვდეს, რას ამბობს  შეტყობინება.
სხვათა შორის, ყაზახურ ფოლკლორში, იქნებ სხვაგანაც,  არსებობს ასეთი  რამ: მცირე ფორმის ლექსები, რომლის შინაარსი ზოგჯერ უპრიმიტიულესადაც მოგეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში მათში კოდირებულია ინფორმაცია, რომლის გაგებაც მხოლოდ ადრესატს შეუძლია. ამას თავისი ახსნა აქვს.
ყაზახები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, ინფორმაციის ერთმანეთისთვის გადაცემის გზად -  სტუმარი -„მესინჯერი’ რჩებოდა.  პირდაპირი  ტექსტის  შეტყობინება  - როგორიცაა სამხედრო საიდუმლო, სასიყვარულო ამბები და ასე შემდეგ -  გასაგები მიზეზების გამო,  არ სჭირდებოდა ავტორს. სხვას არ უნდა გაეგო ნამდვილი შინაარსი, ამიტომ მიმართავდა საკომუნიკაციოდ ლექსის მცირე ფორმაში ჩადებულ კოდებს, რომლის დეკოდირებაც მხოლოდ რეციპიენტს შეეძლო. მაგალითად,
ცხვარმა  - ბატკანი მოიგო
მეცხვარემ ვერა გაიგო.
შეიძლება ნიშნავდეს, ფეხმძიმედ ვიყავი, შვილი შემეძინა, მამაჩემი წასულია და ჯერ არ გაუგია.
სხვათა შორის,  თანამედროვე ანეკდოტებიც იყენებენ ამ ხერხს.  ცოტა გავმხიარულდეთ:
ცოლიანმა კაცმა  ფეხმძიმე საყვარელს დაუბარა,  შვილი რომ შეგეძინება,  თუ გოგოა, მომწერე ჰამბურგერი ვიგემე, ხოლო თუ ბიჭი - სოსისიო.
დათქმულ დროს მისდის წერილი.  ორი ‘’ჰოთდოგის’  და ერთი ჰამბურგერის ჭამით ლამის მოვკვდიო.
გავიცინეთ? !- გვეყოფა,  საქმეს დავუბრუნდეთ!
***
ეს ლექსი  კი არის ეროტიკული,  მკითხველიც აშკარად გრძნობს მის ამგვარობას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დასაბუთება გაუჭირდება.
რა განაპირობებს მის ამგვარ შთაბეჭდილებას?
-  ზოგადად ელენე დარიანის’დღიურებიდან’’ მოყოლილი ინერცია თუ კიდევ სხვა რაღაც, რომელიც  ნამდვილად არსებობს, მაგრამ მოუ-ხელთ-ებელია. ანუ  ადვილად ხელშესახები ვერაა.
  პაოლო იაშვილისეული მანერით, მთავარი კოდი  აქაც ლექსის სათაურშია, ამავე დროს, ტექსტში დამატებითი გასაღებია ხოლმე შენახული.
ლექსს ჰქვია ‘’ცისფერი ქოლგა’ - რა ცისფერი, რა ქოლგა!
რა შუაშია ამ სოფლურ ამბებთან  ქოლგა და თანაც ცისფერი - ეს ურბანისტული აქსესუარი?
ლექსში ხომ გადმოცემულია  სოფლური ყოფის სურათები! ნახსენებიც არაა რაიმე, ქოლგის მაგვარი, კონოტაციურ ველშიც კი არ მოიაზრება.
მაძიებელი ნატურის მკვლევარი სასწრაფოდ სიმბოლოთა ათასგვარ საცნობარო ლიტერატურას მიაშურებდა,  მაგრამ ამაოდ მოცდებოდა (მეც მათ მიმათვალეთ - მოკრძალებით თქვენი  ნდს)
ერთი პირობა ისიც შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ რაღაც ტიპოგრაფიული შეცდომის წყალობით გაჩნდა ეს  პრინციპულად, ლექსთან დაპირისპირებული სათაური, რომელიც ვიღაცის, სხვის ლექსს ეკუთვნოდა, ანუ როგორც ძველები იტყოდნენ, ‘’ჩაფრინდა სტრიქონი...’ მაგრამ, არა! მთელს მეშვიდე ნომერშიც  არაფერია ისეთი, ამ სიტყვებს ‘’ცისფერი ქოლგა’ -  სადმე რომ მოირგებდეს.
ისღა დაგვრჩენია,  როგორც იტყვიან,  დავისველოთ ფეხი წყალში და ტექსტს ჩავუღრმავდეთ:
ჩვენს წინაშეა სათაურად გატანილი ორწევრიანი სინტაგმა’
მისი პირველი წევრი  ‘’ცისფერი’ – „ცისფერი ყანწებიდან“ და მთელი სიმბოლისტური ტრადიციიდანაც, ალბათ  სკოლის მოსწავლემაც იცის, რომ  მარად მიუწვდომლის, მიღმიერის და ა’შ  სიმბოლოა. კიდევაც რომ არ იცოდეს, ბარათაშვილის ‘’ცისა ფერს’ ხომ აქვეა.
ქოლგა- რა არის ქოლგა?  უტილიტარული გაგებით, ეს არის წვიმისა და მზისგან  საფარი, საცავი, ერზაცულად - ვუალი,  რიდე, რომლის მიღმაც რაღაც, რაიმე  იდუმალი- საიდუმლოა. გამოთქმაც ხომ არსებობს ასეთი - “ერთი ქოლგისქვეშ მოქცევა’,  რაღაცასთან გაერთიანება.
ანუ ავტორი ამ სათაურით გვეუბნება, რომ სიმბოლისტური ,  - ცისფერყანწული საფარის ქვეშ რაღაც საიდუმლოა მოქცეული და რაღაცასთან გაერთიანებული, მაგრამ რა?
წეღან სიტყვა-გასაღები ვახსენე. ეს სიტყვა არის  ორტაეპედიდიან:
‘ისე დაზრდილან ჩვენი იხვები,
რომ პეპლაობა დაიწყეს უკვე’
ეს სიტყვაა „პეპლაობა“. სოფლური ყოფით მაცხოვრებელი პირისთვის  -
‘პეპლაობა’ ჩვეულებრივი რამაა, რასაც ბავშვობიდან შესცქერის და ფერტილაციას ემსახურება;  ადრესატისთვის კი, რომელიც არასოფლურ გარემოში ივარაუდება, ეს სიტყვა- კოდია.
რა ჰქვია იხვს ‘’დასაზრდელ ფაზაში’
რა ჰქვია და  „ჭუჭული“ -  ხომ არ გაგონებთ ეს სიტყვა ფალოსის  ევფემისტურ, საბავშვო,  სახელწოდებას?
შეიძლებოდა, აქ აგრეთვე გვემსჯელა კუთვნილებითი ზედსართავის ‘’ ჩვენის’’ შესახებაც.
ფროიდისტული იდეები ოციანი წლების საქართველოში ძალზე პოპულარული იყო. გავიხსენოთ 1927 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა მიხეილ ჯავახიშვილისა ‘ კურდღელი’ და მისი  ფროიდისტული კუთხით ანალიზი, რომელიც თეიმურაზ დოიაშვილს ეკუთვნის.
მეორე პლანი ამ ლექსისა პირველს სწორედ  სახეთა ფროიდისტული  გაგებით უკავშირდება, მაგალითად დიდი გამოცნობა არ უნდა, რომ ამ ნაივურ-ქოლგური სახის მიღმა, მეორე პლანიდან  ერეგირებული ფალოსი გამოსჭვივის, ეს მოვლენა ფიქსირებულია ჟესტით ‘’ სიმინდის კოცნით’:
წვიმაში ვარჩევ სიმინდის ტაროს
და ლამაზ ტაროს ვაკოცებ უცებ,
სოკო რომ პირდაპირ, “კლასიკური” ეროტიკულ- პორნოგრაფიული სიმბოლოა და  ამავე სფეროს უკავშირდება,  -  ესეც ნათელია.
შეიძლებოდა საუბარიც მღვრიე  მაჭრის გამოკვეთილად “ რგვალი ჭიქით სმაზეც“ , თითქოს ჭიქა სხვა ფორმისაც არსებობდეს, ხოლო რაც შეეხება სტრიქონს:
ვწოვ ყურძენს, როგორც მკივანა ბზიკი,,  - არ მგონია, ასევე, დიდი ახსნა სჭირდებოდეს.
  ვარდი, როგორც ვაგინის სიმბოლო, სიმბოლიზმამდელია,  შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე არქაულიც .’სოველი ვარდი’ - იმერიზმით გადმოტანილი პირველ პლანში,  იმის მაგალითია, თუ როგორ კავშირდება სოფლურ-ნაივურ-ქოლგური და პორნოპლანები  ერთმანეთთან.  სწორედ ამიტომ მოვიხმე ამ წერილის დასაწყისში სიტყვა ‘’თითქოს“
***
დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას:
პაოლოს ლექსი ‘’ცისფერი ქოლგა’ მისი კიდევ ერთი წარმატებული ცდაა
ეროტიზმის გამოსახვის ქართული გზის პოვნისა.
  იგი წარმოადგენს ორპლანიან ლექსს, რომლის ფასადი- ქოლგაც -  ეპისტოლურად გადმოცემული სოფლური ყოფის სურათებია, ხოლო ამის მიღმა, მეორე პლანი- უკიდურესად პორნოგრაფიულია, ამ პლანების  მიახლოება- გადაკვეთის წერტილებში რეციპიენტი ღებულობს ეროტიკულ ინფორმაციას.
მასში ჩადებულია  მაშინდელი ქართული რეცესიული სექსუალური კულტურისთვის ჯერჯერობით  სრულიად უცხო გამოცდილება, რომლის პრაქტიკული შეძენაც, როგორც მისი  ცხოვრებისეული, ბიოგრაფიული რეალიების ცოდნა ლოგიკურად მაფიქრებინებს, ავტორს ნამდვილად შეეძლო საფრანგეთში, პარიზში, მონმარტრზე, რომელიც გარდა სხვადასხვა რანგის ხელოვანთა, მათხოვრებისა და პროსტიტუტების ბუდეც იყო...  და თუ  ამ ლექსის შექმნისას ქალის მონაწილეობაზე შეიძლება ლაპარაკი, იმ ქალს უთუოდ უნდა ჰქონოდა ფრანგი პროსტიტუტის  ორალური  გამოცდილება.
შეგახსენებთ, რომ შარლ ბოდლერის“ მთელი  სიცოცხლის სიყვარული“, რომლის არსებითაც სავსეა  კრებული ‘’ბოროტების ყვავილები’’, და რომლის ფაქტორიც განაპირობებს სწორედ ამ კრებულის ეროტიკულ-პორნოგრაფიულ შინაარსს- ჟანა დიუვალი - გაურკვეველ აღსასრულამდე პროფესიონალი პროსტიტუტი იყო და მან იმ დროისთვის უკურნებელი სენი შეჰყარა  შარლ ბოდლერს.
ასევე, ცნობილია, რომ ამ  წიგნის  სამი თუ ოთხი  ლექსი, სწორედ  პორნოგრაფიულობის გამო,  სასამართლომდეც მივიდა და აიკრძალა, მაგრამ ამავე დროს, მიუწვდომელის, მარადქალურის  პოეტური კონცეპტიც ხომ  ჟანას სახეში იყო ჩადებული.
ამიტომაა, რომ  ფრანგულით ნასაზრდოები რუსული სიმბოლისტური ეროტიკული  გამოცდილებაც უკიდურესად მიუწვდომელ  მარია/სოფია/უცნობ ქალსა და მათ უკიდურესად დამდაბლებულ ვერსიას -  პროსტიტუტს - შორის მიმოიქცევა.
  ,,ფერად ბუშტებში” პაოლომ ხომ სწორედ პროფესიონალი პროსტიტუტის ამბავი ასახა.  კარგია თუ ცუდი, გასული საუკუნის დასაწყისში ჩვენში ეს სფერო სამოყვარულო დონეზე რჩებოდა.

***
ერთი ლირიკული გადახვევა: ჩემს ბავშვობაში იატაკის ჯოხები დიდ ხმარებაში იყო. ხალათი ან კაბა რომ გაიცვითებოდა, ბებიაჩემი მკლავებს და ღილებს, ელვა შესაკრავს და ასე შემდეგ  დააჭრიდა,  შუაში გახვრეტდა და იატაკის მოსაწმენდად იყენებდა.  მახსოვს, დავცქეროდი ერთხელ შიდა კიბის თავზე მჯდომი ამ საქმიანობით დაკავებულ ბებიაჩემს  და ვფიქრობდი, აი, ესაა ცხოვრება: კარგი კაბისგან იატაკის ტილო გამოვა, საუკეთესო იატაკის ტილოს კი  კაბად ვეღარ აქცევ... ალბათ მაშინ იფშნეტდა თვალებს ჩემში პოეტი.
ბევრი რომ არ  გავაგრძელოთ,  ამ მცირე ოპუსს ბოლოში ვურთავ ელენე ბაქრაძის ხელნაწერს და დასკვნა თავად მკითხველმა გამოიტანოს.
(ტექსტი უსათაუროა)

* * *
მინდა გიამბო სოფლის ამბავი,
და შენ დაჰკოცნი ამ ტუჩებს კიდევ,
ცას აზიდულან ჩვენი ვერხვები,
მზეს უგზავნიან ჩემს ლოცვას ისევ.
შემომეჩვიენ ჩუმად გვრიტები,
ჩემს მხრებზედ მკვირცხლად დანავარდობენ,
მათი ჟღმურტულით ნაიმედები,
აღარ მაწუხებს მძიმე დარდები.
ვკითხულობ ვერლენს, ვკითხულობ პოეს,
შენგან მოველი წიგნს დანაპირებს,
ზურგზედ ხელს ვუსვამ პატარა ხბოებს,
შემდეგ წყაროზედ ვიხეხავ თითებს.
ვაზს შევუჯდები და მტევანს ვკიკნი,
ტყეში დავდივარ, დავეძებ სოკოს,
ხან მაჭარს დავლევ ხის თლილი ჭიქით
და ვეზიდები ყურძნიან გოდორს.
წვიმიან დღეში სიმინდის ტარო
მე მომაგონებს არგვეთის ცუდ დღეს,
ჩამომადგება ღამე უმთვაროდ
და იჭვით სავსე აზრი მახუცებს.

სოფ. მერეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები